სახსრის ჩირქოვანი ანთება მასში მიკრობების შეჭრის შედეგად ვითარდება. მიკრობები სახსარში სხვადასხვა გზით ხვდება: პირდაპირი გზით (ტრავმებისა და ჭრილობების დროს), ლიმფოგენური გზით გვერდით მდებარე ჩირქოვანი კერებიდან (ლიმფადენიტი, ოსტეომიელიტი და სხვა). გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, პნევმოკოკი და სხვა. შერეული ფლორის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
ჩირქოვანი ართრიტი შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ასევე – გამოწვეული ჩირქოვანი ან სპეციფიკური ინფექციით (გონორეით, მუცლის ტიფით და სხვა). კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე, ასევე – იმ დაავადების სიმძიმეზე, რომლის გართულებასაც ართრიტი წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩირქოვანი ართრიტის დროს პათოლოგიური პროცესის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც მცირე მოძრაობაზეც კი ძლიერდება. კიდური დამახასიათებელ მდგომარეობას იღებს. მაგალითად, სხივ-მაჯის სახსრის დაზიანებისას ხელი ოდნავ მოხრილია და გარეთ არის გაწეული. დაზიანებული სახსრის არეში ტემპერატურა მომატებულია და მასზე ზეწოლისას ტკივილი ჩნდება. საწყის სტადიაზე საერთო სისუსტე და ტემპერატურის მკვეთრი მატება არ შეიმჩნევა. აღინიშნება კანის სიწითლე და ოფლიანობა. თუ ჩირქოვანი პროცესი აზიანებს სახსრის და კუნთების შემომფენ ფასციას, მაშინ ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება. ამ დროს არცთუ იშვიათად საერთო მდგომარეობა მძიმეა, შეიმჩნევა კანის საფარველის სიყვითლე, შემცივნება, ცხელება და ბოდვა. ავადმყოფებს უყალიბდებათ სეპტიკოპიემია.
სასახსრე ჩანთიდან ჩირქის გადინება ადგილობრივ სიმპტომებს (კონტრაქტურას, ტკივილს და სხვას) ამცირებს, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ზოგჯერ უარესდება კიდეც ჩირქოვანი ინტოქსიკაციის გაძლიერების შედეგად. მყეს-იოგოვანი კავშირები ირღვევა და ხშირია ამოვარდნილობები და ქვეამოვარდნილობები.

მკურნალობა. გამოიყენება ადგილობრივი და ზოგადი, როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა. დიაგნოზის დასადასტურებლად და სახსრიდან ჩირქის გამოსადევნად მიმართავენ პუნქციას. ამის შემდეგ სახსრის ღრუში იმავე ნემსით შეჰყავთ ანტიბიოტიკი, ადებენ დამწოლ ნახვევს და ახდენენ კიდურის იმობილიზაციას, რათა სახსრის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა უზრუნველყონ. ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა მეორდება. ამ დროს ექსუდატი ხშირად სტერილურია და პროცესი ჩაცხრობისკენ მიდის.
ართროტომიის (სახსრის გახსნის) ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა მრავალჯერადი პუნქცია არ იძლევა სათანადო, მყარ ეფექტს.
ჩირქოვანი ანთებითი პროცესის ჩაქრობის შემდეგ ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაღალი სიხშირის ტალღები, ულტრაიისფერი დასხივება და სხვა) და სამკურნალო ფიზკულტურა.
ზოგადი თერაპია მოიცავს მიკროფლორის დამთრგუნველი პრეპარატების (ანტიბიოტიკების, ანტისეპტიკების) დანიშვნას, ავადმყოფის იმუნური ძალების ამაღლებას (სისხლის პრეპარატები, კარგი კვება), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღდგენას.

 

 

Facebook კომენტარები