Aviabiltebi
მთავარი დაავადებები სინდრომი ობალის – “ოქროს” მიოკიმიის

სინდრომი ობალის – “ოქროს” მიოკიმიის

ობალის სინდრომი
ობალის სინდრომი არის კვებითი ამბლიოპია, მხედველობის მძიმე დარღვევა ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია: ალიმენტური შეშუპება, ფრჩხილებისა და თმის დისტროფია, პოლინევრიტი, ყურის ირგვლივი ჯირკვლების შესივება, მხედველობის გაუარესება, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ცენტრალური დიდი სკოტომები, ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ობერლინგის სინდრომი
ობერლინგის სინდრომი წარმოადგენს რეტიკულოსარკომატოზს, რეტიკულოენდოთელიური წარმოშობის სარკომას. მისთვის დამახასიათებელია: ლიმფური კვანძების გადიდება (უპირატესად – კისერზე), ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია, ედსის მომატება, ანემია, ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ადრეული მეტასტაზები სხვადასხვა ორგანოში. კლინიკა მოგვაგონებს ლიმფოსარკომატოზს. შედეგი ლეტალურია.

ობრინსკის სინდრომი
ობრინსკის სინდრომი (სინონიმი: ფროლიჰის სინდრომი) წარმოადგენს მუცლის წინა კედლის კუნთების მემკვიდრეობით აპლაზიას. ახასიათებს მუცლის გადიდება, მუცლის ფარის თხელი კედლის ქვეშ კარგად ისინჯება მუცლის ღრუს ყველა ორგანო, შარდის ბუშტი გადიდებული და გაფართოებულია, ყელის დახურვის გამო, თან ახლავს ჰიდროურეთერი და ჰიდრონეფროზი, კრიპტორქიზმი. ხშირია გულმკერდის ყაფაზის, ხერხემლისა და ტერფების დეფორმაცია. იშვიათია ოლიგოფრენია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოგილვის სინდრომი
ოგილვის სინდრომი კლინიკური და რენტგენოლოგიური მონაცემების მიხედვით ხასიათდება როგორც მწვავე მექანიკური გაუვალობა, რომლის დროსაც არ შეინიშნება ანატომიური ცვლილებები. გვხვდება სხვადასხვა ოპერაციული ჩარევის, ტრავმის, შინაგან ორგანოთა (მათ შორის – მუცლის ღრუს ორგანოთა) დამწვრობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოდრის სინდრომი
ოდრის სინდრომი წარმოადგენს ანომალიათა მემკვიდრეობით კომპლექსს აუტოსომურ-რეცესიული ან აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია აკრომეგალია და თვალის რქოვანას კლეიკომა. ვლინდება, ჩვეულებრივ, მოზრდილებში. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოვრენის სინდრომი
ოვრენის სინდრომი წარმოადგენს ძვლის ტვინის ინფექციურ-ალერგიულ აპლაზიურ მდგომარეობას. იწყება მწვავედ. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ღებინება, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ელენთის გადიდება, ანაფილაქტოიდური პურპურა, სისხლში – ანემია, სფეროციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოპენია, ძვლის ტვინში ერითრობლასტების შემცირება სრულ გაქრობამდე, მეგაკარიოციტოზი, მიელობლასტოზი, პრომიელოციტოზი. უპირატესად შეინიშნება ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ამა თუ იმ სახის ანემია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოზეს სინდრომი
ოზეს სინდრომი (სინონიმი: ბოგარტ-ოზეს სინდრომი) თანდაყოლილი კომპლექსური მეზოექტოდერმული დისპლაზია. მისთვის დამახასიათებელია: ზოგადი კერატოზი, ფრჩხილების დისტროფია, მოკლე კიდურები, პერიფერიულ სისხლძარღვებზე არ ისინჯება პულსაცია, აკროციანოზი, სახის დისპლაზია ასიმეტრიით, ბრტყელი ცხვირით, განუვითარებელი ნიკაპით, მიხორცებული ყურის ბიბილოები, წარბებისა და წამწამების ჰიპოპლაზია,  ჰიპერტელორიზმი,  მიოპია, ასტიგმატიზმი, იმბეცილობა, დიფუზური ოსტეოპოროზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოკერმანის სინდრომი
ოკერმანის სინდრომი, მანოსიდეროზი, წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია: ინფექციისადმი მომატებული მგრძნობელობა, სხეულის უხეში აგებულება დიდი ჩონჩხითა და სიმაღლით, მაკროგლოსია, ბრტყელი ცხვირი, დიდი ყურები, მეჩხერი კბილები, დიდი თავი, მტევნები და ტერფები, ჰეპატოსპლენომეგალია, კუნთების ჰიპოტონია, ჩონჩხის სხვადასხვა ანომალია, თავის ტვინის პარკუჭთა გაფართოება, ბროლის შემღვრევა, ჰიპოგამაგლობულინემია, ლიმფოციტების ვაკუოლიზაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ო-კონელის სინდრომი
ო-კონელის სინდრომი – ჰიპოფიზის ადენომა (პროლაქტინომა) მამაკაცებში, რომელიც შერწყმულია გინეკომასტიასთან, სათესლე ჯირკვლების ატროფიასა და ლაქტაციასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოკულოგლანდულარული
სინდრომი

ოკულოგლანდულარული სინდრომი (სინონიმი: რომანის სიმპტომი) არის ცალმხრივი ან ორმხრივი კონიუნქტივიტი, ხშირად შეუღლებული დაკრიოცისტიტთან, თანმხვედრი ქუთუთოსა და სახის შეშუპებით. ნიშანია ამერიკული ტრეპანოსომოზისა, რომლის მიზეზია აგენტის კონიუნქტივიდან შეჭრა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოკულობუკოგენიტალური
სინდრომი

ოკულობუკოგენიტალური სინდრომი (სინონიმები: ჟილბერტ-ბესის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება) წარმოადგენს ორმხრივი ირიტის შერწყმას პირის ღრუს რძიანასთან, სასქესო ორგანოების დაწყლულებასთან (ორივე სქესისთვის). გარდა ამისა, აღინიშნება კანის ერითემული ცვლილებები, ხშირად – სახსრების ძლიერი ტკივილიც. ეტიოლოგია უცნობია, სავარაუდოდ, ვირუსული. ხშირად იწვევს ნერვული სისტემის გართულებებს მენინგოენცეფალიტის სახით. აქვს მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომატიკა (თავის ტკივილი, მენინგეალური ჰემიპლეგია,  კრუნჩხვები, ფსიქიკური მოშლილობანი).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტის სინდრომი I
ოლბრაიტის სინდრომი I (სინონიმები: ოლბრაიტ-ბანტამის სინდრომი, მარტინ-ოლბრაიტის ფსევდოჰიპოპარათირეოიდული სინდრომი, ოლბრაიტის მემკვიდრეობითი ოსტეოდისტროფია) წარმოადგენს ჰიპოპარათირეოიდულ კრეტინიზმს, პარათირეოიდული ჰორმონის ქსოვილებისმიერი უტილიზაციის დარღვევის შედეგს. მისთვის დამახასიათებელია: ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, აქონდროპლაზია, გონებრივი განვითარების არასრულფასოვნება, ტეტანიის შეტევები, კატარაქტა, ფრჩხილების დისტროფია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტის სინდრომი II
ოლბრაიტის სინდრომი II (სინონიმები: ოლბრაიტ-ბატლერ-ბლუმბერგის სინდრომი, ბატლერ-ოლბრაიტის სინდრომი), იგივეა, რაც ქრონიკული მილაკოვანი აციდოზი, ფოსფატ-დიაბეტი. ჰიპოფოსფატემიური ტუბულოპათია, D ვიტამინის მიმართ რეზისტენტული რაქიტი, რენალურ-ტუბულარული აციდოზი. ვითარდება ინტერსტიციული აღმავალი პიელონეფრიტის შედეგად. ამ დროს მკვეთრად მცირდება თირკმელებით წყალბადის იონების გამოყოფა. სამაგიეროდ, გაძლიერებულად გამოიყოფა ბიკარბონატები, კალიუმი და კალციუმი. დასტურდება მეტაბოლური აციდოზი. დამახასიათებელია: წყურვილი, პოლიდიფსია, პირსაქმება, შეკრულობა, სისუსტე, პოლიურია, ჰიპოსთენურია, ადინამია, ძვლებისა და კუნთების ტკივილი, თავბრუ, რაქიტი, ზრდის შეფრხება, ოსტეომალაცია, ჩონჩხის დეფორმაცია, პათოლოგიური მოტეხილობები, თირკმლის ჭვალი, ნეფროლითიაზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტ-ბალტერის
სინდრომი

ოლბრაიტ-ბალტერის სინდრომი, ლაიტვუდ-ოლბრაიტის II სინდრომი, უკავშირდება წყალბადის იონების სეკრეციის თანდაყოლილ მემკვიდრეობით დეფექტს თირკმლის კლაკნილი მილაკების დისტალურ ნაწილში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტ-ფორბეს
სინდრომი

ოლბრაიტ-ფორბეს სინდრომი (სინონიმები: აუმადა-დელ კასტილიოს სინდრომი, არგონც-დელ კასტილიოს სინდრომი) წარმოადგენს დარღვევათა ტრიადას: ამენორეა, გალაქტორეა, შარდში გონადოტროპინების შემცველობის დაქვეითება. უმეტესად მემკვიდრეობითი წარმოშობისაა და უკავშირდება ჰიპოფიზის ადენომატოზს ან სიმსივნეს. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-დომინატურია. ვლინდება ახალგაზრდა ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტ-ჰადორნის
სინდრომი

ოლბრაიტ-ჰადორნის სინდრომი წარმოადგენს ოსტეომალაციას პაროქსიზმული ჰიპოკალიემური კუნთოვანი დამბლით, რასაც მოჰყვება ენერგეტიკული დინამიკური ხასიათის გულის უკმარისობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლდრიჩის სინდრომი
ოლდრიჩის სინდრომი (სინონიმები: ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი, ოლდრიჩ-საინბერგ-კემპბელის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადებაა, განპირობებული თრომბოციტების წარმოშობის დარღვევით და სისხლში იმუნოგლობულინების დაქვეითებით. ახასიათებს: სისხლდენა, თრომბოციტოპენია, პნევმონიებისადმი მიდრეკილება, ჩირქოვანი ოტიტი, მრავლობითი აბსცესი და სხვა ჩირქოვანი პროცესები. გადაცემის ტიპი რეცესიულია, სქესთან შეკავშირებული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლენდორფ-კურთის
სინდრომი

ოლენდორფ-კურთის სინდრომი იგივეა, რაც შავი ფსევდოაკანთოზი, შავი აკანთოზის კეთილთვისებიანი ნაირსახეობა. გვხვდება სიმსივნით დაავადებულ ქალებში. აკანთოზისთვის დამახასიათებელი კანის ცვლილებები ლოკალიზდება იღლიისქვეშა მიდამოში. ეტიოლოგია, სავარაუდოდ, ენდოკრინულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლიეს სინდრომი I
ოლიეს სინდრომი I წარმოადგენს ძვლების დისქონდროპლაზიის (მრავლობითი ქონდრომატოზი) შერწყმას ადიპოზურ-გენიტალურ დისტროფიასთან. გვხვდება ენდოკრინული აპარატის დისფუნქციის დროს. შესაძლოა, იყოს პირველადი ჩასახვის ან ნაყოფის ზრდის პათოლოგიის ნიშანი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლიეს სინდრომი II

ოლიეს სინდრომი II (სინონიმები: კლიპელ-ტრენონის სინდრომი, პარკეს-ვებერის სინდრომი) წარმოადგენს სხეულის ნაწილების (ძირითადად – კუნთებისა და ძვლების) ჰიპერტროფიას, რაც შეეფარდება სათანადო ნაწილებში ანგიომურ ცვლილებებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლსონის სინდრომი
ოლსონის სინდრომი წარმოადგენს სმენისა და მხედველობის ორგანოებისა და თირკმელების მემკვიდრეობით ანომალიათა შერწყმას გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიული და აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: მკვეთრი ახლომხედველობა თვალის ფსკერის სათანადო ცვლილებებით, ოტიტის რეციდივები ქრონიკული ნეფროპათიით, პროტეინურია, ინტერმიტირებული მიკროჰემატურია, ჰიპერამინოაციდურია (ალანინის, გლუტამინის მჟავასა და ჰისტიდინის მატება შარდში).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლჰაგენ-ლილიესტანდის
სინდრომი

ოლჰაგენ-ლილიესტანდის სინდრომი წარმოადგენს ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედსი) იზოლირებულ მომატებას კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე. ედსი მომატებულია წლების, ზოგჯერ ათეულობით წლის განმავლობაში. ხშირია ჰიპერგამაგლობულინემია, პარაპროტეინემია. აღინიშნება გამოხატული გინეკოტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ომბრედანის სინდრომი
ომბრედანის სინდრომი იგივე ჰიპერთერმიული სინდრომია, რომელსაც თან ახლავს სიფითრე,  ტაქიკარდია, ჰიპოტონია, არცთუ იშვიათად – კრუნჩხვა. ზოგჯერ უვითარდება ძუძუთა ბავშვს ოპერაციული ჩარევიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპალსკის სინდრომი
ოპალსკის სინდრომისთვის დამახასიათებელია: გულის ფრიალი, ხანმოკლე ჰიპერტენზია, მუცელში ზეწოლის შეგრძნება, სპასტიკური შარდვა, აკომოდაციის პაროქსიზმული დარღვევები, ლაბირინთული დარღვევები, თავბრუ, რიტმული ციმციმი, საერთო მოთენთილობა, სიკვდილის შიში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპელის სინდრომი
ოპელის სინდრომი – ეს არის კიდურზე არტერიული პულსაციის არარსებობა, შეუღლებული ადგილობრივი ტემპერატურის დაქვეითებასა და დაბალ ვენურ წნევასთან. აღინიშნება მაგისტრალურ არტერიაში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტისა და კოლატერალური ქსელის სისხლძარღვთა მყარი სპაზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპენჰეიმის სინდრომი
ოპენჰეიმის სინდრომი იგივეა, რაც ჰიპოფიზური ფსევდოტაბესი, განვითარებული ჰიპოფიზში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის, უმეტესად სიმსივნურის, ნიადაგზე. ახასიათებს მხედველობის ნერვის ატროფია და მყესის რეფლექსების გაქრობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპიცის სინდრომი

ოპიცის სინდრომი იგივეა, რაც თრომბოფლებიტური სპლენომეგალია, ელენთის ფიბროადენია, ელენთაში სისხლის მიმოქცევის დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. დაავადების დასაწყისში, ჩვეულებრივ, შეინიშნება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტარქტიდან, სისხლის ჩაქცევა კანსა და ლორწოვან გარსებში. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია, დასტურდება ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რენტგენოლოგიურად – საყლაპავის ვენების გაფართოება. მიზეზია სიმსივნე ან მისი მეტასტაზები, ტრავმა, ანთება და სხვა ფაქტორები, რომლებიც ელენთის ვენებში სისხლდენას აძლიერებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორალური ალერგიის
სინდრომი

ორალური ალერგიის სინდრომი ანუ კვებითი ალერგიის სინდრომი – ამ სახელწოდებით აღინიშნება ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვითარდება საკვების მიღების შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორთოსტატიკული
სინდრომი

ორთოსტატიკული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ზოგჯერ წარმოიშობა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად გადასვლისას ან ხანგრძლივად დგომისას. დამახასიათებელია თავბრუ, გულის ფრიალი, უფრო იშვიათად – გულის წასვლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორმოცდამეათე დღის
სინდრომი

ორმოცდამეათე დღის სინდრომი (სინონიმი: გლაცმან-ბალანდის სინდრომი) აღინიშნება დიფტერიის დროს და გულისხმობს მისი ავთვისებიანი მიმდინარეობის მოგვიანებით გამოვლინებას. დაავადების 35-ე და 50-ე დღეს ვითარდება კოლაფსი, პირღებინება, სიცხე 38 0ჩ-ს აღწევს, შეინიშნება არიტმია, ჭენების რიტმი, ექსტრასისტოლია, ასევე – ციანოზი, ქოშინი. ხშირია ასისტოლია, დიაფრაგმისა და სასუნთქი კუნთების დამბლა. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორტნერის სინდრომი
ორტნერის სინდრომი იგივეა, რაც აბდომინური ანგინა, ნაწლავთა ფსევდოთრომბოზი, ნაწლავთა ათეროსკლეროზული დისპრაგია, მუცლის ღრუს ორგანოთა ინტერმიტირებული იშემია. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზია მეზენტერიულ სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი, უფრო იშვიათად – თრომბოზი. მისთვის დამახასიათებელია: შეტევითი ტკივილი მუცელში, უპირატესად – ჭიპის ირგვლივ ან ფერდქვეშ (რომელიც თავს იჩენს ჭამის ან ფიზიკური შრომის შემდეგ), ბოყინი, შებერვა, მეტეორიზმი, შეკრულობა, პაროქსიზმული ქოშინი. აღენიშნებათ ხანში შესულებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოსტრუმ-ფერსტის
სინდრომი

ოსტრუმ-ფერსტის სინდრომი (სინონიმი: ფერსტ-ოსტრუმის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია: კისრის მალების სინოსტოზი, ბეჭების მაღლა მდებარეობა და ბლატიბაზია, სახის ნერვის პარეზი მარცხნივ, მარცხენა ხელის ასოციაციურ მოძრაობათა არარსებობა, მხრის ორთავა კუნთის მომატებული რეფლექსი იმავე მხარეს და მისი გაქრობა მარჯვნივ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოტოოკულტური
სინდრომი

ოტოოკულტური სინდრომი (სინონიმები: ალპორტის სინდრომი, დიკინსონის სინდრომი) წარმოადგენს სისტემურ გლომერულონეფრიტს სიყრუით. ეს არის ოჯახური ჰემორაგიული მემკვიდრეობითი ნეფრიტი, მემკვიდრეობითი დაავადება სმენის დაქვეითებით ან სიყრუით, ზოგჯერ კატარაქტით და 16-25 წლის ასაკში თირკმელების უკმარისობის განვითარებით. აღენიშნებათ მხოლოდ მამაკაცებს. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

“ოქროს” მიოკიმიის
სინდრომი

“ოქროს” მიოკიმიის სინდრომი წარმოადგენს კრიოთერაპიის იშვიათ ფორმას. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ავადმყოფს უვითარდება ნევროლოგიური გართულებები, რომელთათვისაც დამახასიათებელია: მიოკიმია, ოფლიანობა, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, უძილობა, ემოციური ლაბილურობა, დეპრესია, ფსიქოზი. ოქროთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ყველა ეს სიმპტომი ქრება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები