ლიმფადენიტი ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადებაა. ის, ჩვეულებრივ, მეორეულია და ორგანიზმში მიმდინარე პირველადი ანთებითი პროცესის გართულებას წარმოადგენს. ლიმფადენიტს იწვევს სტრეპტოკოკები და სხვა პათოგენური მიკრობები. ხშირად ფლორა შერეული ხასიათისაა. ლიმფური კვანძების დაავადება მაშინ ვითარდება, როცა მიკროორგანიზმები, მათი ტოქსინები და დაშლის პროდუქტები პირველადი კერიდან ლიმფასთან ერთად აღწევენ ლიმფურ კვანძებში. მიკრობები შესაძლოა შეიჭრან ორგანიზმში დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსიდან ან ჰემატოგენური (სისხლის) გზით.
განასხვავებენ ლიმფადენიტის მწვავე და ქრონიკულ, სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ფორმებს.
არასპეციფიკურ ლიმფადენიტს ყველაზე ხშირად იწვევს სტაფილოკოკი, იშვიათად – სტრეპტოკოკი ან სხვა ჩირქოვანი ბუნების მიკრობი, მათი ტოქსინები და პირველადი ჩირქოვანი კერის ქსოვილთა დაშლის პროდუქტები. პირველადი კერა შესაძლოა იყოს დაჩირქებული ჭრილობა, ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი, წითელი ქარი, ოსტეომიელიტი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული. ლიმფურ კვანძებში მიკრობები და მათი ტოქსინები ხვდება  ლიმფოგენური, ჰემატოგენური ან კონტაქტური გზით. შესაძლოა, მიკრობი უშუალოდ ლიმფურ კვანძზე მიყენებული ჭრილობიდან შეიჭრას. ამ შემთხვევაში ლიმფადენიტი პირველადი ხასიათისაა.
ლიმფურ კვანძებში ანთებითი პროცესი აღმოცენდება და მიმდინარეობს ტიპობრივად. ექსუდატის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სეროზულ, ჰემორაგიულ და ფიბროზულ-ჩირქოვან ფორმებს. ჩირქოვანი ანთების პროგრესირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლიმფადენიტის დესტრუქციული ფორმების (აბსცესური, ნეკროზული) განვითარება, ჩირქოვანი ინფექციის შემთხვევაში კი ლიმფური კვანძების დაშლა. საწყის სტადიაში ზიანდება ენდოთელიუმი, ფართოვდება და ჰიპერემიული ხდება სინუსები. ექსუდაციის დაწყება იწვევს ლიმფური კვანძების ძლიერ გაჟღენთას და შემდგომ უჯრედული ინფილტრაციის განვითარებას. ინფლიტრაცია ვითარდება ლეიკოციტების მიგრაციისა და ლიმფოიდური უჯრედების პროლიფერაციის  ხარჯზე. სეროზული შეშუპების ამ სტადიას მწვავე კატარულ ლიმფადენიტს უწოდებენ. მარტივი ლიმფადენიტის დროს ანთებითი პროცესი იშვიათად სცდება ლიმფური კვანძის კაფსულას. დესტრუქციული ფორმების დროს ანთება ვრცელდება ირგვლივ არსებულ ქსოვილებზეც (პარალიმფადენიტი). ამ ქსოვილებში ცვლილებები შესაძლოა შემოიფარგლოს  სეროზული ანთებით ან დაჩირქდეს და განვითარდეს ადენოფლეგმონა.

მწვავე არასპეციფიკური ლიმფადენიტი

მწვავე არასპეციფიკური ლიმფადენიტი იწყება ლიმფური კვანძების ტკივილითა და გადიდებით, თავის ტკივილით, სისუსტით და სხეულის ტემპერატურის მატებით. არცთუ იშვიათია ლიმფური კვანძების ანთება (ლიმფანგიტი). მწვავე ლიმფადენიტის გამოხატულების ხარისხი დაავადების ფორმასა და ძირითადი ანთებითი პროცესის ხასიათზეა დამოკიდებული. კატარული (სეროზული) ლიმფადენიტის დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ნაკლებად იცვლება. პაციენტები უჩივიან ტკივილს რეგიონული ლიმფური კვანძების არეში. ეს კვანძები გადიდებული, მკვრივი და მტკივნეულია,  ირგვლივ არსებულ ქსოვილებთან არ არის მიხორცებული, მათ ზედაპირზე კი კანი უცვლელია.
პროცესის პროგრესირება, პერიადენიტის განვითარება, ანთების დესტრუქციულ და ჩირქოვან ფორმებში გადასვლა მდგომარეობის სირთულეზე მიუთითებს. ამ დროს ტკივილი მკვეთრია, ლიმფური კვანძები შეხებითაც მტკივნეულია, მათ ზედაპირზე კანი პიგმენტირებულია. ხშირად ლიმფური კვანძები უხორცდება ერთმანეთს და ირგვლივ არსებულ ქსოვილებს, რის გამოც უძრავი ხდება.
ადენოფლეგმონის დროს აღინიშნება დიფუზური ჰიპერემია,  ინფილტრატი მკვრივია, არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები, ხოლო მის შიგნით დარბილებული კერები ისინჯება. ჩირქოვანი ლიმფადენიტის დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად იცვლება: მაღლა უწევს ტემპერატურა, ამცივნებს, აწუხებს ტაქიკარდია, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე. ჩირქოვანი ფლეგმონის დროს დაზიანებულ არეში შეხებისას შეიგრძნობა კრეპიტაცია. მოსალოდნელია შემდეგი გართულებები: თრომბოფლებიტი, ჩირქოვანი პროცესის გავრცელება (მუცლის ან გულმკერდის ღრუში), ჩირქოვანი ინფექციის მეტასტაზური კერები- სეპტიკოპიემია,  ფისტულები.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათისა და ანამნეზური მონაცემების მიხედვით. ზედაპირული ლიმფადენიტის  ამოცნობა ძნელი არ არის. ძნელია ისეთი ლიმფადენიტის დიაგნოსტირება, რომელიც გართულებულია პერიადენიტით, ადენოფლეგმონით, ანთებით პროცესში ცხიმოვანი ქსოვილის, შუასაყრისა და მუცლის ღრუს ორგანოების ჩართვით.
უნდა მოხდეს ლიმფადენიტის დიფერენცირება ფლეგმონისა და ოსტეომიელიტისგან. სწორი დიაგნოზისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჩირქოვან-ანთებითი კერის დადგენას.
მკურნალობა დამოკიდებულია ლიმფადენიტის სტადიზე. საწყის სტადიაში მკურნალობა კონსერვატიულია და გულისხმობს  ულტრამაღალი სიხშირით თერაპიას, ინფექციის ძირითადი კერის აქტიურ მკურნალობას (აბსცესის, ფლეგმონის დროული გახსნა, ჩირქგროვის რაციონალური დრენირება და სხვა), ანტიბიოტიკოთერაპიას ძირითადი კერის მიკრობული ფლორის გათვალისწინებით. ჩირქოვან ლიმფადენიტს მკურნალობენ ოპერაციული მეთოდებით: აბსცესის, ადენოფლეგმონის გახსნით, ჩირქის მოშორებით, ჭრილობის დრენირებით. შემდეგ მკურნალობა გრძელდება ისე, როგორც ჩირქოვანი ჭრილობების დროს.
მწვავე არასპეციფიკური ლიმფადენიტის საწყის სტადიაში მკურნალობის დროული დაწყების ფონზე პროგნოზი კეთილსაიმედოა, ლიმფადენიტის დესტრუქციული ფორმები კი იწვევს ლიმფური კვანძების სიკვდილს და ნაწიბუროვანი ქსოვილით მათ ჩანაცვლებას. კიდურებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში მოსალოდნელია ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, ლიმფოსტაზი, რაც შესაძლოა სპილოს დაავადებაში გადაიზარდოს.
ლიმფადენიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ტრავმისგან (ჭრილობა, მიკროტრავმა) თავის დაცვას, ჭრილობის ინფიცირებასთან ბრძოლას, ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების რაციონალურ მკურნალობას.

ქრონიკული არასპეციფიკური ლიმფადენიტი
ქრონიკული არასპეციფიკური ლიმფადენიტი შესაძლოა იყოს:

  • პირველადად ქრონიკული. მას იწვევს მდორედ მიმდინარე, მორეციდივე ანთებითი დაავადებების (ქრონიკული ტონზილიტი, კბილების ანთებითი დაავადებები, კიდურების ინფიცირება, მიკროტრავმები) დროს არსებული სუსტი ვირუსული ან მიკრობული ფლორა;
  • მწვავე ლიმფადენიტის შედეგი, როდესაც ლიმფურ კვანძებში არსებული ანთებითი პროცესი იღებს ქრონიკულ ხასიათს.

ქრონიკული ლიმფადენიტი იშვიათად ხდება ჩირქოვანი.
ქრონიკულ არასპეციფიკურ ლიმფადენიტს ახასიათებს ლიმფური კვანძების გადიდება. გადიდებული კვანძები მკვრივი და ოდნავ მტკივნეულია, არ უხორცდება ერთმანეთს და გარშემო არსებულ ქსოვილებს. კვანძები დიდხანს რჩება გადიდებული, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათში შემაერთებელი ქსოვილის განვითარება ზომის შემცირებას იწვევს.
ლიმფურ კვანძებში შემაერთებელი ქსოვილის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა  გამოიწვიოს ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, ლიმფოსტაზი, შეშუპება და სპილოს დაავადება.
ქრონიკული არასპეციფიკური ლიმფადენიტი მოითხოვს დიფერენცირებას ლიმფური კვანძების გადიდებით მიმდინარე ინფექციური და სხვა დაავადებებისგან (ქუნთრუშა, დიფტერია, გრიპი, სეფსისი, ტუბერკულოზი, ლიმფოგრანულომატოზი, ავთვისებიანი წარმონაქმნები). ქრონიკული ლიმფადენიტის დიაგნოზი უნდა ეფუძნებოდეს კლინიკური სიმპტომების შეფასებას. საეჭვო შემთხვევებში ნაჩვენებია ლიმფური კვანძების ბიოფსია ან მათი ამოკვეთა ჰისტოლოგიური გამოკვლევის მიზნით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრონიკული ლიმფადენიტისა და ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზების დიფერენცირებისთვის.

მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ქრონიკული არასპეციფიკური ლიმფადენიტის გამომწვევი ძირითადი დაავადების ლიკვიდაციისკენ.
პროგნოზი უმეტერსად კეთილსაიმედოა. დაავადება სრულდება ნაწიბურების განვითარებით (ლიმფური კვანძების შეხორცება და გამკვრივება).
ქრონიკული არასპეციფიკური ლიმფადენიტის პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვას, ინფექციური დაავადებების, მწვავე ლიმფადენიტის დროულ მკურნალობას, ზოგადგამაჯანსაღებელი ღონისძიებების დახმარებით ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ამაღლებას.

სპეციფიკური ლიმფადენიტი
სპეციფიკურთა ჯგუფში შედის ლიმფადენიტები, რომლებიც გამოწვეულია სეფსისის, ტუბერკულოზის, შავი ჭირის და სხვა გამომწვევებით.
ტუბერკულოზური ლინფადენიტი არის ტუბერკულოზის როგორც ორგანიზმის ზოგადი დაავადების გამოვლინება. ხშირად, განსაკუთრებით – ბავშვთა ასაკში, ტუბერკულოზს თან სდევს შინაგანი ლიმფური კვანძების დაზიანება. შესაძლებელია ცალკეული ლიმფური კვანძების შედარებით იზოლირებული დაზიანებაც, რაც უფრო ხშირია უფროსებში სხვა ორგანოთა ძველი, არააქტიური ტუბერკულოზური ცვლილებების ფონზე. ამ დროს ტუბერკულოზური ლიმფადენიტი მეორეული ტუბერკულოზის გამოვლინებას წარმოადგენს.
პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზურ ლიმფადენიტს უმთავრესად ადამიანისა და ხარის ტიპის ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს.
ინფექცია სხვადასხვა გზით ვრცელდება. მისი კარიბჭე შესაძლოა იყოს ნუშურა ჯირკვლები, რომელთა დაზიანების შემთხვევაში პროცესში ჩაირთვება  კისრის ან ყბისქვეშა ლიმფური კვანძები. ინფექცია მეტწილად ვრცელდება ლიმფური გზით დაზიანებული ლიმფური კვანძებიდან, ფილტვებიდან ან სხვა ორგანოებიდან.
დაავადების მწვავე დასაწყისის შემთხვევაში აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სიმპტომები, ლიმფური კვანძების გადიდება, არცთუ იშვიათად – ანთებით-ნეკროზული ცვლილებები. ტუბერკულოზური ლიმფადენიტის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც განასხვავებს მას ლიმფური კვანძების სხვა სახის დაზიანებისგან, არის პერიადენიტი.  დაზიანებული ლიმფური კვანძი წარმოადგენს ერთმანეთთან შეხორცებულ სხვადასხვა სიდიდის წარმონაქმნს. დაავადება იწყება ლიმფური კვანძების ნელ-ნელა, მცირე გადიდებით. ფისტულები იშვიათად ჩნდება.
ყველაზე ხშირად ზიანდება კისრის, ყბისქვეშა და იღლიის ლიმფური კვანძები. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფი ცალ ან ორივე მხარეს.
დიაგნოზი დაისმის ავადმყოფის კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ, ითვალისწინებენ ტუბერკულოზიან ავადმყოფთან კონტაქტს ან ფილტვებსა თუ სხვა ორგანოებში ტუბერკულოზური ცვლილებების არსებობას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიმფური კვანძების პუნქცია და მიღებული მასალის შემდგომი კვლევა. ლიმფურ კვანძებში შესაძლოა გაჩნდეს კალცინატები, რომლებიც რენტგენოლოგიურად გამოვლინდება. ტუბერკულოზური ლიმფადენიტი საჭიროებს დიფერენცირებას არასპეციფიკური ჩირქოვანი ლიმფადენიტისგან, ლიმფოგრანულომატოზისგან, ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზებისგან.
მკურნალობა დამოკიდებულია ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხსა და სხვა ორგანოებში ტუბერკულოზური ცვლილებების გამოხატულებაზე. აქტიური პროცესის დროს დიდი ხნით ინიშნება ტუბერკულოზის სამკურნალო  პირველი რიგის პრეპარატები. გარდა ამისა, დაზიანებულ კვანძში შეჰყავთ სტრეპტომიცინი, ადებენ სტრეპტომიცინის, ტუბაზიდის მალამოს სახვევს. ძლიერი ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა.
 

 

Facebook კომენტარები