დიათეზი – Diathesis – диатез

სიტყვა “დიათეზი” ბერძნულიდან მომდინარეობს და რამის მიმართ მიდრეკილებას, წინასწარგანწყობას ნიშნავს. დიათეზი არც დაავადებაა და არც დიაგნოზი. ამ ტერმინს მხოლოდ ბავშვის ზოგიერთი დაავადებისადმი მიდრეკილების აღსანიშნავად იყენებენ. დიათეზისგან განკურნება არ შეიძლება, ვინაიდან მიდრეკილება არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლირება და კონკრეტული დაავადების (რომლისკენაც მიდრეკილია ორგანიზმი) მკურნალობა. დიათეზი უპირატესად საბჭოთა სკოლის მეცნიერთა მიერ ხმარებული ტერმინია. ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს სიტყვა არ გვხვდება.

მიდრეკილებისა და წინასწარგანწყობის კვალობაზე, დიათეზი სხვადასხვაგვარია. აღწერილია მისი ათამდე ნაირსახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია:

ექსუდაციურ-კატარული ანუ ალერგიული დიათეზი – ალერგიული და ანთებითი დაავადებებისადმი მიდრეკილება;

ლიმფო-ჰიპოპლასტიკური დიათეზი – ინფექციური და ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ლიმფური კვანძების პათოლოგია;

ნერვულ-ართრიტული დიათეზი – მიდრეკილება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიოსკლეროზის, ჰიპერტონიის, სახსრების ანთებისა და მომატებული ნერვული აგზნებადობისკენ;

შარდმჟავა დიათეზი – მიდრეკილება ჭარბი შარდმჟავას წარმოქმნისკენ;

ჰემორაგიული დიათეზი – მიდრეკილება სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ, რაც უმთავრესად განპირობებულია სისხლის ფაქტორების (თრომბოციტების) რიცხვის შემცირებით, კაპილარების კედლის დაზიანებით, განვლადობის მომატებით და სისხლის შედედების ამა თუ იმ ფაქტორის დაქვეითებით ან არარსებობით. ასეთი ცვლილებები უმთავრესად თრომბოციტოპენიური დაავადების, ჰემორაგიული ვასკულიტისა და ჰემოფილიის დროს ხდება.

ექსუდაციური დიათეზი. ექსუდაციური დიათეზი კონსტიტუციური ანომალიაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ორგანიზმის შეცვლილი რეაქციულობა ფიზიოლოგიური გამაღიზიანებლის მიმართ. ახასიათებთ მეტწილად 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს. როგორც წესი, დაბადებიდანვე ვლინდება, პიკს აღწევს 3-6 თვის ასაკში, 1 წლიდან კი თანდათანობით იკლებს, თუმცა სავსებით არ ქრება – ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ალერგიისადმი მიდრეკილი რჩება.
ექსუდაციური დიათეზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკა. მემკვიდრეობით მიღებული ალერგიული განწყობის რეალიზაციას ხელს უწყობს ორსულის მიერ ნახშირწყლების ჭარბი მიღება, ცილების დეფიციტი და ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობა.
მემკვიდრეობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის სენსიბილიზაციას, რაც ერთფეროვანი ხელოვნური კვების, გამაღიზიანებელი საკვებით გადატვირთვის, ბაქტერიული, მედიკამენტური და სხვა სახის ალერგიის შედეგია.

გამოვლინება და სიმპტომები. ხშირად ექსუდაციური დიათეზის მქონე ბავშვები დიდი წონისანი იბადებიან და ჭარბი წონისკენ მიდრეკილება შემდგომაც ახასიათებთ. აქვთ მოდუნებული კუნთები და ფერმკრთალი კანი. ანთებითი რეაქციები უმთავრესად კანსა და ლორწოვანზე უვითარდებათ. პატარებს თავის თმიან ნაწილსა და წარბებზე სიცოცხლის პირველსავე დღეებში უჩნდებათ მორუხო-მოყვითალო ქერქი, ლოყებზე – შემოფარგლული სიწითლე, კანი მშრალი აქვთ და ადვილად უსკდებათ, შესაძლოა, მცირე ზომის ბუშტუკებიც გაუჩნდეთ. კისერზე, ყურების უკან, იღლიისა და საზარდულის კანის ნაკეცებში აღენიშნებათ სიწითლე და სისველე, ტანსა და კიდურებზე პერიოდულად უჩნდებათ წითელი ლაქოვანი და კვანძოვანი მქავანა გამონაყარი. ქავილი ბავშვს არ ასვენებს, ურღვევს სიმშვიდეს და ძილს. ქავილისას გაჩენილ ნაკაწრებში შეიძლება შეიჭრეს ინფექცია.
შედარებით მოზრდილ ბავშვებს დიათეზის დროს კანზე უჩნდებათ ჭინჭრის ნასუსხისებრი გამონაყარი და აწუხებთ ქავილის შეგრძნება, ენა გეოგრაფიულ რუკასავით აქვთ დაღარული (ე.წ. გეოგრაფიული ენა), ხშირად ემართებათ კონიუნქტივიტი, რინიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი, ასევე – ადენოიდების გადიდება, რის გამოც უჭირთ ცხვირით სუნთქვა და პირღია სძინავთ. პატარებს მადა უქვეითდებათ და საგრძნობლად იკლებენ წონას, მიდრეკილნი არიან შეკრულობისკენ.
ექსუდაციური დიათეზის დროს ბავშვებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, რის გამოც ხშირად ავადდებიან ზემო სასუნთქი გზების ანთებითი და ნაწლავთა პათოლოგიებით.
ასაკთან ერთად კანისმიერი გამოვლინებები ქრება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ისეთი ნიშნები, როგორიც არის აგზნებადობა, შეკრულობა, ხშირი სურდო და ბრონქიტი, ალერგია საკვებზე (კვერცხზე, შოკოლადზე, თაფლზე, ციტრუსებზე, რძეზე და სხვა), მედიკამენტებზე, მცენარეებზე და ა.შ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ექსუდაციური დიათეზის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის გარემოს სისუფთავეს, კვების რეჟიმს, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, ორგანიზმის გაკაჟებას.
ალერგიული დიათეზის დროს ბავშვმა რაც შეიძლება მეტხანს უნდა წოვოს ძუძუ. ჯერ ერთი, დედის რძის ცილებს არ გააჩნია ალერგიული თვისებები და ბავშვის ფერმენტები მათ ადვილად გადაამუშავებს, მეორე – ქალის რძე დიდი ოდენობით შეიცავს იმუნოგლობულინ A-ს, რომელიც ბავშვის ნაწლავის ლორწოვან გარსს ალერგენების მოლეკულებისგან იცავს, დაბოლოს, ქალის რძე დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ამ პერიოდში დედამ რაციონიდან უნდა ამოიღოს ციტრუსი, ტროპიკული ხილი, მარწყვი, შოკოლადი, ხიზილალა, თევზი, კვერცხი, ჩაი, ყავა, სუნელები, შებოლილი პროდუქტი და სხვა. ასევე არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით ძროხის რძის მიღება. გაცილებით სასარგებლოა მაწონი.
ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე მყოფ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ ძროხის რძის ცილების შემცველი პროდუქტები. არსებობს სპეციალური საკვები, რომელიც განკუთვნილია ალერგიული ბავშვებისთვის და რომელიც აუცილებლად პედიატრის რეკომენდაციით უნდა შეირჩეს. დიათეზიანმა პატარამ დამატებითი საკვები 5-6 თვეზე ადრე არ უნდა მიიღოს. ამასთანავე, ყოველი ახალი პროდუქტი უნდა მიეცეს მინიმალური ოდენობით, ულუფა თანდათანობით გაიზარდოს და რამდენიმე კვირაში მიაღწიოს ასაკის შესატყვის ნორმას. ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე ბავშვს უნდა შეუწყდეს ამ პროდუქტით კვება (მისი ხელახლა მიცემა მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ არის დასაშვები).
დამატებითი საკვების მიცემა უნდა დაიწყოს თეთრი ან მწვანე ბოსტნეულით ანდა ბავშვთა საკვების ფხვნილის ხსნარზე (და არა რძეზე) მომზადებული წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის ფაფით. ბოსტნეულისა და ფაფის შემდეგ ბავშვს ეძლევა ხილი, შემდეგ – ხორცი. დამტკიცებულია, რომ ალერგიულ დიათეზს ამძიმებს ნახშირწყლების ჭარბი მოხმარება, ამიტომ რეკომენდებულია შაქრის ფრუქტოზათი შეცვლა.
ბავშვს შესაძლოა რეაქცია ჰქონდეს არა უშუალოდ პროდუქტზე, არამედ იმ სასუქზე, რომლით გამდიდრებულ ნიადაგზეც მოიწიეს ეს ნაყოფი. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ხილს ბევრი სასუქი და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება სჭირდება.
ალერგიული რეაქციების ყველაზე ხშირად გამომწვევი პროდუქტები (ასაკის მიხედვით):
ერთ წლამდე – ძროხის რძე (მისი ცილა და ლაქტოზა), ნარინჯისფერი და წითელი ნაყოფი (მისი წვენი და პიურე). დიათეზის ნიშნებია ხშირი და თხელი განავალი ქაფით ან მომწვანო ელფერით, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ლოყების სიწითლე.
1-დან 3 წლამდე – ციტრუსები, მოწითალო ფერის ხილი და კენკრა (მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, ატამი და სხვა), მარცვლოვანი კულტურები. დიათეზის ნიშნებია კუჭის მოქმედების დარღვევა, ყელში ქავილის შეგრძნება, მგუდავი ხველა, კანის ქავილი, გამონაყარი.
3 წლის შემდეგ – შოკოლადი, კაკაო, არაქისი, თევზი, მარინადი და სუნელები. დიათეზის ნიშნებია კანზე გამონაყარი და ქავილი.

 

 

Facebook კომენტარები

Vairkoseti