სპონდილიტი

სპონდილიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი ანუ ბეხტერევის დაავადება ანუ მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი) ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ბეხტერევის დაავადებისას ანთების მთავარი თავისებურებაა სახსრების მოძრაობის თანდათანობითი შეზღუდვა და საბოლოოდ ანკილოზების ჩამოყალიბება. სწორედ აქედან წარმოდგება დაავადების სახელწოდება. ამავე დროს, ხდება ხერხემლის იოგების გაძვალებაც. საბოლოოდ შესაძლოა ხერხემალმა სრულიად დაკარგოს დრეკადობა და ერთიან ძვლად გარდაიქმნას.
მაანკილოზებელი სპონდილიტი უპირატესად ახალგაზრდა მამაკაცებს ემართებათ, თუმცა არც ქალებს ზოგავს. დაავადება სიცოცხლის მეორე ათწლეულის დამლევს ან მესამეს დასაწყისში იჩენს თავს, 30 წლის შემდეგ მისი შემთხვევები იშვიათია. ბეხტერევის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის როლი. კერძოდ, მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ანტიგენის – HLA-B27-ის – მატარებლობას. ის დაავადებულთა 90%-ს აქვს.

ანკილოზი და სპონდილიტი

ანკილოზი სახსრის სრული უმოძრაობაა, რაც თანამოსახსრე ძვლების სასახსრე ზედაპირთა ერთმანეთთან შეზრდის შედეგია. ანკილოზს მხოლოდ ბეხტერევის დაავადება როდი იწვევს; ის შეიძლება სახსრის ტრავმული დაზიანების, ხანგრძლივი უმოძრაობის, ინფექციის (მაგალითად, ტუბერკულოზის) ან დისტროფიული პროცესის შედეგიც იყოს.
სპონდილიტი ხერხემლის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. მისი მიზეზი უმეტესად ტუბერკულოზია, უფრო იშვიათად – სიფილისი, ხერხემლის ოსტეომიელიტი და სხვა. სპონდილიტის დროს მალის სხეული იშლება და ყალიბდება ხერხემლის დეფორმაცია – კუზი. პაციენტს გამუდმებით აწუხებს ხერხემლისა და მასთან მდებარე კუნთების ტკივილი.
ამრიგად, ანკილოზიც და სპონდილიტიც შეიძლება სრულიად განსხვავებული მიზეზებით იყოს განპირობებული. ცალ-ცალკე არც ერთი ტარმინი არ არის მაანკილოზებელი სპონდილიტის ანუ ბეხტერევის დაავადების სინონიმი, მხოლოდ ამ დაავადებისას აღმოცენებულ პროცესებს აღნიშნავს.

Facebook კომენტარები