მენინგიომა (არაქნოიდენდოთელიომა, მენინგობლასტომა, ენდოთელიომა) ტვინის მაგარი გარსის ქსოვილისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შესაძლოა ქალას ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს. მენინგიომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და უმეტესად 30 წელს გადაცილებულებს შორის გვხვდება.
მენინგიომის მიზეზი/მიზეზები უცნობია. სიმსივნური ზრდის მაპროვოცირებელ ფაქტორებად შეიძლება იქცეს ტრავმა და ქრონიკული ინფექცია. მენინგიომა ვითარდება არაქნოენდოთელიუმისა და ტვინის მაგარი გარსის ურთიერთშემხები ფურცლებისგან. ბუნებით კეთილთვისებიანია, მაგრამ შესაძლოა დაიწყოს ინფილტრაციული ზრდა და ჩაიზარდოს ტვინის მაგარ გარსში, რაც უმეტესად დაავადების ხანგრძლივი (10 წელიწადს და მეტხანს) მიმდინარეობის დროს ხდება. იშვიათად შესაძლოა სიმსივნის ჩაზრდა ლაბირინთის უჯრედებში.

სიმპტომები და მიმდინარეობა
მენინგიომა შესაძლოა განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილში და, ლოკალიზაციის კვალობაზე, გამოიწვიოს სხვადასხვანაირი კლინიკური სურათი: კიდურების სისუსტე (პარეზი), მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის შევიწროება, თვალებში გაორება და ქუთუთოების დაწევა (ეგზოფთალმი); სხეულის სხვადასხვა უბანში მგრძნობელობის დაქვეითება; ეპილეფსიური შეტევები; ფსიქოემოციური დარღვევები; თავის ტკივილი. დაავადების შორსწასული სტადია (მენინგიომა აღწევს დიდ ზომას) იწვევს თავის ტვინის შეშუპებას და ტვინზე ზეწოლას. ამის შედეგად ქალასშიგა წნევა იზრდება, რაც ვლინდება თავის ძლიერი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, გონების დაბინდვით. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მკურნალობა
მენინგიომების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. მკურნალობის ძირითადი მეთოდია სიმსივნური წარმონაქმნის მოშორება ქირურგიული გზით.
ოპერაციის სიმძიმე და შედეგი, წესისამებრ, დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის მდებარეობაზე, კერძოდ, ტვინის ფუნქციურად მნიშვნელოვან ნაწილებსა და ანატომიურ სტრუქტურებთან (სისხლძარღვებსა და ნერვებთან) სიახლოვეზე.
მენინგიომის რადიკალურ ამოკვეთას უმეტესად განკურნება მოსდევს. ოპერაცია სიმსივნის ხელმეორედ განვითარების (რეციდივის) ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. მენინგიომების მხოლოდ მცირე ნაწილს ახასიათებს სწრაფი რეციდივისკენ მიდრეკილება. რეციდივი განმეორებით ოპერაციას საჭიროებს.
მენინგიომის სამკურნალოდ სხვა მეთოდები იშვიათად გამოიყენება. სხივური თერაპია ნაკლებეფექტურია, ქიმიოთერაპიას კი საერთოდ არ მიმართავენ.

Facebook კომენტარები