საერთაშორისო დასახელება:

ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, დექსტროზა;

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი,” საქართველო.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეჰიდრატაციული პერორალურად მისაღები საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი პაკეტებში, 20.82 გ და 4.16 გ. 

1 (20.82 ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 2.6 გ; კალიუმის ქლორიდს – 1.5 გ; ნატრიუმის ციტრატს – 2.9 გ; უწყლო გლუკოზას – 13.5 გ.

დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.

1 (4.16 ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 0.52 გ; კალიუმის ქლორიდს – 0.3 გ; ნატრიუმის ციტრატს – 0.58 გ; უწყლო გლუკოზას – 2.7 გ.

დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აისოლი წარმოადგენს ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორეგირებელ საშუალებას. ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს პრეპარატი აღადგენს წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას.

ფარმაკოკინეტიკა:

აისოლი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ სივრცესა და უჯრედებში.

მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლოა პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენებები:

წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე დიარეის დროს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციით (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);

თერმული დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევასთან;

წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც აღინიშნება ინტენსიური ოფლდენა.

მიღების წესი და დოზირება:

აისოლი მიიღება პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად.

1 (20.82 ) პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში, ხოლო 1 (4.16 ) პაკეტის შიგთავსი – 200 მლ  გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აისოლის მომზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.

– მოზრდილებსა და მოზარდებში მსუბუქი ხარისხის დეჰიდრატაციის დროს მიიღება ხსნარის 50 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 4-6 სთ-ის განმავლობაში;

– საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს – 100 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 6 სთ-ის განმავლობაში. მისაღები ხსნარის რაოდენობა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.

– თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად მსუბუქად მიმდინარე დიარეის დროს მიიღება დღეში 100-200 მლ/კგ სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე.

– მძიმედ მიმდინარე დიარეის დროს –  15 მლ/კგ სხეულის მასაზე  ყოველ სთ-ში, დიარეის შეწყვეტამდე.

– ბავშვებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს საწყისი დოზაა 50 -100 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 4 სთ-ის განმავლობაში, შემდგომში მიიღება დღეში 100 მლ/კგ-მდე სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მისაღები ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.

– ხსნარი ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ სუფთა კოვზით ან  ჭიქით. ბოთლით ხსნარის მიცემა დაუშვებელია.

– მცირე ასაკის ბავშვებში ხსნარის პირში ჩასაწვეთებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პიპეტი.

–2 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 ჩაის კოვზი ყოველ 1-2 წთ-ში. ღებინების შემთხვევაში რეჰიდრატაცია უნდა შეწყდეს 10 წთ-ით და შემდეგ გაგრძელდეს დაბალი სიხშირით (1 ჩაის კოვზი ყოველ 2 წთ-ში).

თერმული ზემოქმედების დროს წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), აისოლის ხსნარი მიიღება 100-150 მლ ულუფებით 500 დან 900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში,

შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარი მიიღება იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და თერმული დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე.

– ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაკტიკისათვის, პრეპარატი მიიღება ულუფებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები:

აისოლის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი; ნაწლავთა გაუვალობა; ჰიპერკალემია; მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აისოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის შესწავლილი.

აისოლის ხსნარს გააჩნია სუსტი ტუტე რეაქცია, აქედან გამომდინარე შესაძლოა იმოქმედოს იმ პრეპარატების ეფექტურობაზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის pH-ზე.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: შესაძლოა განვითარდეს ჰიპერნატრიემია (სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა); თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი.

მკურნალობა: დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.

ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის კორექცია საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეკომენდებული დოზებით აისოლი შესაძლოა დაინიშნოს ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები:

მძიმე დეჰიდრატაციის კორექცია ხდება რეჰიდრატაციული საშუალებების ი/ვ შეყვანით, შემდგომ შესაძლოა დაინიშნოს აისოლი.

მომზადებულ ხსნარში შაქრის დამატება დაუშვებელია.

პაციენტებს,  რომელთაც დეჰიდრატაცია განუვითარდათ თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე, რის დროსაც დაირღვევა მჟავა-ტუტოვანი, ელექტროლიტური ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, აისოლით თერაპიის დროს ესაჭიროებათ მონიტორინგი.

საჭიროა ექიმის კონსულტაცია თუ აისოლის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:

შენელებული მეტყველება, გადაღლილობა, ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება (39ºC-ზე მეტი), შარდის გამოყოფის შეფერხება, 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობის დიარეა, დიარეის უეცარი შეწყვეტა და ძლიერი ტკივილის განვითარება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

აისოლი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები:

ინახება 15 – 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი ინახება 2 – 8ºC ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები