ლანსოპრაზოლი – LANSOPRAZOLE – ЛАНСОПРАЗОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლანსოპრაზოლი წარმოადგენს H+, K+,ატფაზას სპეციფიურ ინჰიბიტორს, რომელიც თავის ფარმაკოლოგიური თვისებებით წააგავს ომეპრაზოლს. იგი ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას ე.წ. პროტონული ტუმბოს ფერმენტ H+/ K+,ატფაზას  სპეციფიკური ინჰიბირებით, კუჭის პარიეტული უჯრედების სეკრეტორულ ზედაპირზე ზემოქმედების შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 0.75-1.15 მგ/ლ და აღინიშნება მისი პერორალური მიღებიდან 1.5-2.2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 85%-ს. პრეპარატი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს პირველადი გავლისას და ელიმინირდება ნაღველით და შარდით. იგი იშლება ორ მეტაბოლიტად: ლანსოპრაზოლის სულფონად და ჰიდროქსილაზოპრაზოლად. ლანსოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7  საათს. მისი 97-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატის ანტიბაქტერიული ეფექტი H. pylori-ის მიმართ ხელს უშლის პეპტიური წყლულის განვითარებას იმ ორგანიზმების დეზაქტივაციის გამო, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კუჭის წყლულის რეციდივი.

ჩვენებები

  • პეპტიური წყლული;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება დილით ჭამის წინ დოზით 30 მგ.

პაციენტები 12-გოჯა ნაწლავის წყლულით აგრძელებენ მკურნალობას 4-6 კვირის განმავლობაში, ხოლო კუჭის წყლულით და რეფლუქს-ეზოფაგიტით დაავადებულები – 8 კვირას. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 15 მგ-ს. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს რეკომენდებული საწისი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, რომელიც ინიშნება ინდივიდუალურად კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

120 მგ-ზე მეტი დოზა ინიშნება რამოდენიმე მიღებისათვის.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებისამებრ ყველაზე ხშირია გასტროინტესტინალური ჩივილები, კერძოდ დიარეა, რომელიც აღენიშნებათ 3.2% პაციენტებს. სხვა გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევასთან, ცვლილებებთან კანის მხრივ, აგრეთვე აღინიშნებოდა ფარინგიტი, რინიტი, ხველება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, დაღლილობა და ძილიანობა. სხვა ეფექტები გამოიხატება ანორექსიით, ყაბზობით, პროტეინურიით,  დერმატოლოგიური რეაქციებით და სხვა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* კუჭის კიბო;

* აქლორჰიდრია;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მოსალოდნელი დადებითი მოქმედება დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. დადგენილი არ არის გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია და შემანარჩუნებელი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ლანსოპრაზოლი განიცდის მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 სისტემის მეშვეობით. მისი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ამ სისტემით, როგორიცაა ვარფარინი, ანტიპირინი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, პრედნიზოლონი ან დიაზეპამი, აღწერილი არ არის.

Facebook კომენტარები

Vairkoseti