პირითინოლი – PIRITINOL – ПИРИТИНОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პირითინოლი პირიდოქსინის წარმოებული ნოოტროპული პრეპარატია. იგი ხელს უწყობს თავის ტვინში პათოლოგიურად დაქვეითებული მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას, გლუკოზის უტილიზაციას და ნუკლეინის მჟავის ცვლას, თავის ტვინის რიგი ფერმენტების და მედიატორული სისტემების აქტივაციას.

პრეპარატი სისტემური გამოყენებისას აუმჯობესებს გონებრივ განვითარებას, მეხსიერებას, იწვევს სწავლის პროცესის უნარის გაზრდას. ასევე იგი ხელს უწყობს თავის ტვინის რეზისტენტობის ამაღლებას ჰიპოქსიის მიმართ.

ჩვენებები

  • თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის შემდგომი მდგომარეობა; ენცეფალიტი, ინტოქსიკაციები;
  • პოსტტრავმული ენცეფალოპათია;
  • ცერებრული ათეროსკლეროზი, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ხანდაზმულ ასაკში;
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
  • ცერებროასთენიური სინდრომი;
  • ენცეფალოპათია ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 100-200 მგ 3-ჯერ დღეში, ბავშვებში – 50-300 მგ (ჩვენების მიხედვით). პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი შეადგენს 2-3 თვეს. რეკომენდებულია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება ყოველ 1-6 თვეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ძილის დარღვევა, მომატებული აგზნება, დისპეფსიური მოვლენები, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება სისხლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, ქოლესტაზი, ძალიან იშვიათად – ართრალგიები.

უკუჩვენებები

გამოხატული ფსიქომოტორული აგზნება, ეპილეფსია, კრუნჩხვები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სიროფის სახით – ფრუქტოზის აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის დარღვევით, მიასთენიით. პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მკაცრი ჩვენების მიხედვით. ბავშვებში არ არის რეკომენდებული უკანასკნელი დოზის დანიშვნა საღამოს საათებში.

Facebook კომენტარები