სტომატიტი

სტომატიტი

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებაა. იგი სხვადასხვა სახისაა:
–გინგივოსტომატიტი (ვენსანის) – ცნობილია აგრეთვე წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტის სახელით. მას თითისტარისმაგვარი ჩხირი იწვევს. შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად. ზოგჯერ დაავადება მოიცავს მხოლოდ ღრძილებს, ზოგჯერ ლორწოვანი გარსის სხვა უბნებზეც გადადის. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ლორწოვანი გარსის დაზიანება, პირის ღრუში მიმდინარე ქრონიკული ანთებადი პროცესები. გვხვდება ახალგაზრდებში (17-დან 30 წლამდე).
დაავადება იწყება ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით და ტკივილით ჭამის დროს. აღინიშნება სისხლდენა ღრძილებიდან. ამას ემატება საერთო სისუსტე და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ღრძილები შეწითლებულია. ვითარდება კატარული ანთება. ლიმფური კვანძები გადიდებულია. ანთება გადადის ნეკროზულ ფორმაში და ვრცელდება ძვლოვან ქსოვილამდე. პროცესი მოიცავს ლოყის ლორწოვან გარსს და ხახის პირს, ზოგჯერ – ენასაც. წყლულოვანი ზედაპირი დაფარულია მორუხო-მომწვანო ნეკროზული აპკით. პირიდან ამოდის მყრალი სუნი. მოშლილია ღეჭვის, მეტყველების, ყლაპვის ფუნქციები. გამოხატულია ინტოქსიკაცია. დაავადების ქრონიკულ ფორმას უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, საერთო მდგომარეობა ამ დროს შედარებით დამაკმაყოფილებელია.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შეფასება, მერე კი ადგილობრივი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება. უნდა მოშორდეს ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორი (მაგალითად, კბილის ქვა, ნეკროზული ქსოვილი), მოიხსნას ტკივილი, პირის ღრუ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავდეს. აუცილებელია კალორიული დიეტა, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, ფიზიოთერაპია.
–კონტაქტური ალერგია (სტომატიტი) – ის შეიძლება გამოიწვიოს საბჟენმა ან კბილის საპროთეზო მასალამ, ტონალურმა კრემმა, პომადამ და სხვა.
კონტაქტური ალერგია გამოვლინდება ალერგენის მრავალჯერადი გამოყენების დროს 3-7 დღის განმავლობაში, ზოგჯერ – ოდნავ მოგვიანებით. ალერგენის სხეულთან კონტაქტის ადგილას ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება, შეწითლება, ზოგჯერ – წვრილბუშტუკოვანი გამომაყარი და სისხლდენა. მოსალოდნელია აგრეთვე წვის შეგრძნება, ეროზია, ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გემოვნების შეცვლა.
მკურნალობა ითვალისწინებს ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტას, ანტიალერგიულ ღონისძიებებს, ანთებითი პროცესის თანხლების შემთხვევაში – ანთების საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც.
–რეციდიულ-აფთოზური სტომატიტი – ეს არის ქრონიკული ანთებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს აფთების პერიოდული გამოყრა ლორწოვან გარსზე. გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში. მიზეზი დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის დაქვეითება. ხელშემწყობი ფაქტორებია ადგილობრივი ტრავმა, გადაღლა, სტრესი.
მსუბუქი ფორმის დროს ჩნდება 1 სმ დიამეტრის მოწითალო, მომრგვალო, მტკივნეული, მკაფიოდ შემოსაზღვრული ერთი ან ორი ლაქა. რამდენიმე საათში მათი მფარავი ეპითელიუმი ჩამოიფცქვნება და ვითარდება ეროზია, რომელიც იფარება მონაცრისფრო ნადებით. ეს აფთა მის ქვეშ მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ოდნავ წამოწეულია ჯანმრთელი ქსოვილიდან და ძლიერ მტკივნეულია. 3-4 დღეში ნეკროზული მასა სცილდება, ხოლო მომდევნო 3-4 დღეში სრულდება ეროზიული უბნის ეპითელიზაცია. რამდენიმე კვირის შემდეგ ავადმყოფი პირის ღრუში გრძნობს წვას, რასაც მოჰყვება აფთის რეციდივი. აფთის ლოკალიზაციის ადგილია ლოყის, ტუჩების, ენის წინა მესამედი და გვერდითი ზედაპირი.
მძიმე ფორმისთვის დამახასიათებელია: ყოველთვიური რეციდივი; შეხორცების პროცესის გახანგრძლივება; ღრმა, მტკივნეული აფთების წარმოქმნა ლორწოვან გარსზე; ერთდროულად აფთებისა და წყლულების ჩამოყალიბება. საერთო მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთ პაციენტს ემართება ნევროზი.
მკურნალობა კომპლექსურია. ინიშნება იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები. ხდება პირის ღრუს სანაცია, მატრავმირებელი ფაქტორების მოხსნა და ტკივილის გაყუჩება. იყენებენ შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებებს, ფიზიოთერაპიას.
–მედიკამენტური სტომატიტი – იგი სამკურნალო საშუალებების უკონტროლო მიღების შედეგია და ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ბუშტუკების, ეროზიებისა და წყლულების გაჩენა. დაზიანებული უბანი მტკივნეულია, ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა, მეტყველების ფუნქციაც კი მოშლილი აქვს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს გამომწვევის მიღება, ამის შემდეგ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატები, ვიტამინები, შეხორცების დამაჩქარებელი პრეპარატები.
–კატარული, ეროზიულ-წყლულოვანი სტომატიტი – ვითარდება შაქრიანი დიაბეტის დამძიმების ფონზე. ამ დროს სუსტდება ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის უნარი და იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც სწრაფად გადადის ეროზიულ-წყლულოვან ფაზაში. ლორწოვანზე ჩნდება ნახეთქები, ნაპრალები, რაც უფრო მეტად ამძიმებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას.
შაქრიანი დიაბეტის ფონზე ყალიბდება პირის ღრუს დისბაქტერიოზი, რაც სოკოვანი სტომატიტის განვითარებას უწყობს ხელს.
მკურნალობაში ჩართულია ენდოკრინოლოგი; სტომატოლოგი, ფაქტობრივად, მხოლოდ ადგილობრივ მკურნალობას ატარებს.
–სტომატიტი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვიტამინოზმაც.

Facebook კომენტარები