Aviabiltebi
მთავარი მკურნალი რიფამპიცინი (აქტიური ნივთიერება) – RIFAMPICIN – РИФАМПИЦИН

რიფამპიცინი (აქტიური ნივთიერება) – RIFAMPICIN – РИФАМПИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

რიფამპიცინი წარმოადგენს რიფამპიცინების ჯგუფის ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს. ახასიათებს ბაქტერიოსტატული, ხოლო მაღალ დოზებში – ბაქტერიოციდული მოქმედება. მაღალი აქტიურობით გამოირჩევა ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მიმართ. იგი წარმოადგენს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი რიგის პრეპარატს. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების (სტაფილოკოკების, მათ შორის მულტირეზისტენტული, სტრეპტოკოკების, ციმბირის წყლულის გამომწვევი ჩხირების, კლოსტირიდიების), აგრეთვე ზოგიერთი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ასევე მოქმედებს ბრუცელოზის, ლეგიონერების დაავადების, კეთრის, ტრაქომის გამომწვევებზე. პრეპარატისადმი მდგრადობა ვითარდება სწრაფად. ჯვარედინი მდგრადობა სხვა ანტიტუბერკულოზური პრეპარატებისადმი (სხვა რიფამპიცინებისაგან განსხვავებით) არ აღინიშნება.

ფარმაკოკინეტიკა

რიფამპიცინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. შედის კავერნაში. ძვლის ქსოვილში და სხვა. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ღვიძლისა და თირკმლების საშუალებით. შიგნით მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-2.5 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები

  • ტუბერკულოზის ყველა ფორმა;
  • მენინგოკოკების მატარებლ ავადმყოფთა პროფილაქტიკური მკურნალობა;
  • პნევმონიები, ბრონქოპნევმონიები, ოსტეომიელიტი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, მწვავე გონორეა, სხვა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის შემთხვევაში.

რიფამპიცინი ხასიათდება ცოფის ვირუსის მიმართ ვირულოციდური ეფექტით. იგი თრგუნავს რაბიული ენცეფალიტის განვითარების პროცესს, რის გამოც პრეპარატს იყენებენ ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციურ პერიოდში.

დოზირების რეჟიმი

რიფამპიცინს შიგნით იღებენ უზმოზე (0.5-1 სთ-ით ადრე ჭამამდე) ან შეჰყავთ ვენაში წვეთობრივად (მხოლოდ მოზრდილებში).

ხსნარის მოსამზადებლად 0.15 გ პრეპარატს ხსნიან 2.5 მლ სტერილურ საინექციო წყალში (ამპულას შეანჯღრევენ), შემდეგ მიღებულ ხსნარს ხსნიან 125 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში.

დოზირება წარმოებს ინდივიდუალურად პაციენტის წონის გათვალისწინებით.

ტუბერკულოზი:

– საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 0.45 გ (დღეში ერთხელ). ავადმყოფებს, რომელთა სხეულის მასა 50 კგ წონაზე მეტია, დაავადების გამწვავების პერიოდში შესაძლებელია სადღეღამისო დოზა გაიზარდოს 0.6 გ-მდე.

– 2 თვემდე ასაკის ახალშობილებს და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს ენიშნებათ 10 მგ/კგ წონაზე დღეში ერთხელ;

– ჩვილ ბავშვებს 2 თვის შემდეგ  – 15 მგ/კგ წონაზე დღეში ერთხელ (1-2 კაფსულა);

– ბავშვებში 6-დან 12 წლამდე – 10 მგ/კგ წონაზე დღეში ერთხელ 1-3 კაფსულა.

ხანგრძლივი თერაპიის დროს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 450 მგ.

აქტიური გაურთულებელი ტუბერკულოზური პროცესის მკურნალობა შეადგენს 6-დან 12 თვემდე. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

არატუბერკულოზური წარმოშობის ინფექციების დროს მოზრდილებს ენიშნებათ პრეპარატის 0.45-0.9 გ დღეღამეში, ხოლო ბავშვებს 8-10 მგ/კგ 2-3-ჯერ.

– მოზრდილებში ვენაში შეჰყავთ 7-10 დღის განმავლობაში 0.3-0.9 გ 2-3-ჯერ.

მწვავე გონორეის დროს ენიშნებათ 0.9 გ დღეღამეში 1-2 დღის განმავლობაში.

ცოფის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებს შიგნით მისაღებად ენიშნებათ 0.45-0.6 გ დღეღამეში. მძიმე შემთხვევებში (თავის მიდამოში, სახეზე და ხელზე კბენის დროს) ენიშნებათ პრეპარატის 0.9 გ დღეღამეში.

ბავშვებს 12 წლის ასაკამდე ენიშნებათ 8-10 მგ/კგ წონაზე დღეში 2-3-ჯერ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.

მენინგოკოკური პროცესის პროფილაქტიკა:

– ბავშვებს 3-დან 12 თვემდე ენიშნებათ 5 მგ/კგ წონაზე დღეში 2-ჯერ 2 დღის  განმავლობაში.

– ბავშვებში 1-დან 12 წლამდე – 10 მგ/კგ წონაზე დღეში 2-ჯერ 2 დღის განმავლობაში.

– ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 600 მგ დღეში 2-ჯერ, 4 კაფსულა 2 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე და ღვიძლის გადიდება (ალკოჰოლიზმით დაავადებული ავადმყოფები);

პრეპარატის სწრაფად შეყვანისას ვენაში, შესაძლებელია არტერიული წნევის დაცემა, ხოლო ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება ფლებიტი.

რიფამპიცინის რეგულარული გამოყენებისას აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი კანზე, კუნთების და სახსრების ტკივილები;

იშვიათად აღინიშნება სპონტანური კაპილარული სისხლისდენა (პურპურა), ქავილი, ჭინჭრის ციება, ქსოვილების შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, მხედველობის დარღვევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა რიფამპიცინის მიმართ;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, სიყვითლე (ობტურაციული სიყვითლე), ღვიძლის ციროზის აქტიური ფორმა, ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი);

* ალერგიული რეაქციები;

* მსუბუქი ჰიპერერგული რეაქციების დროს, პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია ხანმოკლე შესვენების და აღნიშნული რეაქციების სიმპტომების გაქრობის შემდეგ;

* პრეპარატის ვენაში შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია ფილტვებისა და გულის უკმარისობის, აგრეთვე ფლებიტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს რიფამპიცინით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებების, დადებითი ეფექტისა და შესაძლებელი გართულების რისკის თავიდან აცილების მიზნით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ რიფამპიცინი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს – ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

♦ პრეპარატის მიღება იწვევს შარდის, ნერწყვის, ცრემლის წითლად შეფერადებას.

♦ შაქრიანი დაბეტის ფონზე მიმდინარე, ტუბერკულოზის სამკურნალოდ, რიფამპიცინის ვენაში შეყვანისას, გლუკოზის ყოველ 4-5- გ-ზე, როგორც გამხსნელი, შეჰყავთ 2 ერთეული ინსულინი.

♦ რიფამპიცინის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის (ლეიკოპენია) და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რიფამპიცინი აქვეითებს შემდეგი პრეპარატების: კორტიზონის, პრედნიზოლონის, მეთილპრედნიზოლონის, ნორეთისტერონის, ეთინილესტრადიოლის, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, თეოფილინის, დიგიტოქსინის, დიგოქსინის, ქინიდინის, სულფანილამიდების, მეტოპროლოლის, ბარბიტურატების, ფენიტოინის, ქლორამფენიკოლის, ვერაპამილის, ციმეტიდინის, მეტადონის, ვიტამინი და მისი მეტაბოლიტების, კეტოკონაზოლის მოქმედებას. ამიტომ რიფამპიცინით მკურნალობის დასაწყისში და დამთავრების შემდეგ, აუცილებელია შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების ინდივიდუალური დოზირება.

Facebook კომენტარები