ორციპრენალინი – ORCIPRENALINE – ОРЦИПРЕНАЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორციპრენალინი წარმოადგენს ადრენომიმეტურ საშუალებას, რომელიც ასტიმულირებს ბეტა1 და ბეტა2 ადრენორეცეპტორებს. იგი ხასიათდება კარგად გამოხატული ბრონქოლიზური აქტივობით, ხელს უწყობს ბრონქოსპაზმის კუპირებას. პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება მისი ინჰალაციიდან 10-15 წთ-ის შემდეგ, მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 1-1.5 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. ორციპრენალინი აძლიერებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, იწვევს ზომიერ ტაქიკარდიას.

ჩვენებები

  • გამოიყენება ბრონქული ასთმის, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების, აგრეთვე ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შედეგად განვითარებული ბრონქოსპაზმის კუპირების მიზნით;
  • ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა ბრონქოსკოპიისა და ბრონქოგრაფიის ჩატარების წინ გულმკერდის ღრუს ოპერაციების დროს.
  • ატრიონვეტრიკულური ბლოკადა (მათ შორის მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის დროს), ბრადიკარდია.

დოზირების რეჟიმი

ინჰალაციური გზით გამოყენებისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 750 მკგ-ს. ინჰალაციების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და პაციენტის ასაკზე.

– შიგნით მისაღებად ინიშნება 20-40 მგ 2-4-ჯერ დღეში.

– ხანგრძლივი მკურნალობის და მორგან-ადამს-სტოქსის შეტევების პროფილაქტიკის დროს – 10-20 მგ 6-10-ჯერ დღე-ღამეში.

– გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის გულის გამტარებლობის დარღვევის) დროს პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში 0.5-1 მგ დოზით, ხოლო აუცილებლობის შემთხევაში – ვენაში ინექციით, ნელა 0.25-0.5 მგ დოზით, ან ვენაში წვეთოვანი გზით 5-10 მგ დოზით; შეყვანის სიჩქარე შეადგენს 10-20 წვეთს/წთ-ში სრული თერაპიული ეფექტის მიღწევამდე (პრეპარატის დოზის და შეყვანის სიჩქარის განსაზღვრა ხდება გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების მიხედვით).

– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პარენტერულად შეჰყავთ 0.1-0.2 მგ პრეპარატი დღეში;

– 2-3 წლის ასაკის ბავშვებში – შიგნით მისაღებად ინიშნება 20 მგ დღეში დაყოფილ 4 მიღებაზე, კუნთებში ან კანქვეშ – 0.15-0.3 მგ დღეში;

– 4-7 წლის ასაკის ბავშვებში – შიგნით მისაღებად ინიშნება 20-40 მგ დღეში დაყოფილი 4 მიღებაზე,  ხოლო კუნთებში ან კანქვეშ – 0.2-0.4 მგ დღეში;

– 8-14 წლის ასაკში – შიგნით მისაღებად ინიშნება 40-60 მგ დღეში, კუნთებში ან კანქვეშ – 0.5 მგ დღეში;

– 15-18 წლის ასაკში – შიგნით მისაღებად ინიშნება 40-80 მგ დღეში დაყოფილი 4 მიღებაზე,  ხოლო კუნთებში, ან კანქვეშ – 0.5-1 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, დათრგუნული მდგომარეობა, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები.

იშვიათად – თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ურტიკარიის სახით.

პრეპარატის ინჰალაციების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის დესტრუქცია.

უკუჩვენებები

* ჰიპერთირეოზი;

* სუბაორტული სტენოზი;

* მკვეთრად გამოხატული ტაქიკარდია;

* ტაქიარითმიები;

* პარკუჭების ციმციმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ორციპრენალინის ინჰალაციებს იყენებენ დამატებითი თერაპიის სახით ბრონქებისა და ფილტვების დაავადების მკურნალობისას სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეჰყავთ ინჰალაციური გზით (მათ შორის ანტიბიოტიკები, მუკოლიზური საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები).

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით, გულის იშემიური დაავადებით, გულის ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ორციპრენალინის კომბინაცია ადენო- და სიმპათომიმეტური ჯგუფის სხვა ბრონქოლიზურ საშუალებებთან ნებადართული არ არის.

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ ორციპრენალინის მოქმედების ეფექტს.

Facebook კომენტარები

Vairkoseti