ნიფედიპინი (აქტიური ნივთიერება) – NIFEDIPINE – НИФЕДИПИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიფედიპინი II კლასის კალციუმის არხების სელექტიური (არჩევითი) ბლოკატორია. ქიმიურად – დიჰიდროპირიდინის წარმოებულია. აფერხებს კალციუმის შესვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, რითაც მისი ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური თვისებებია განპირობებული. მისი გავლენით სისხლძარღვებში გლუვკუნთოვანი ტონუსი მცირდება, კორონარული და პერიფერიული არტერიები ფართოვდება. სისხლძარღვების პერიფერიული საერთო წინაღობა, არტერიული წნევა და უმნიშვნელოდ – მიოკარდის კუმშვადობა ქვეითდება, პოსტდატვირთვა და მიოკარდიუმში ჟანგბადზე მოთხოვნილება მცირდება; კორონარული სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. მიოკარდიუმის გამტარებლობა არ ითრგუნება; ანტიარითმიული მოქმედება პრაქტიკულად არ გააჩნია.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავიდან სწრაფად შეიწოვება. ექვემდებარება გარდაქმნას ღვიძლში „პირველგავლის“ შედეგად. ცილებთან შებმა 92-98% აღწევს. ღვიძლში ბიოქიმიური გარდაქმნების შემდეგ არააქტიური მეტაბოლიტები წარმოიქმნება. ელიმინაციის ნახევარპერიოდი დაახლოებით 2 საათის ტოლია.

ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით გამოიდევნება მეტაბოლიტების (ბიოქიმიური გარდაქმნის არააქტიური პროდუქტების) ფორმით და უცვლელად – კვალის სახით; მეტაბოლიტების 20% ნაწლავებით გამოიყოფა.

ჩვენებები

  • სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (ვაზოსპაზმური სტენოკარდიის ჩათვლით); ცალკეულ შემთხვევებში სტენოკარდიის შეტევის მოხსნაცაა შესაძლებელი. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები, რეინოს დაავადება.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურად დგინდება.

პერორალურად საწყისი დოზა 10 მგ დღეში 3-4-ჯერ. საჭიროებისამებრ დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (ვარიანტული სტენოკარდია, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია) მოკლევადიანი მკურნალობისთვის დოზა შეიძლება 30 მგ-მდე გაიზარდოს 3-4-ჯერ დღეში.

ჰიპერტონული კრიზის და აგრეთვე სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად შეიძლება 10-20 მგ (იშვიათად 30 მგ) გამოყენება სუბლინგვალურად (ენის ქვეშ).

სტენოკარდიული შეტევის ან ჰიპერტონული კრიზის მოსახსნელად ვენაში შეჰყავთ 5 მგ 4-8 სთ-ის განმავლობაში.

გვირგვინოვან არტერიებში (შიდაკორონარულად) შეყავთ 100-200 მიკროგრამი ბოლუსით, გვირგვინოვანი არტერიების მწვავე სპაზმების მოსახსნელად. მსხვილი კორონარული არტერიების სტენოზების შემთხვევაში საწყისი დოზა 50-100 მკგ შეადგენს.

მაქსიმალური დოზები: პერორალური მიღებისათვის 120 მგ/დღეღამეში; ვენაში შესაყვანად – 30 მგ/დღეღამეში.

გვერდითი მოვლენები

გულსისხლძარღვთა სისტემაში: მოსალოდნელია კანის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება;

იშვიათად – ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია, სტენოკარდიული შეტევების გახშირება და გამძაფრება.

მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, გულძმარვა, ფაღარათი; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის გაუარესება. ერთეულ შემთხვევებში – ღრძილების ჰიპერპლაზია. გაზრდილი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა, ქოლესტაზის განვითარება ღვიძლში.

ნერვული სისტემის ცენტრალურ და პერიფერიულ განყოფილებებში: თავის ტკივილი; გაზრდილი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევებში მოსალოდნელია პარესთეზიები, ტკივილი კუნთებში, კანკალი, მხედველობის და ძილის მსუბუქი დარღვევა.

სისხლის წარმოქმნელ სისტემაში: ერთეულ შემთხვევებში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

შარდის გამომყოფ სისტემაში: დღეღამური დიურეზის მატება. გაზრდილი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციების მოშლა.

ენდოკრინულ სისტემაში: ერთეულ შემთხვევებში – გინეკომასტია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.

შიდაკორონარული შეყვანიდან 1 წთ განმავლობაში მოსალოდნელია ნიფედიპინის უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გამოვლინება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება, არტერიული ჰიპერტენზია; აღნიშნული სიმტომები 5-15 წუთში თანდათანობით ქრება.

უკუჩვენებები

* არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა 90 მმ/სს ნაკლები);

*  კოლაფსი;

* კარდიოგენური შოკი;

* გულის მძიმე უკმარისობა;

* მძიმე აორტალური სტენოზი;

* ჭარბი მგრძნობელობა ნიფედიპინისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობაში ნიფედიპინის უვნებელობა ადექვატურად შესწავლილი და სარწმუნოდ შემოწმებული არ ყოფილა. ნიფედიპინის მიღება ორსულობის დროს არაა რეკომენდებული. ვინაიდან ნიფედიპინი დედის რძეში გადადის, ლაქტაციის პერიოდში მისი მიღებას ერიდებიან, ან მკურნალობის დროს ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გააჰყავთ.

ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადასტურდა ნიფედიპინის ემბრიოტოქსიკური, ფეტოტოქსიკური და ტერატოგენური თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები

ნიფედიპინის მიღება მხოლოდ კლინიკის პირობებში მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშაა დასაშვები ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა:

♦ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მძიმე მოშლილობა, შაქრიანი დიაბეტი, დარღვევები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაში, ავთვისებიანი ჰიპერტენზია და ჰიპოვოლემია;

♦ აგრეთვე, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები. ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციური მოშლილობის შემთხვევებში ნიფედიპინის მაღალი დოზებით გამოყენებას ერიდებიან, ხანდაზმულ ავადმყოფებში მოსალოდნელია ცერებრალური სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ძლიერი პერიფერიული ვაზოდილატაციის გამო.

♦ სამკურნალო ეფექტის დასაჩქარებლად ნიფედიპინის დაღეჭვაც შეიძლება.

♦ ნიფედიპინით მკურნალობის პროცესში მკერდუკანა ტკივილების გაჩენის შემთხვევაში მისი მიღება უნდა შეწყდეს.

♦ ნიფედიპინით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ (განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში) შეიძლება „აღკვეთის სინდრომი“ წარმოშვას; ამიტომ, სავალდებულოა, რომ მკურნალობის შეწყვეტა თანდათანობით ხდებოდეს დოზების თანამიმდევრული შემცირებით.

♦ შიდაკორონარული შეყვანის შემთხვევაში, თუ ორივე სისხლძარღვის სტენოზია გამოხატული, ნიფედიპინის შეყვანა მესამე, თავისუფალ სისხლძარღვში დაუშვებელია მოსალოდნელი მკვეთრად უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გამო.

♦ მკურნალობის კურსების მიმდინარეობაში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ვინაიდან მაღალია არტერიული წნევის უკიდურესი დაქვეითების რისკი.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. მკურნალობის დასაწყისში ერიდებიან ტრანსპორტის მართვას და პოტენციურად სარისკო სამუშაოთა შესრულებას, რომლებისთვისაც სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციებია საჭირო; შემდგომში ამგვარი შეზღუდვები შეიძლება შეიცვალოს ნიფედიპინისადმი ინდივიდუალური შეგუების მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ნიფედიპინის ჰიპოტენზიური მოქმედება ძლიერდება ბეტა-ადრენობლოკატორებთან, დიურეტიკებთან და სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ერთდროული მიღების შემთხვევაში.

– ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერება ნიტრატებთან ერთდროული მიღების დროს აღინიშნება.

– ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, ციმეტიდინმა, რანიტიდინმა შეიძლება ნიფედიპინის ეფექტები გააძლიერონ.

– ნიფედიპინთან ერთდროულად მიღებული ქინიდინის კონცენტრაცია პლაზმაში ქვეითდება, ხოლო თეოფილინისა და დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება.

– რიფამპიცინი ღვიძლში ფერმენტების ინდუქციას იწვევს, რასაც ნიფედიპინის დაჩქარებული მეტაბოლიზმი მოჰყვება; ამიტომ ნიფედიპინის ეფექტურობის დაქვეითებაა მოსალოდნელი. კალციუმის პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაშიც ნიფედიპინის ეფექტი კნინდება ანტაგონისტური ურთიერთქმედების გამო, რომელიც ექსტრაუჯრედულ სივრცეში კალციუმის იონების გაზრდილი კონცენტრაციითაა განპირობებული.

Facebook კომენტარები

Vairkoseti