სიფილისი (ათაშანგი)

სიფილისი
(ათაშანგი)

სიფილისი (ქართული სახელწოდება – ათაშანგი) ინფექციური დაავადებაა. ის აზიანებს კანს, ლორწოვანს, შინაგან ორგანოებს, იმუნურ სისტემას, ძვლებსა და ნერვულ სისტემას. დაავადების გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა.
კარგა ხანს მიაჩნდათ, რომ სიფილისი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მისი ახალი ტალღა აგორდა. მოვლენების ასეთმა შემობრუნებამ ზოგიერთი ექიმი საგონებელში ჩააგდო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ექიმებს სწორი დიაგნოზის დასმა უჭირდათ. გერმანიაში 2001-2006 წლებში სიფილისით დაავადებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა, ბრიტანეთში – 10-ჯერ, საფრანგეთში კი 16-ჯერ.

გადაცემის გზები

ათაშანგით ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა სქესობრივი კონტაქტია. ინფიცირება ხდება გენიტალიების, ექსტრაგენიტალიების, კანის მცირე დეფექტებიდან, ასევე – ლორწოვანის ეპითელიუმიდან.
ნერწყვში ათაშანგის გამომწვევი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, როდესაც გამონაყარი ჩნდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.
სიფილისით დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო ნივთების (ჭურჭლის, პირსახოცის და სხვათა) საშუალებითაც, ოღონდ ძალიან იშვიათად.
ჩვილს დაავადება შესაძლოა გადაედოს სიფილისით დაავადებული დედის რძის მეშვეობით. არც მუცლად ყოფნის დროს ინფიცირებაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში ნაყოფი თანდაყოლილი სიფილისით იბადება. თანდაყოლილი სიფილისის ნაადრევი  ფორმები ორ წლამდე ვლინდება, გვიანი – შედარებით გვიან.
შარდისა და ოფლის საშუალებით სიფილისის გადაცემის შემთხვევები აღრიცხული არ არის.

სიმპტომები და მიმდინარეობა

სიფილისი ინფიცირების დასაწყისიდანვე წარმოადგენს ზოგადინფექციურ დაავადებას, რომელიც წლობით გრძელდება. დაავადების გამწვავება გამოიხატება მისი ნიშნების აქტიური გამოვლენით კანზე, ლორწოვანსა და შინაგან ორგანოებზე. სიფილისის კლინიკური სურათისა და საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის შეცვლის, მცირესიმპტომიანი და უსიმპტომო ფორმების ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზია წამლების, მათ შორის – ანტიბაქტერიული პრეპარატების, ხშირი და მიზანშეუწონელი გამოყენება, ასევე – ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითება. სიფილისის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 3-4 კვირაა, იშვიათად – 2-6. სიფილისის სიმპტომები მეტად მრავალფეროვანია და დაავადების სტადიის შესაბამისად იცვლება.
სიფილისის პირველი სტადია ვითარდება საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ. დაავადების გამომწვევის ორგანიზმში შეღწევის ადგილას (სასქესო ორგანოები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, სწორი ნაწლავი, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის კანი) ჩნდება მკვრივფუძიანი უმტკივნეულო წყლული – მაგარი შანკრი. ის, წესისამებრ, ერთია. წყლულის გაჩენიდან 1-2 კვირის შემდეგ დიდდება ახლომდებარე ლიმფური კვანძები (წყლულის პირის ღრუში ლოკალიზაციისას – ყბისქვეშა ლიმფური კვანძები, ხოლო სასქესო ორგანოების დაზიანებისას – საზარდულისა). 3-6 კვირაში წყლული თავისთავად, მკურნალობის გარეშე ხორცდება. მაგარი შანკრის გაქრობა აჩვენებს, რომ დაავადება გადავიდა ლატენტურ სტადიაში, რომლის დროსაც ორგანიზმში მიმდინარეობს ტრეპონემების (სიფილისის გამომწვევების) აქტიური გამრავლება. ათაშანგის განვითარებისას უმეტესად სწორედ ასეთი სურათი ვითარდება, თუმცა ინფექცია შესაძლოა ატიპურადაც გამოვლინდეს: შანკრი იყოს მრავლობითი, მტკივნეული ან ჩირქოვანი.
სიფილისის მეორე სტადია იწყება მაგარი შანკრის გაჩენიდან 4-10 კვირის შემდეგ (ანუ დასნებოვნებიდან 2-4 თვის შემდეგ) და თუ მკურნალობა არც ამ დროს ჩატარდა, 3-5 წელი გრძელდება. ამ სტადიას ახასიათებს მკრთალი სიმეტრიული გამონაყარი მთელ სხეულზე, ხელისგულებისა და ფეხისგულების ჩათვლით. გამონაყარის გაჩენას ხშირად თან სდევს თავის ტკივილი, უქეიფობა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება (როგორც გრიპის შემთხვევაში). ლიმფური კვანძები მთელ სხეულში დიდდება.
მეორე სტადიაზე სიფილისი მიმდინარეობს გამწვავებისა და რემისიის (უსიმპტომო პერიოდის) მონაცვლეობით. ამასთანავე, მოსალოდნელია თმის ცვენა, კონდილომების გაჩენა სასქესო ორგანოებსა და უკანა ტანის მიდამოში.
მესამე სტადია იწყება დასნებოვნებიდან მრავალი წლის შემდეგ. მისი განვითარების მიზეზია დაავადების ნებაზე მიშვება ან უფრო ადრეული ფორმების არაადეკვატური თერაპია. ამ სტადიაში ზიანდება ნერვული სისტემა (თავისა და ზურგის ტვინის ჩათვლით), ძვლები და შინაგანი ორგანოები (მოსალოდნელია თვალის სიფილისური დაზიანება, მენინგიტი, ჰეპატიტი, გლომერულონეფრიტი, გულის დაზიანება და ა.შ.)
სამეცნიერო გამოკვლევათა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მკურნალობის გარეშე დაავადებულთა დაახლოებით მესამედს უვითარდება მესამე სტადიის სიფილისი იმ კლინიკური ნიშნებითა და დაზიანებებით, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ამ კატეგორიის ავადმყოფთა მეოთხედი სწორედ ამ დაავადებით იღუპება. როგორც აღვნიშნეთ, გვიან სტადიაში ეს დაავადება ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებას იწვევს. ორსულის დასნებოვნების შემთხვევაში სიფილისი შესაძლოა გადაედოს ნაყოფს და გამოიწვიოს სხვადასხვა სიმახინჯე, გვიანი სპონტანური აბორტი ან მკვდრადშობადობა, ხოლო თუ ბავშვი მაინც დაიბადა – მძიმე გართულებები და სიკვდილიც კი.

დიაგნოსტიკა

სიფილისის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გამოკვლევა მკრთალ ტრეპონემაზე, ასევე – სხვა სეროლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევები. პირველი სტადიის სიფილისის დიაგნოსტირება ხდება მაგარი შანკრის გამონაყოფის, რეგიონული ლიმფური კვანძების პუნქტატის შესწავლის გზით. მეორე სტადიის სიფილისის დიაგნოსტიკისთვის ბაქტერიოსკოპიული მეთოდით იკვლევენ პაპულური და პუსტულოზური ელემენტების, კანისა და ლორწოვანი გარსების ეროზიული და ჰიპერტროფიული პაპულების მასალას.

მკურნალობა
სიფილისის მკურნალობის სქემა ეფუძნება მსოფლიოში მიღებულ სტანდარტს და ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიაგნოზი კვლევის ლაბორატორიული მეთოდებით დადასტურდება. სიფილისის მკურნალობა მოითხოვს სხვადასხვა ფაქტორის, მაჩვენებლის, დამამძიმებელი მომენტის გათვალისწინებას. ხშირად ამაზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდის არჩევანი. სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე ჯგუფისა და სხვადასხვა თაობის სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატები. სწორედ ისინი გახლავთ თერაპიის საფუძველი. მკურნალობისას პაციენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ძილის, კვების რეკომენდებული რეჟიმი, მიიღოს ვიტამინები, არ მიეკაროს ალკოჰოლს, დასაცავია მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობაც. ეს ყოველივე საგრძნობლად ამაღლებს მკურნალობის ეფექტურობას. სიფილისის მკურნალობისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის ორგანიზმის მდგომარეობას, მის რეაქტიულობას, ამიტომ მკურნალობის პროცესში აუცილებელია ინფექციებისადმი წინააღმდეგობის უნარის ამაღლება. საამისოდ ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის თავდაცვით რეაქციებს. ვენეროლოგი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სიფილისის სტადიის, გართულებების, თანმხლები დაავადების, ალერგიული ფონის, სხეულის მასის გათვალისწინებით ადგენს მედიკამენტების აუცილებელ დოზას, იმუნომოდულატორების, ფერმენტების, ვიტამინებისა თუ ფიზიოთერაპიული პროცედურების დამატებითი გამოყენების აუცილებლობას. სიფილისის მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია სისხლის რამდენიმეგზისი კლინიკურ-სეროლოგიური გამოკვლევა სიფილისის სტადიის შესაბამისად.

პროფილაქტიკა

სიფილისის პროფილაქტიკა გულისხმობს ღონისძიებათა მთელ კომპლექსს:
-მოსახლეობის ინფორმირებას დაავადებისა და მისი შედეგების შესახებ;
-მაღალი რისკის მქონე ჯგუფებთან მუშაობას;
-სქესობრივი პარტნიორის ერთგულებას, შემთხვევითი სქესობრივი კავშირების მინიმუმამდე დაყვანას;
-პრეზერვატივის გამოყენებას;
-სისხლის რეგულარულ ანალიზს;
-კლინიკებში დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას;
-ეპიდემიოლოგიურ მკურნალობას;
-პარტნიორისთვის დაავადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
-ინფექციის სკრინინგს.
თუ ერთ-ერთი პარტნიორი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა, მეორე კი არა, ადვილი შესაძლებელია, ნამკურნალევი ადამიანი ხელმეორედ დაავადდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, სქესობრივმა პარტნიორებმა აცნობონ ერთმანეთს დაავადების შესახებ, თუნდაც არაფერი აწუხებდეთ, და დაარწმუნონ ერთმანეთი, ჩაიტარონ გამოკვლევები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობის კურსი. უსიმპტომო მიმდინარეობა არ ამცირებს გართულებათა განვითარების და პარტნიორის ინფიცირების რისკს.

Facebook კომენტარები