მელანომა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. მის წილად მოდის კიბოთი ავადობის შემთხვევათა 0,3-1%, თუმცა ბოლო ხანს მისი გახშირების ტენდენციაც შეიმჩნევა.
მელანომა ვითარდება მელანოციტებისგან – პიგმენტ მელანინის წარმომქმნელი უჯრედებისგან, ამიტომ უმეტესად მუქია, თუმცა არსებობს ამ დაავადების უპიგმენტო ფორმაც.
ეს სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად (90%) კანზე ლოკალიზდება, იშვიათად – კონიუნქტივაში, თვალის ქორიონულ გარსზე, ცხვირის, პირის ღრუს, საშოსა და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსებზე.
ხშირად მელანომას ხელსაყრელ ფონს უქმნის თანდაყოლილი პიგმენტური ლაქები – ნევუსები (ხალები), განსაკუთრებით – მათი ხშირი დაზიანება ზურგზე, წინამხრებზე, ტერფებზე ან სხეულის ღია ნაწილებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში. კიდევ უფრო საშიშია ზრდასრულ ასაკში შეძენილი პიგმენტური ლაქის ფონზე განვითარებული მელანომა.
მელანომის განვითარების რისკფაქტორებია:

  • გენოტიპი – თეთრი კანი, ბაცი ფერის (ცისფერი) თვალები, ბაცი ფერის თმა და ვარდისფერი ჭორფლი;
  • ანამნეზში მზით დამწვრობის არსებობა (ბავშვობისას, მოზარდ ასაკში და ახალგაზრდობისას მიღებულ დამწვრობასაც კი შეუძლია, შემდგომ წლებში კიბოს განვითარებაზე გავლენა მოახდინოს);
  • ჭარბი ულტრაიისფერი დასხივება (მზის გულზე, სოლარიუმში);
  • დისპლაზიური ნევუსის სინდრომი ანუ ატიპური ხალი;
  • მელანომისადმი მემკვიდრეობითი განწყობა (მელანომის ოჯახური ანამნეზი);
  • რთული ნევუსები (45%), საზღვრისმიერი ნევუსები (34%), ინტრადერმული ნევუსები (16%), ღრმა ნევუსები (3,2%);
  • მრავალი (50-ზე მეტი) ნევუსის არსებობა;
  • პიგმენტური ქსეროდერმა;
  • დუბრეას მელანოზი.

აღსანიშნავია, რომ არ ხდება თმიანი ნევუსების გაავთვისებიანება – პიგმენტური სიმსივნეები, რომლებზეც თმა ამოდის, არ მიეკუთვნება ავთვისებიან სიმსივნეთა ჯგუფს.

ადამიანის კანის ფოტოტიპები
მელანომის განვითარების ალბათობა რამდენადმე დამოკიდებულია კანის ფოტოტიპზე. I და II ფოტოტიპის ადამიანები ამ სიმსივნის განვითარებისკენ ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი, ხოლო V და VI ფოტოტიპისა – ყველაზე ნაკლებად.
ფოტოტიპების დახასიათება:
I ფოტოტიპი – დამწვრობა ვითარდება მზეზე მცირე ხანს (30 წუთის განმავლობაში) ყოფნის შემთხვევაშიც კი, გარუჯვა ვერასოდეს ხერხდება;
II ფოტოტიპი – დამწვრობის მიღება იოლია, გარუჯვა – ძნელი, მაგრამ შესაძლებელი;
III ფოტოტიპი – შესაძლოა უმნიშვნელო დამწვრობის განვითარება, გარუჯვა ადვილია;
IV ფოტოტიპი – დამწვრობა არასდროს ვითარდება, გარუჯვა ადვილია;
V ფოტოტიპი – კანი ბუნებრივად არის მუქი;
VI ფოტოტიპი – აფრიკის მკვიდრთა კანი.

დიაგნოსტიკა
ისევე, როგორც კანის კიბოს შემთხვევაში, მელანომის დიაგნოზის დასადასტურებლად, უპირველეს ყოვლისა, ტარდება დერმატოსკოპია, რომელიც ხორციელდება როგორც უბრალო გამადიდებელი შუშით (ლუპა), ისე დერმატოსკოპით (ეპილუმინესცენციური მიკროსკოპი). ამ გამოკვლევის საშუალებით მაღალი სიზუსტით განისაზღვრება, საშიშია თუ არა ნევუსი, არსებობს თუ არა ABCDE სისტემაზე ეჭვის გაჩენის საფუძველი.
ABCDE ასე იშიფრება:

  • A – asymmetry – ასიმეტრიული ხალი;
  • B – border irregularity – უსწორმასწორო კიდეები;
  • C – color – ხალის სხვადასხვა ნაწილის არაერთფეროვნება;
  • D – diameter – 6 მმ-ზე მეტი დიამეტრი;
  • E – evolving – ცვალებადობა.

უკვე არსებობს მიკროდერმოსკოპიის კომპიუტერული სისტემა, რომელიც ათიდან 6-9 შემთხვევაში მელანომის ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტულ პირობებშია შესაძლებელი.
მელანომის დიაგნოზის საბოლოო დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ნევუსის ტოტალური მოშორების შემდეგ ჩატარებული ჰისტოლოგიური კვლევით.
მელანომის დროს, კანის კიბოსგან განსხვავებით, არ არის რეკომენდებული პუნქციის ან ბიოფსიის ჩატარება, რადგან მცირე ტრავმასაც კი შეუძლია, აგრესიული პროცესის პროვოცირება მოახდინოს. დიაგნოზის დადასტურების ერთადერთ გზად რჩება დაწყლულების შემთხვევაში სიმსივნის ზედაპირის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა.
ლიმფურ კვანძებსა და შინაგან ორგანოებში მეტასტაზების არსებობის გამოსარიცხად ტარდება  კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა და სცინტიგრაფია (რადიოიზოტოპური კვლევა) ფოსფორის იზოტოპით.
სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზის შემცველობას იკვლევენ ღვიძლში მეტასტაზის არსებობის დასადგენად.

სიმპტომები და მიმდინარეობა
კანის მელანომა ასიდან 50-70 შემთხვევაში თანდაყოლილი პიგმენტური ლაქებისგან – ნევუსებისგან წარმოიშობა. ჩნდება უმეტესად თავზე, კისერსა და  კიდურებზე. გარდა ამ ადგილებისა, მამაკაცებში მეტწილად ზურგზე, გულმკერდის ყაფაზსა და ზედა კიდურებზე ლოკალიზდება, ქალებში კი მკერდსა და ქვედა კიდურებზე. ყველაზე საშიშია საზღვრისმიერი (ეპიდერმული) ნევუსი, რომელიც ხშირად გვხვდება სათესლე პარკზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

მელანომის პათანატომიური ვარიანტები
კანის მელანომები:

  • ზედაპირულად გავრცელებული მელანომა. გვხვდება ასიდან 70 შემთხვევაში, წესისამებრ, ქალებში, ახასიათებს ჰორიზონტალური ზრდა და აქვს კეთილსაიმედო პროგნოზი;
  • კვანძოვანი (ნოდულარული) მელანომა. გვხვდება ასიდან 15 შემთხვევაში, უმეტესად – მამაკაცებში. ახასიათებს კანის სიღრმეში ზრდა, პროგნოზის თვალსაზრისით ყველაზე არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევა;
  • აკროლენტიგინოზური მელანომა (Acral Lentigo Maligna). გვხვდება ათიდან 1 შემთხვევაში. ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ფრჩხილქვეშა მელანომასაც უწოდებენ, თუმცა შესაძლოა, თითის წვერებსა და ხელისგულებზეც გაჩნდეს. მელანომის ეს ტიპი უმეტესად შავკანიანებს ემართებათ;
  • ლენტიგინოზური მელანომა (Lentigo Maligna, ჰატჩინსონის ავთვისებიანი ჭორფლი, დიუბრეილის მელანოიზი). გვხვდება ასიდან 5 შემთხვევაში. ვითარდება ხალების ფონზე, წესისამებრ, სახეზე ლოკალიზდება და უმეტესად ქალებს ემართებათ. ახასიათებს ჰორიზონტალური, ნელი ზრდა და აქვს შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზი.
  • აქრომატული მელანომა (ძალიან იშვიათია).

სხვა მელანომები:

  • თვალის ბადურა გარსის მელანომა;
  • ლორწოვანი გარსის ლენტიგინოზური მელანომა. გვხვდება ასიდან 1 შემთხვევაში. ჩნდება ცხვირის, პირის, პერიანალურ (ანუსის) და ვულვოვაგინალურ  (გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს) ლორწოვან გარსებზე. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული და არათანაბარი პიგმენტაცია.
  • რბილი ქსოვილების მალიგნიზებული მელანომა (alignant melanoma of soft parts – clear cell sarcoma). ჩნდება მყესებსა და აპონევროზებზე. გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, მათ შორის – ბავშვებსა და მოზარდებს შორის.
    ხალის გაავთვისებიანების ნიშნებია:
  • ნევუსის არეში ქავილის შეგრძნება;
  • ნევუსის ზედაპირიდან თმის ცვენა;
  • ხალის ფერის შეცვლა – შეფერილობის გამკვეთრება ან გაფერმკრთალება;
  • დაწყლულება;
  • ზრდა;
  • მოხაზულობის შეცვლა;
  • ნევუსის არეში კანის ხაზების გაქრობა;
  • ხალის ზედაპირიდან სისხლდენა;
  • კვანძების გაჩენა;
  • ინფილტრაცია ნევუსის ირგვლივ ან მის ფსკერზე.

ავთვისებიანი მელანომა კლინიკურად წარმოადგენს მკვრივ შავ სიმსივნურ კვანძს, რომელსაც ზოგჯერ მოცისფრო ელფერიც დაჰკრავს. იშვიათია უპიგმენტო, ვარდისფერი მელანომა. სიმსივნური წარმონაქმნი სხვადასხვა ზომისაა – დიამეტრი 0,5-დან 2-3 სმ-მდე მერყეობს. არცთუ იშვიათად აქვს ეროზირებული სისხლმდინარი ზედაპირი და სქელი ძირი. ასეთი წყლულების არსებობისას დიაგნოზის დასმა უბრალო დათვალიერებითაც კი (ლუპით) შესაძლებელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ავთვისებიანი მელანომა ადრეულ სტადიებში ვიზუალურად შიშს არ ბადებს. საჭიროა დიდი გამოცდილება, რომ კეთილთვისებიანი წარმონაქმნისგან (პიგმენტური ნევუსებისგან) მისი გარჩევა მოხერხდეს.

მეტასტაზირება
ავთვისებიანი მელანომის მეტასტაზირება ხდება სწრაფად, ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზით. ლიმფური ძარღვების გასწვრივ არსებული სიმსივნური უჯრედები პირველ მეტასტაზს ლიმფურ კვანძებში იძლევა. ჰემატოგენური გზით (სისხლძარღვებით) ხდება ღვიძლში, ფილტვებში, ძვლებსა და თავის ტვინში მეტასტაზირება.

მკურნალობა
ხალის ყოველგვარი ცვლილება (ზრდა, ფერის შეცვლა, დაწყლულება, სისხლდენა და სხვა) მიანიშნებს, რომ საჭიროა დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა. უმჯობესია, კეთილთვისებიანი ნევუსის შემთხვევაში ჩატარდეს რადიკალური მკურნალობა, ვიდრე კლინიკური სურათი სათანადოდ არ შეფასდეს და ავთვისებიანი მელანომა არასწორად იქნეს ნამკურნალევი. ასეთივეა რეკომენდაციები ნორმალურ კანზე ახალი პიგმენტური წარმონაქმნების გაჩენის შემთხვევაში.
არსებობს მელანომის ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი: წმინდა ქირურგიული და კომბინირებული. მეორე უფრო საფუძვლიანია, რადგან დასხივების შემდეგ შესაძლებელი ხდება სიმსივნის უფრო აბლასტურ პირობებში ამოკვეთა.
ქირურგიული ჩარევისთვის ავადმყოფის მომზადება არ არის საჭირო, რადგან ოპერაცია სხეულის ზედაპირულ შრეებზე ხორციელდება. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება წოლითი რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია ნაოპერაციევი არის ადგილმდებარეობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (სულფანილამიდებითა და ანტიბიოტიკებით).
პროცესის გენერალიზაციის შემთხვევაში ტარდება რეგიონული და სისტემური ქიმიოთერაპია.
გარდა ზემოხსენებული მეთოდებისა, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კრიოდესტრუქცია, ლაზერული დესტრუქცია, ფოტოდინამიკური დესტრუქცია.
მიმდინარეობს კვლევები მელანომის გენური თერაპიით მკურნალობის მეთოდის შესამუშავებლად.

პროფილაქტიკა
ავთვისებიანი მელანომის პროფილაქტიკა გულისხმობს ტრავმირებული ან სახეცვლილი შეძენილი და თანდაყოლილი ნევუსების დროულ მოშორებას.

 

Facebook კომენტარები