Aviabiltebi
მთავარი დაავადებები სურდო (რინიტი)

სურდო (რინიტი)

სურდო (რინიტი)

რინიტი მარტივად განიმარტება როგორც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მაგრამ ეს ცნება სრულიად განსხვავებულ პათოლოგიურ მდგომარეობებს გულისხმობს.
მიმდინარეობის მიხედვით სურდო შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე სურდო

მწვავე რინიტი ორგვარია: ინფექციური და არაინფექციური.
მწვავე ინფექციური სურდო მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს და გამოიხატება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე კატარული ანთებით. მწვავე სურდოს განვითარებაში წამყვანი როლი ენიჭება გაციებას. მთელი სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილის (თავის, ფეხების) გაციება რეფლექსურად იწვევს ცხვირის ლორწოვან გარსში ფუნქციურ ცვლილებებს. თავდაპირველად სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება და შესამჩნევი ხდება ლორწოვანი გარსის ანემიზაცია (სიფითრე); შემდეგ, პირიქით, სისხლძარღვები ფართოვდება, რასაც მოჰყვება ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და გაფუება, ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია. ასეთ პირობებში ცხვირის ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ ქვეითდება და მიკროფლორის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მარტივი ექსპერიმენტი: თუ ადამიანს სიცივის დისკომფორტი არ განუცდია, მისი ცხვირის ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმებით დასნებოვნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მწვავე ინფექციური რინიტის ტიპური გამომწვევია რინოვირუსი. შემთხვევათა 80%-ში სწორედ მას მიუძღვის ბრალი. მუკოცილიარული აპარატის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში მიკროორგანიზმებს არ აქვთ ეპითელიუმის უჯრედებთან ხანგრძლივი კონტაქტის საშუალება. პირობები იცვლება ლორწოვან გარსში ვირუსის შეღწევის შემდეგ, როცა მოციმციმე ეპითელიუმი დროებით არ ფუნქციობს ან წყვეტს მოძრაობას. ამ დროს გარედან შეჭრილი თუ ცხვირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები და სხვა) ცხოველქმედებას იწყებენ.
უნდა ითქვას, რომ გაციებასა და ვირუსულ იფექციებს ყოველთვის არ ერთვის სურდო.
სიცივისა და ვირუსების მიმართ მგრძნობელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მათ შორის:
–ასაკზე;
–ფიზიკურ განვითარებაზე;
–სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე;
–მეტეოროლოგიური პირობებისადმი ადაპტაციის ხარისხზე;
–სხეულის ზედაპირის მდგრადობაზე კონკრეტული ტემპერატურის მიმართ;
–თანმხლებ დაავადებებზე.
ინფექციურ რინიტებს განეკუთვნება სოკოთი და უმარტივესებით (ქლამიდიით, მიკოპლაზმით) გამოწვეული სურდოც. აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირად სურდო ინფექციური დაავადების (წითელას, ჩუტყვავილას, ქუნთრუშას, წითურას, მონონუკლეოზის) ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ის შეიძლება იყოს სპეციფიკური ფლორით გამოწვეული დაავადების (ტუბერკულოზის, გონორეის) სიმპტომიც.

მწვავე სურდოს მიმდინარეობა

მწვავე სურდოს მიმდინარეობაში განარჩევენ 3 ძირითად სტადიას.
პირველი, რეფლექსური ანუ პროდრომული სტადია რამდენიმე საათიდან 2 დღემდე გრძელდება და ორგანიზმის გადაცივების შედეგია. ამ დროს ცხვირის ლორწოვან გარსსა და ცხვირ-ხახაში აღინიშნება:
–სიმშრალე;
–წვა;
–ღიტინის შეგრძნება.
ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის შემცივნებას. ტემპერატურა შესაძლოა 38 გრადუსამდე ავიდეს. დათვალიერებით ცხვირის ლორწოვანი გარსი გაწითლებულია და შეშუპებული, მაგრამ მშრალი.
რამდენიმე საათის ან 1-2 დღის შემდეგ ავადმყოფს:
–მკვეთრად უძნელდება ცხვირით სუნთქვა,
–ეწყება თხიერი (წყალივით) გამონადენი, რასაც არცთუ იშვიათად ერთვის ცემინება და თავის ტკივილი. ეს უკვე მეორე, სეროზული სტადიაა, რომელიც გრძელდება 2-3 დღეს და პათოლოგიურ პროცესში ვირუსული კომპონენტის ჩართვის მაჩვენებელია. ობიექტურად ამ სტადიაში აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის მკვეთრი გასქელება, განსაკუთრებით – ქვედა და შუა ნიჟარების არეში კავერნოზული ქსოვილების სისხლსავსეობის გამო (ნიჟარები ცხვირის ღრუს შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც ნორმალური ფუნქციობისას არ აფერხებს ჰაერის გადაადგილებას). ღრუ ამოვსებულია ისევ უფერული, მაგრამ შედარებით სქელი – სეროზულ-ლორწოვანი ექსუდატით. ავადმყოფი ცხვირში ლაპარაკობს, ყნოსვა საყნოსავი ნაპრალების შეშუპების გამო დაქვეითებული აქვს. ზოგჯერ ნესტოების კანი ექსუდატში არსებული მარილებით გაღიზიანების გამო აქერცლილია და გაწითლებული.
მესამე, ჩირქოვან სტადიაში გამონადენი თანდათანობით სქელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სეროზულ-ლორწოვანმა ექსუდატმა ჩამოფცქვნილი ეპითელიუმის, ლეიკოციტებისა და დაღუპული მიკრობების შერევის გამო სეროზულ-ჩირქოვანი ხასიათი მიიღო, ანუ ცხვირის ლორწოვან გარსში ბაქტერიები გააქტიურდნენ. მესამე სტადიაში იწყება ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. აქ ორგანიზმმა უნდა დაძლიოს პათოლოგიური მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა სურდოს გაქრონიკულების საფრთხე.
მწვავე რინიტის ხანგრძლივობა 2-3-დან 8-14 დღემდე მერყეობს. გაჯანსაღების დრო დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნორეზისტენტულობაზე ანუ თავდაცვის უნარზე. სურდო შეიძლება დასრულდეს I ან II სტადიაში ან 3-4 კვირამდე გაგძელდეს და ქვემწვავე ან ქრონიკულ ფაზაში გადავიდეს.

არაინფექციური რინიტები

არაინფექციური რინიტების ჯგუფს მიეკუთვნება:
–ტრავმული რინიტი – ვითარდება ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, დამწვრობის შედეგად;
–ტოქსიკური რინიტი – ვითარდება მტვრის, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების, პასიური მოწევის შედეგად;
–რადიაციული რინიტი;
–მედიკამენტური რინიტი – ცხვირში სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატების ხანგრძლივი ჩაწვეთების შედეგია;
–ნევროლოგიური რინიტი ანუ რინონევროზი.

მწვავე რინიტების გართულება

გამომწვევი ფაქტორის კვალობაზე, მწვავე სურდოს სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს. მაგალითად, გრიპული ინფექციის დროს ხშირია ცხვირიდან სისხლდენა, ქიმიური გაღიზიანებისას ცხვირის ლორწოვან გარსზე არცთუ იშვიათად ვითარდება წყლულები და სხვა.
მწვავე რინიტი თავისთავად საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ არ გართულდა. მისი გართულებებია:
–ცხვირის დანამატი წიაღების ჩირქოვანი ანთება – ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი;
–შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება;
–სალპინგიტი – ცხვირ-ხახისა და შუა ყურის დამაკავშირებელი მილის ანთება;
–სეკრეტორული ოტიტი – არაანთებითი სითხის დაგროვება შუა ყურში;
–ლარინგიტი;
–ტრაქეიტი.

მწვავე რინიტების
მკურნალობა

თუ სურდოს მოვლენები მკვეთრად არის გამოხატული და თან ახლავს ტემპერატურის მატებაც, აუცილებელია წოლითი რეჟიმი. ადრეული სიმპტომების გამოვლენამდე დაწყებული აქტიური მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელია პროცესის კუპირება და შეწყვეტა. ამისთვის აუცილებელია, მაშინვე დავიწყოთ პარაცეტამოლის და ჩ ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება. მაგალითად, გრიპ-ჰოთის,  კოლდრექსის, ფერვექსის, ეფერალგანს + ჩ ვიტამინის. ასევე სასურველია დიდი რაოდენობით სითხის – წვენების, კომპოტის, უგაზო ბორჯომის – სმა, მწვავე სურდოს პირველსავე საათებში ანტივირუსული და ანტიმიკრობული ღონისძიებების ჩატარება (ინტერფერონისა და ბაქტერიული ვაქცინის ცხვირში ჩაწვეთება). გართულებათა პროფილაქტიკის მიზნით ცხვირში სუნთქვის გაძნელებისთანავე უნდა ჩავიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ხსნარი – ქსიმელინი, გალაზოლინი, ნაფტიზინი ან ნაზივინი. სანორინის გამოყენება სპრეის სახით ჯობს, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის გარეშე – არა უმეტეს 10 დღისა. მარტივი, მაგრამ ეფექტური ხერხია ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. მისი რაოდენობა და ჯერადობა შეზღუდული არ არის. უმჯობესია აკვამარისის სპრეის გამოყენება. ეს არის ადრიატიკის ზღვის მარილების იზოტონური ხსნარი, რომელსაც უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია. აღნიშნული ხსნარები აწესრიგებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციას. ანტიბიოტიკური პრეპარატი საჭიროების შემთხვევაში უნდა დანიშნოს ექიმმა ლარინგოლოგმა, ვინაიდან დაავადების გართულებისა და გაქრონიკულების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მკურნალობაა.

მწვავე სურდო
ჩვილებში

ამ ასაკში სურდო სერიოზული დაავადებაა. ვინაიდან ბავშვს ცხვირის სავალები ვიწრო აქვს, უმნიშვნელო შეშუპებაც კი ცხვირის სრულ დახშობას იწვევს. ამის შედეგად მკვეთრად ირღვევა ძუძუს წოვის პროცესი და ფერხდება ზრდა-განვითარება.
მკურნალობა უპირატესად სუნთქვის აღდგენას ისახავს მიზნად. ამისთვის კვებამდე 5 წუთით ადრე ბავშვს ცხვირში უნდა ჩავაწვეთოთ 0,001%-იანი ნაზივინი, დღის განმავლობაში კი ვაწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირის ღრუს ჩასარეცხავად და ლორწოვანი გარსის აღსადგენად. სასურველია დღეში სამჯერ 2-2 წვეთი 1%-იანი პროტარგოლის ან კორალგოლის ჩაწვეთებაც.

მწვავე რინიტების
გართულებათა
პროფილაქტიკა

მწვავე რინიტების გართულებათა თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია ცხვირის მოწმენდის სწორი ტექნიკა. უნდა გაიწმინდოს თითოეული ნესტო ცალ-ცალკე. ორივეთი ერთდროულად ჩაბერვისას ინფიცირებული შიგთავსი შესაძლოა მოხვდეს დანამატ ღრუებსა და შუა ყურში.
პროფილაქტიკა, უპირველესად, გულისხმობს ზედა სასუნთქი გზების სანაციას, კერძოდ:
–ადენოქტომიას (ადენოიდების ამოკვეთას);
–ცხვირის ძგიდის გასწორებას;
–ქვედა ნიჟარების ჰიპერტროფიისა და სინუსიტების მკურნალობას.
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გაკაჟებას – ფიზკულტურას, წყლის პროცედურებს, ჰაერისა და მზის აბაზანებს, სწორად ჩაცმას. შედეგიანია ონკანის ცივი წყლის ყოველდღიური შეგუბება ხან ერთ, ხან მეორე ნესტოში (იოგების მეთოდი).

ქრონიკული რინიტი

ქრონიკულ სურდოს მრავალი რამ იწვევს, უპირველესად – ინფექცია, ხშირი მწვავე რინიტი, ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებები, მეტეოროლოგიური ფაქტორების ზემოქმედება, ოთახის მტვერი, სხვადასხვა მცენარის მტვერი, ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი ჰიპერემია, რომელიც ვითარდება ალკოჰოლიზმის, გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების დროს.

ქრონიკული რინიტის
მიმდინარეობა

კლინიკური ნიშნების მიხედვით ქრონიკული რინიტი იყოფა ოთხ ჯგუფად:
–კატარული რინიტი;
–ჰიპერტროფიული რინიტი, რომელიც, თავის მხრივ, ორი სახისაა – შემოფარგლული და დიფუზური;
–ატროფიული რინიტი, რომელიც ასევე ორგვარია;
–ვაზომოტორული რინიტი, სადაც ასევე განასხვავებენ ორ – ალერგიულ და ნეიროვეგეტატიურ – ფორმას.
ქრონიკულ კატარულ რინიტს ახასიათებს მუდმივი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, სუნთქვის გაძნელება ხან ერთ, ხან მეორე ნახევარში, სუნთქვის გაძნელება წოლისას, რომელიც გაივლის სხეულის მდებარეობის შეცვლისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
მკურნალობა მიმართული უნდა იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნისკენ. ეს ეხება ჰაერის ტემპერატურას, ასევე – საკვებს. დიეტური რეკომენდაციები საქართველოში ძნელი შესასრულებელია. ძნელი იმიტომ, რომ ამ დროს არ შეიძლება ცივი, გაზიანი, ცხელი, ნიგვზიანი, მწარე, ცხარე საკვების მიღება. ასევე არასასურველია მზესუმზირა, შოკოლადი და ციტრუსი. მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ გამწვავების პერიოდშია საჭირო.
ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტის დროს ლორწოვანი გარსი სქელდება – წესისამებრ, ქვედა ნიჟარების არეში. ეს პროცესი მოიცავს ან ნიჟარის ნაწილს, ან მთელ ნიჟარას. ეს იწვევს სუნთქვის მუდმივ, ხშირად მკვეთრ გაძნელებას. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს უჭირს მხოლოდ ჩასუნთქვა ან მხოლოდ ამოსუნთქვა. გააჩნია, ნიჟარის რომელი ნაწილია გადიდებული – წინა თუ უკანა. სუნთქვის ხანგრძლივ გაძნელებას მოჰყვება თავის ტკივილი, ყნოსვის დაქვეითება, ყურებში დაგუბების შეგრძნება.
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე ცხვირის ქირურგიაში არ გულისხმობს ნიჟარების მოკვეთას, რაც წინათ ფართოდ იყო გავრცელებული – ამ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ირღვევა ცხვირის ფიზიოლოგია, კერძოდ, ჩნდება სიმშრალე, ქერქები, რაც მერე და მერე უფრო დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. თანამედროვე ქირურგიაში ქსოვილზე ულტრაბგერით, რადიოტალღებით ზემოქმედებენ და ამ გზით ქსოვილის დაუზიანებლად ამცირებენ ნიჟარის მოცულობას.
ქრონიკული ატროფიული რინიტისთვის დამახასიათებელია ცხვირის სიმშრალე, ქერქები ლორწოვან გარსზე, პერიოდულად – მცირე სისხლდენა ცხვირიდან. წესისამებრ, სისხლდენა თავისთავად, ექიმის ჩაურევლად ჩერდება ბამბის ბურთულით ან ცხვირის ფრთაზე თითის დაჭერით.
მკურნალობა კონსერვატიულია, მიმართულია სიმშრალის მოსახსნელად. იყენებენ მალამოებს და ზეთოვან წვეთებს. ბოლო დროს საქართველოში შემოვიდა პრეპარატები, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივ ეფექტს იწვევს.
როგორც ითქვა, ქრონიკულ ვაზომოტორულ რინიტს აქვს ორი ფორმა – ალერგიული და ნეიროვეგეტატიური. ალერგიული ფორმის განვითარების ძირითადი მიზეზია ალერგენსა და ქსოვილურ ანტიგენებს შორის სპეციფიკური რეაქცია, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ქიმიურად აქტიური ნივთიერებები – ჰისტამინი, აცეტილქოლინი, სეროტონინი და სხვა, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების კლინიკურ გამოვლენას. ნეიროვეგეტატიური ფორმის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური ცვლილებები.
ალერგიული ფორმისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირიდან ძალიან თხელი, ზოგჯერ წყალივით გამონადენი. დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს ლორწოვანი გარსის არაბუნებრივი მოცისფრო-მოთეთრო ფერი. ხშირად ალერგიულ რინიტს ერთვის ბრონქული ასთმა და ცხვირის პოლიპოზიც. მკურნალობა კომპლექსურია და ადგილობრივ თერაპიასთან ერთად ალერგენის დადგენასაც მოითხოვს, ხოლო თანმხლები დაავადებების შემთხვევაში – მათ მკურნალობას.
ნეიროვეგეტატიურ ფორმას ახასიათებს უმიზეზო შეტევები, რაც გამოიხატება ცხვირით სუნთქვის გაძნელებით და ცხვირიდან გამონადენით. ეს შეტევები ხანმოკლეა და ასევე უმიზეზოდ გაივლის. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული რეაქცია დაკავშირებულია ნერვულ-რეფლექსური მექანიზმების დარღვევასთან, რის გამოც ზიანდება ცხვირის ნორმალური ფიზიოლოგია.

Facebook კომენტარები