ქუნთრუშა

ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ქუნთრუშას იწვევს არა ვირუსი, არამედ ბაქტერია. მისი ვაქცინა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საიმედო წამალი – ანტიბიოტიკი.
ქუნთრუშა გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტით, ჭურჭლის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით. იმის დასადგენად, ვისგან დაავადდა ბავშვი, მშობელმა უნდა გაიხსენოს მისი კონტაქტები უკანასკნელი თორმეტი დღის განმავლობაში.

სიმპტომები

ქუნთრუშა ერთბაშად იწყება. მისი ნიშნები რამდენიმე საათში იშლება დედის თვალწინ. იმატებს ტემპერატურა, ზოგჯერ – ისეთ მაღალ ციფრებამდე, რომ პატარას ეწყება ბოდვა. მცირე ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური გულყრა – მაღალ ტემპერატურაზე კრუნჩხვითი რეაქცია. ავადმყოფი ბავშვი უჩივის თავის ტკივილს და ტკივილს ყლაპვის დროს, დიდდება კისრის ლიმფური ჯირკვლები. ქუნთრუშას სავიზიტო ბარათია მისი გამონაყარი.
დაავადების გამომწვევია საკმაოდ აგრესიული ბაქტერია – A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც შეუძლია ერითროციტების დაშლა. იგი გამოიმუშავებს “წითელ შხამს” – ერითროტოქსინს, რომლის ზემოქმედებითაც ბავშვს კანი უწითლდება და უჩნდება მკვეთრი ვარდისფერი ან წითელი უხვი, წვრილი გამონაყარი. გამონაყარი უმთავრესად იდაყვის, საზარდულის და სხვა ბუნებრივ ნაოჭებშია თავმოყრილი. თუ ხელს გადავუსვამთ გამონაყარით დაფარულ ადგილებს, შევიგრძნობთ ბატის კანისმაგვარ, უხეშ კანს. გამონაყარი ედება მთელ სხეულს, განსაკუთრებით უხვია ზურგზე, გულმკერდსა და ბარძაყებზე, სხეულის გვერდით ზედაპირზე, მუცლის ქვედა ნაწილზე, კიდურების შიგნითა ზედაპირზე. გამონაყარისგან თავისუფალია ცხვირი და მის გვერდით არსებული ბუნებრივი ნაოჭები, რომლებიც ერთგვარ სამკუთხედს ქმნის. მისი სიფითრე თვალშისაცემია აალებული სახის ფონზე. ქუნთრუშით დაავადებული ბავშვი იღებს დამახასიათებელ იერს: თვალები უბრწყინავს, გუგები ოდნავ გაფართოებული აქვს, ლოყები – აღაჟღაჟებული, ტუჩები – ალუბლისფერი. ყოველივე ეს ერითროტოქსინის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგია. კვირის თავზე იწყება აქერცვლა. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე აქერცვლა ფირფიტისებურია. ეს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია. გარდა კანისა, დამახასიათებელი ცვლილებები შეინიშნება ლორწოვან გარსებზეც. თუ ბავშვს ენას გამოაყოფინებთ, ნადებს დაინახავთ. ნადებისგან თავისუფალია ენის წვერი და გვერდითი ზედაპირები. მე-4-5 დღეს ნადები ცილდება და გამოიკვეთება დვრილები, რომლებიც ენას ჟოლოსებრ შესახედაობას აძლევს. ესეც დაავადების დამახასიათებელი ნიშანია. მე-10 დღიდან ენის ზედაპირი ხდება მბრწყინავი, ერთგვაროვანი, თითქოს ლაქი გადაუსვამთო. აალებულია ყელი, ნუშურა ჯირკვლები. ვითარდება მწვავე ტონზილიტი. მსუბუქი ფორმები ზოგ შემთხვევაში სრული სურათის გაშლით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი მხოლოდ ნუშურა ჯირკვლებზე ნადების წარმოქმნით შემოიფარგლება. ეს ბავშვის იმუნური სისტემის თავისებურებებსა და ასაკზეა დამოკიდებული – რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გართულებათა წარმოშობის რისკიც მაღალია.

გართულებები

ქუნთრუშის უახლოესი გართულებებია ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, მაგალითად, ხახისუკანა აბსცესი, ოტიტი, სეფსისი. მოგვიანებით, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს აუტოიმუნური გართულებები, რომლებიც მოიცავს თირკმელებს (გლომერულონეფრიტი), სახსრებსა და გულს (რევმატიზმი). გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია დროულად დაწყებული სწორი მკურნალობით, თუმცა მანამდე ზუსტი დიაგნოზი უნდა დაისვას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

კლინიკური ნიშების არსებობისას ქუნთრუშა ადვილი ამოსაცნობია, წაშლილი ფორმების დროს კი დიაგნოზის დასმა ჭირს. ხშირად დაავადება მხოლოდ ტონზილიტით ვლინდება. უნდა ჩატარდეს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა – თუ ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ამოითესა, ესე იგი საქმე გვაქვს ქუნთრუშის წაშლილ ფორმასთან. ასეთ დროს, ისევე როგორც მკაფიოდ გამოხატული ნიშნების არსებობისას, ინიშება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების კურსი. მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების (პრეპარატის დოზისა და მიღების რეჟიმის) ზუსტად დაცვა. აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა – ის გრძელდება, სულ მცირე, ათი დღე, თუნდაც დაავადების ნიშნები ალაგდეს და ბავშვის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ანტიბიოტიკი სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ერთადერთი საშუალებაა. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა და ალაგდება კლინიკური სურათი, მით ნაკლებია მომავალში გართულებათა განვითარების ალბათობა. ორგანიზმის ალერგიული განწყობის შესამცირებლად ბავშვს 7-10 დღის განმავლობაში უნდა მიეცეს ანტიალერგიული (ანტიჰისტამინური) პრეპარატი. ალერგიზაციის პიკი დაავადების მე-2-3 კვირაზე მოდის.
ავადმყოფობის დროს მშობელი უნდა ეცადოს, ბავშვი გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან დაიცვას – თანდართულმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ქუნთრუშის მძიმე ჰიპერტოქსიკური ფორმა. ანტიბიოტიკით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების პირველი დღიდანვე, უკიდურეს შემთხვევაში (თუ რაიმე მიზეზით დაგვიანდა ანტიბიოტიკის მიცემა) – არა უგვიანეს მე-4-6 დღისა.
წოლითი რეჟიმი საჭიროა პირველი 3-5 დღე, ვიდრე ტემპერატურა მაღალია. თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ჭირვეულობს, წრიალებს ან, პირიქით, მივარდნილია, აქვს გულისრევა, პირღებინება, გახადეთ მას, შემოახვიეთ გრილ წყალში დასველებული, კარგად გაწურული ზეწარი; მიეცით სიცხის დამწევი საბავშვო საშუალება ასაკის შესაბამისი დოზით; ხშირად ასვით თბილი ლიმონიანი ჩაი, მინერალური უგაზო წყალი, თბილი კომპოტი, რძე, ასკილის ჩაი. მაღალი სიცხე ორგანიზმს აშრობს, სტრეპტოკოკის მიერ გამოყოფილი ტოქსინები გროვდება შესქელებულ სისხლში და იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას. ეს არ უნდა დავუშვათ! ამიტომაცაა საჭირო სითხით ორგანიზმის უხვად მომარაგება. თუ ბავშვს მადა არ აქვს, ნუ დააძალებთ საკვებს. ვიდრე ყელი სტკივა, ყლაპვა გაუჭირდება, ამიტომ საკვები უნდა იყოს თხელი, ერთგვაროვანი და თბილი. მიეცით მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. აუცილებლად შეიტანეთ რაციონში მაწონი ან იოგურტი – მათში შემავალი ბიფიდობაქტერიები ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს, აუმჯობესებს მადას, ხელს უშლის ანტიბიოტიკის მიღების ფონზე დისბიოზის ჩამოყალიბებას. ავადმყოფ ბავშვს ისე უნდა მოვუაროთ, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას ოჯახის სხვა წევრებს; გამოუყავით ჭურჭელი საკუთრად; გარეცხეთ მისი ჭურჭელი ცხელი წყლით, გაამშრალეთ საგანგებოდ მისთვის გამოყოფილი ტილოთი; როდესაც გამოჯანმრთელდება, მისი კბილის ჯაგრისი გადააგდეთ და შეიძინეთ ახალი, რათა ჯაგრისის ბუსუსებში ჩაბუდებულმა სტრეპტოკოკმა ხელახლა არ დააავადოს პატარა.
ქუნთრუშის დროს მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლა-სანაცია. თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ შეუძლია ყელში გამოვლება, პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველი კვების შემდეგ და კვებათა შორის შუალედში, დღეში 6-8-ჯერ. ეს მით უფრო აუცილებელია, როდესაც ნუშურა ჯირკვლებზე შეინიშნება ჩირქოვანი საცობები. სავლებად შეიძლება გამოიყენოთ სოდიანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქაზე), ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო ბალახების (გვირილის, ორკბილას, ევკალიპტის და სხვ.) ნაყენი. ამ სამკურნალო ღონისძიებების შედეგად ერთ კვირაში ბავშვი მომჯობინდება – ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, თავისა და ყელის ტკივილი გაივლის, გაუმჯობესდება მადაც. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა. სინამდვილეში მას ჯერ კიდევ სჭირდება გაძლიერებული ყურადღება, განსაკუთრებული რეჟიმი, მოვლა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა – შესაძლოა, დაავადება “შემობრუნდეს”, თანაც პირვანდელზე მძიმედ. მეორე კვირას ბავშვის კანი აქერცვლას იწყებს, ჯერ – კისერსა და ყურებზე, შემდეგ – წელზე, ხელ-ფეხზე. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კანი ახალი კარტოფილივით იფცქვნება. ზოგიერთს აქერცვლა მხოლოდ თითის ბალიშებზე აღენიშნება, თუმცა ასეთი უმნიშვნელო აქერცვლაც კი საკმარისია, რომ ქუნთრუშა ვიეჭვოთ. თუ მომჯობინების მეორე კვირას ტემპერატურამ ისევ მოიმატა, დროულად გამოიძახეთ ექიმი. დღეს ქუნთრუშის განმეორებითი შემთხვევები იშვიათი არ არის. ქუნთრუშის მეორე ტალღა ემუქრება დასუსტებულ ბავშვებს.

როდის შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი სავსებით გამოჯანმრთელდა

საფრთხე ჩავლილად შეიძლება მივიჩნიოთ დაავადების 22 დღის შემდეგ, როცა მივიღებთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზების პასუხს, ასევე გადავიღებთ ეკგ-ს და მოვისმენთ ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციას. თუ ბავშვი ყელში უსიამოვნო შეგრძნებებს უჩივის, შესაძლოა შვება მოჰგვაროს არა მარტო სამკურნალო ბალახების ნაყენმა, არამედ ხილის თბილმა წვენებმაც, თუ ალერგია არ აქვს.

  • სტაფილოს წვენი თაფლით: 1 ჩაის კოვზი თაფლი 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენზე. შეიძლება გამოვლებაც და დალევაც.
  • მაყვლის ფესვების ნაყენი: 20 გ მშრალი დაქუცმაცებული ფესვი ერთ ჭიქა (200 მლ) ცხელ წყალზე. ადუღეთ 20 წუთი, გადაწურეთ და 1 ჭიქამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. ვიყენებთ მხოლოდ გამოსავლებად!

თირკმელების მხრივ გართულებების თავიდან ასაცილებლად ასვით ბავშვს ნებისმიერი სითხე – მინერალური წყალი, წვენი, ნაყენი, კომპოტი.

Facebook კომენტარები