საკვერცხის კისტა სიმსივნისებრი წარმონაქმნია, რომელიც კისტურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ვითარდება. დაგროვილი სითხის ოდენობა თანდათან იმატებს, რის გამოც კისტა ნელ-ნელა იზრდება.
საკვერცხის კისტა სხვადასხვა სახისაა. ყველაზე გავრცელებული სახესხვაობებია:

  • ფოლიკულური კისტა;
  • ყვითელი სხეულის კისტა;
  • თეკალუთეინური კისტა;
  • ენდომეტრიოიდული კისტა;
  • დერმოიდული კისტა;
  • პარაოვარიული კისტა.

ფოლიკულური კისტა
საკვერცხის კისტებს შორის ყველაზე ხშირია ფოლიკულური კისტა. ის უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი წარმოშობა საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებც ასრულებს.
მცირე ზომის, გაურთულებელი კისტა უმთავრესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ. ჩივილებს მხოლოდ კისტის ფეხზე შემოგრეხა ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა იწვევს. ამ დროს აღინიშნება ტკივილი წელის არეში და სიძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში.
დაიაგნოზის დასმა რთული არ არის. ის გინეკოლოგიური კვლევის მონაცემებს ეფუძნება. დიაგნოზის დასაზუსტებლად და საშვილოსნოს სუბსეროზული მიომისგან დიფერენცირების მიზნით ექოგრაფიას მიმართავენ. ასევე საჭიროა ფოლიკულური კისტის დიფერენცირება საკვერცხის კისტომისგან. კისტის დიაგნოზის სასარგებლოდ უმთავრესად მისი მცირე ზომა, ელასტიკური კონსისტენცია და პაციენტის ახალგაზრდა ასაკი მეტყველებს.

მკურნალობა ქირურგიულია. კისტას საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ამოკვეთენ, რასაც რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ყვითელი სხეულის კისტა
ყვითელი სხეულის კისტები ფოლიკულურთან შედარებით იშვიათია. მათი წარმოშობის მექანიზმი ასეთია: ოვულაციის შემდეგ ფოლიკული არ იხურება და არ ივსება ლუთეინური უჯრედებით, ღრუ რჩება და სეროზული სითხით ივსება.
ყვითელი სხეულის კისტა ჰორმონულად არააქტიურია. მისი დიამეტრი იშვიათად აღემატება 3-4 სმ-ს. მას გლუვი ზედაპირი და ელასტიკური კონსისტენცია აქვს. ავადმყოფი, ჩვეულებრივ, არაფერს უჩივის, ამიტომ კისტას გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს  შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.
დიაგნოზის დასასმელად უმეტესად საკმარისია გინეკოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. საჭიროა ყვითელი სხეულის კისტის დიფერენცირება საკვერცხეების ნამდვილი სიმსივნისგან – კისტომისგან. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს კისტის სასარგებლოდ მეტყველებს შედარებით მცირე ზომა, წარმონაქმნის გაჩენა ან გადიდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში.
თუ ყვითელის სხეულის კისტა იეჭვეს, ოპერაციული  ჩარევას არ ჩქარობენ. ავადმყოფს უწესდება დისპანსერული მეთვალყურეობა, უტარდება დათვალიერება ყოველ 2 თვეში ერთხელ. თუ კისტა არ უკუგანვითარდა ან ზრდა დაიწყო, ოპერაციული მკურნალობა გარდაუვალია, ვინაიდან კლინიკური ნიშნების საფუძველზე საკვერცხის ნამდვილი სიმსივნის გამორიცხვა ძალიან ძნელია. ოპერაციის დროს საკვერცხეს კისტითურთ ამოკვეთენ.
ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულურის მსგავსად, რეციდივს იძლევა. პროგნოზი ორივე შემთხვევაში კეთილსაიმედოა.

თეკალუთეინური კისტა
თეკალუთეინური კისტა ტროფობლასტური დაავადებების – ბუშტნამქერისა და ქორიონეპითელიომის დროს ვითარდება. კისტოზური წარმონაქმნები ჩნდება ორივე საკვერცხეში, ფოლიკულების გარსზე მალუთეინიზებელი ჰორმონის დიდი ოდენობით შემცველი ქორიონული გონადოტროპინის მასტიმულირებელი ზემოქმედების შედეგად (მალუთეინიზებელი ჰორმონი გონადოტროპული ჰორმონია, გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილში და მონაწილეობს რეპროდუქციიული ფუნქციის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში). ბუშტნამქერის ამოკვეთისა და ქორიონეპითელიომის ქიმიოთერაპიის შედეგად თეკალუთეინური კისტები გაიწოვება, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა საჭირო არ არის.

ენდომეტრიოიდული კისტა
საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალური ენდომეტრიოზის გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფები უმთავრესად უჩივიან ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა იმატებს, თავს იჩენს პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები, რაც ენდომეტრიოიდული კისტების მიკროპერფორაციით  და მათი შიგთავსის  (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით აიხსნება. მუცლის ღრუში სისხლისა და ქსოვილთა ნაწილაკების მოხვედრა მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესების განვითარებას იწვევს.
დაავადების დასაწყისში საშვილოსნოს დანამატების არეში ისინჯება ცალმხრივი, მცირე ზომის, გასინჯვისას მტკივნეული, მრგვალი ელასტიკური წარმონაქმნი. თანდათან კისტა იზრდება, პროცესი მეორე საკვერცხეზეც ვრცელდება, იწყება შეხორცება და წარმოიქმნება ერთიანი კონგლომერატი, რომელიც საშვილოსნოსა და მის დანამატებს მოიცავს. კონგლომერატს აქვს სქელი კაფსულა და უძრავია. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სიგმოიდურ ნაწლავზეც და მისი სტენოზი გამოიწვიოს.
საკვერცხის ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობა დიდხანს და უშედეგოდ მკურნალობს ქალთა კონსულტაციებში “ანთებით პროცესს”.
აუცილებელია ენდომეტრიოიდული კისტის დიფერენცირება საკვერცხეების კიბოსგან, ასევე – საშვილოსნოს დანამატების არასპეციფიკური და სპეციფიკური ეტიოლოგიის პარკისებრი ანთებითი წარმონაქმნებისგან. სადიაგნოსტიკოდ უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს ავლენს. დიაგნოსტიკის ძალზე ინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით – დაავადების ადრეულ სტადიაში, არის ლაპაროსკოპია, რომელიც საკვერცხის ენდომეტრიოიდული წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაპაროსკოპიას და ლაპაროტომიის დროს აღებული ქსოვილის მიკროსკოპიულ გამოკვლევას.
ენდომეტრიოიდული კისტის დროს ტარდება ჰორმონული, ქირურგიული, სიმპტომური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

დერმოიდული კისტა
დერმოიდული კისტა უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ჩნდება. ასიდან 85 შემთხვევაში ცალმხრივია, 15-ში – ორმხრივი. სიმსივნის ზომა 5-დან 20 სმ-მდე მერყეობს. ფორმით მრგვალი ან ოვალურია, აქვს გლუვი ან უსწორმასწორო ზედაპირი, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, არათანაბარი კონსისტენციის, ზოგან რბილი, ზოგან კი ქვასავით მკვრივი შიგთავსი. სიმსივნის გაკვეთისას იღვრება სქელი ცხიმოვანი სითხე. კისტაში ცხიმთან ერთად პოულობენ თმის ბღუჯას.
კისტის შიგნითა ზედაპირის უდიდესი ნაწილი გლუვია. მხოლოდ ერთი ადგილია ამობურცული. მას პარენქიმული ბორცვი ეწოდება. ბორცვში ხშირად არის კბილები, ძვლები, ორგანოთა ნაწილები, თვალების, ყურებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჩანასახები.
დიაგნოზის დასმას აადვილებს გასინჯვისას სიმსივნის არათანაბარი კონსისტენციის შეგრძნება და ექოსკოპიური გამოკვლევა. ავთვისებიანი გადაგვარება ასიდან 1-2 შემთხვევაშია მოსალოდნელი. მკუნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

პარაოვარიული  კისტა
პარაოვარიული, ანუ საკვერცხის ზედა დანამატის კისტები საკვერცხის ახლოს წარმოიქმნება კოლფის სხეულისგან, რომელიც საშვილოსნოს მილსა და საკვერცხეს შორის, მეზოსალპინქსის ფურცლებში მოთავსებულ ბრმა დაბოლოების მქონე მილაკებს წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ეს მილაკები ობლიტერაციას განიცდის და რუდიმენტული წარმონაქმნის სახე აქვს, მაგრამ სეკრეტის პროდუქციის გამო შესაძლოა კისტოზურად გაფართოვდეს.
პარაოვარიული კისტის კედელი შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. შიგნითა ზედაპირი გლუვია. კისტა უმეტესად ერთკამერიანია, აქვს ძალიან თხელი კედელი და იოგებს შორის გამჭვირვალეა. ფორმით მრგვალი ან ოვალურია, ზომა 5-დან 25 სმ-მდე მერყეობს.
საკვერცხე პათოლოგიურ პროცესში, ჩვეულებრივ, არ ერთვება. ის კისტის ქვევით და გვერდზეა მოქცეული. საშვილოსნოს მილი ხშირად კისტის ზედაპირზეა გადაჭიმული.
მცირე ზომის პარაოვარიული კისტა პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ავადმყოფი არაფერს უჩივის, მენსტრუალური ფუნქცია არ იცვლება. როდესაც კისტა დიდია, თავს იჩენს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლით  განპირობებული სიმპტომები. განსაკუთრებით ხშირია დიზურიული მოვლენები. გინეკოლოგიური გამოკვლევისას აღმოაჩენენ კისტოზურ წარმონაქმნს, რომლის მოძრაობა შეზღუდულია.
პარაოვარიული კისტის მკურნალობა ქირურგიულია – კისტას ამოკვეთენ. ქირურგიული ჩარევისას შეძლებისდაგვარად ცდილობენ საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების შენარჩუნებას. პარაოვარიული კისტის ამოკვეთის შემდეგ რეციდივი ძალზე იშვიათია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. უკიდურესად იშვიათია კისტის მალიგნიზაციის შეთხვევებიც.

 

 

Facebook კომენტარები