შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი. ამის მიზეზი და აქედან გამომდინარე მკურნალობა სხვადასხვაა მამაკაცებთან, ქალებსა და ბავშვებთან.

შარდის შეუკავებლობა მამაკაცებთან
მამაკაცებთან შარდის შეუკავებლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს მიზეზები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ერთ ჯგუფში შევა ჭეშმარიტად უროლოგიური პრობლემები, ხოლო მეორეში – ნევროლოგიური.
უროლოგიურ პრობლემებს შორის სიხშირით პირველი ადგილი უკავია პროსტატის – წინამდებარე ჯირკვლის – კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, ანუ პროსტატის ადენომას. გარდა ამისა, შარდის შეუკავებლობას იწვევს პროსტატის კიბო, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზი, შარდსადენი მილის შევიწროება და სხვა. არსებობს აგრეთვე ნევროლოგიური დაავადებები, რომელებიც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის ჩამოყალიბების მიზეზად იქცევა.

შარდის შეუკავებლობა პროსტატის ადენომის დროს
პროსტატის ადენომის დროს ხდება პროსტატის ქსოვილის ჰიპერპლაზია – ჭარბი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილის ზრდა კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუ მან დიდ ზომას მიაღწია, ინფრავეზიკულურ ობსტრუქციას გამოიწვევს. ინფრავეზიკულური ობსტრუქცია საშარდე გზების დახშობაა, რის შედეგადაც ბრკოლდება შარდის დინება შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენ მილში. შარდის დინების შეფერხებისას თავდაპირველად იზრდება შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი შრე, რასაც კომპენსატორული ხასიათი აქვს – გაზრდილი კუნთოვანი შრის დახმარებით შარდის ბუშტი უფრო ძლიერად იკუმშება, რის შედეგადაც შარდის ნაკადი ახერხებს დაბრკოლების გადალახვას. მაგრამ შარდის ბუშტის კუნთოვანი შრის მოცულობის ზრდის პარალელურად საგრძნობლად მცირდება ამ მიდამოში ჟანგბადის მიწოდება. ეს იწვევს ცალკეული უბნების იშემიას (ჟანგბადოვან შიმშილს), რასაც მოჰყვება უკონტროლო შეკუმშვები და შარდის უნებლიე დაღვრა. შარდის ბუშტის უკონტროლო შეკუმშვები ახასიათებს ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს. როდესაც პროსტატის ადენომა იწვევს ნარჩენი შარდის მკვეთრ მომატებას (შარდის ბუშტი სრულყოფილად ვერ იცლება – მასში რჩება დასაშვებზე მეტი ოდენობის შარდი) და შარდის ქრონიკულ შეკავებას, ვითარდება შარდის შეუკავებლობის კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც ექიმები პარადოქსულ იშურიას ანუ პარადოქსულ შარდის შეუკავებლობას უწოდებენ.
პარადოქსული იშურიის დროს შარდის ბუშტი ისეა გადავსებული, რომ გამხდარ მამაკაცებს ბოქვენზედა მიდამოში ხელითაც კი ესინჯებათ მოცულობითი სახით. მეტიც – მუცლის ქვედა არეში მას თვალითაც კი შეამჩნევთ. გადავსებული შარდის ბუშტის ტევადობა ხშირად ლიტრს აღემატება. შარდის ბუშტში არსებული ჰიდროსტატიკური წნევა მუდმივად იწვევს შარდის რამდენიმე წვეთის გადმოსვლას, რაც შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. გარდა შარდის შეუკავებლობისა, მამაკაცი დღის განმავლობაში უჩივის ხშირ შარდვას მცირე ულუფებით, ხოლო ღამით, ძილის დროს, ყოველთვის სველდება. ამ მდგომარეობას თან ახლავს ზედა საშარდე გზების – თირკმელებისა და შარდსაწვეთების – ორმხრივი შეგუბება, სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება, რაც შესაძლოა თირკმლის უკმარისობის მიზეზადაც კი იქცეს. ასე რომ, ამ მდგომარეობის დროული მკურნალობა აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ პარადოქსული იშურია შეიძლება განვითარდეს პროსტატის კიბოს, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზის, შარდსადენი მილის შევიწროების შედეგადაც. შესაბამისად, შარდის შეუკავებლობა ზოგჯერ ამ დაავადებებსაც სდევს თან.

პროსტატის ადენომისა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის კლინიკური სიმპტომები

პროსტატის ადენომისთვის დამახასიათებელია: შარდის ნაკადის შესუსტება, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, დიდი რაოდენობის ნარჩენი შარდი, საშუალოზე დიდი ზომის პროსტატა, უროფლოუმეტრიით – მოშარდვის სიჩქარის დაბალი მაჩვენებლები. ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს კი ახასიათებს: შარდვის გახშირება, მოშარდვის იმპერატიულ-ბრძანებითი სურვილი და ხშირად – საპირფარეშომდე ვერმისწრება.

მკურნალობა

პარადოქსული იშურიის დროს, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ტროაკარული ეპიცისტოსტომია: ბოქვენის ზემოდან შარდის ბუშტში ჩაიდგას მილი ამ ორგანოს განსატვირთავად.
როდესაც პროსტატის ადენომას თან ახლავს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, აუცილებელია მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. ასეთ დროს ხშირად მთელი ყურადღება პროსტატის ადენომაზე გადააქვთ, აკეთებენ შესაბამის ოპერაციას, მაგრამ თავდაპირველი ჩივილები უმეტესად რჩება. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მიზეზი შესაძლოა იყოს თავად პროსტატის ადენომა, მაგრამ აუცილებელია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაიმიჯნოს ჩივილები, ანუ შეფასდეს იმ ძირითადი ჩივილების ინტენსივობა, რომლებიც ახასიათებს, ერთი მხრივ, პროსტატის ადენომას და, მეორე მხრივ, ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს. აუცილებლად უნდა გაანალიზდეს ამ ორი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ინტენსივობა და გამოკვლევათა შედეგები და ამის საფუძველზე შემუშავდეს ადეკვატური მკურნალობის ტაქტიკა.
ამჟამად არსებული მედიკამენტები საგრძნობლად აუმჯობესებს როგორც პროსტატის ადენომით გამოწვეულ ჩივილებს, ისე ჰიპერაქტიური შარდის ბუშტისთვის დამახასიათებელ შარდის შეუკავებლობას. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კონკრეტული პაციენტის დეტალური გამოკვლევა და შესაბამისი სამკურნალო სქემის შერჩევა.

შარდის შეუკავებლობის ნევროლოგიური მიზეზები

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომოკომპლექსი (მოშარდვის იმპერატიულ-ბრძანებითი სურვილი) თან სდევს (თუმცა არა ყოველთვის) ნევროლოგიურ დაავადებათა წყებას, მათ შორის – პარკინსონის დაავადებას, გაფანტულ სკლეროზს, ინსულტს, ზურგის ტვინის ტრავმას. გარდა ამისა, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი ხშირად გვხვდება შაქრიანი დიაბეტის დროს.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება

ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის დროს ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად ინიშნება სპეციალური მედიკამენტი, რომელიც მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს ზრდის, რაც მამაკაცს საპირფარეშომდე მისწრების საშუალებას აძლევს.

შეუკავებლობის კიდევ ერთი მიზეზი

ზოგჯერ შარდის შეუკავებლობა უვითარდებათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ უროლოგიური ოპერაციები, კერძოდ, პროსტატის ოპერაცია ტურის მეთოდით, ადენომექტომია (პროსტატის ადენომის გამო) ან რადიკალური პროსტატექტომია (პროსტატის კიბოს გამო). თუ ოპერაციის დროს შარდის ბუშტის გარეთა სფინქტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, შარდის შეუკავებლობა გარდაუვალია.
ასეთ პაციენტებს სჭირდებათ დამატებითი რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც აღდგება შარდის შეკავების უნარი.

შარდის შეუკავებლობა ქალებთან

შარდის შეუკავებლობა ქალებთან საკმაოდ არის გავრცელებული. ამის გამო სუსტი სქესის წარმომადგენლებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად საქმე დეპრესიამდეც კი მიდის.

შარდის შეუკავებლობის ფორმები
არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე ფორმა:
-შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა;
-ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით განპირობებული შარდის შეუკავებლობა.

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სიმძიმის აწევის, სავარძლიდან ან საწოლიდან წამოდგომისა თუ სქესობრივი ცხოვრების დროს შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ზღუდავს ეს ქალის ყოველდღიურ საქმიანობას. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა გავრცელებით არ ჩამოუვარდება ისეთ დაავადებებს, როგორებიც არის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ცნობისათვის ვიტყვით, რომ საფრანგეთში 70 წლისთვის ყოველ მეათე ქალს გაკეთებული აქვს ოპერაცია შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის გამო.
შარდის დაძაბვით შეუკავებლობას გამოვლინების ორი პიკი აქვს:
-პირველი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე მოდის. მშობიარობის დროს ზიანდება იოგები, ეშვება კუნთები, რასაც შარდის დაძაბვით შეუკავებლობამდე მივყავართ. ახალგაზრდა დედები ამას, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვთ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით, თუმცა დაავადება თანდათან პროგრესირებს.
-მეორე პიკი საშუალო ასაკზე მოდის და თან ახლავს მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. ამ დროს სუსტდება ის იოგები, რომლებიც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის ძვლებთან აფიქსირებს. ამ იოგოვან-კუნთოვანი სტრუქტურების ტონუსი და ადეკვატური ფუნქციობა ირღვევა მენოპაუზის შემდეგ, როდესაც სისხლში მკვეთრად მცირდება სასქესო ჰორმონის – ესტროგენის რაოდენობა.
ხშირად შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის განვითარებას ხელს უწყობს მძიმე მშობიარობა, მძიმე ფიზიკური შრომა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით განპირობებული შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით და იწვევს მოშარდვის ბრძანებით სურვილს. მარტივად რომ ვთქვათ, უეცრად ჩნდება მოშარდვის სურვილი, რაც ქალს აიძულებს, სასწრაფოდ შევიდეს საპირფარეშოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნებლიეთ დაღვრის შარდს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, რაც მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს და იწვევს დეპრესიას. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის პიკი კლიმაქტერიულ პერიოდს ემთხვევა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა მოშარდვის უეცარი სურვილის დროს საპირფარეშოსკენ გაქცეული ქალი ეცემა და რამეს იტეხს, რადგან მენოპაუზის შემდეგ ხშირია ოსტეოპოროზი – ძვლების სიმყიფე. ქალის ჰორმონის დანიშვნა ამ მდგომარეობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს.

მკურნალობა შარდის დაძაბვითი შეუკავებლობისა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს
არსებობს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: კონსერვატიული და ოპერაციული.
კონსერვატიული მეთოდის არსია ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნა საშოს სანთლების ან მალამოს სახით და შორისის კუნთების ელექტრომიოსტიმულაცია, რაც ხელს უწყობს შორისის იოგოვან-კუნთოვანი აპარატის აღდგენას, უნებლიეთ დაღვრილი შარდის რაოდენობის შემცირებას. ასეთი მიდგომა მიზანშეწონილია დაავადების საწყისი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.
საქართველოში უკვე შესაძლებელია ზემოხსენებული იოგების ჩანაცვლება მინიმალურად ტრავმული ოპერაციის მეშვეობით.
ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, ქალი მეორე დღესვე ეწერება კლინიკიდან და, რაც მთავარია, ამგვარი ოპერაციების ეფექტიანობა 90%-ს აღემატება. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ძალზე ეფექტურია მკურნალობა სპეციალური, კერძოდ, ანტიქოლინერგიული მედიკამენტებით. ეს მედიკამენტები განაპირობებს შარდის ბუშტის კუნთოვანი მასის მოდუნებას, იზრდება ინტერვალები მოშარდვიდან მოშარდვამდე და მცირდება მოშარდვის იმპერატიული ანუ ბრძანებითი მოთხოვნა.

პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი
კლიმაქტერიული ანუ პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი ვლინდება საშარდე გზების განმეორებითი ინფექციით. ამის მიზეზია ესტროგენების ნაკლებობა, რაც შარდის ბუშტისა და საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიას, საშოს ნორმალური ფლორის შეცვლას განაპირობებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის საშოში ჩაბუდებას და საშოს გავლით შორისიდან საშარდე გზებში მიგრაციას. შარდის ბუშტის ანთების ხშირ გამწვავებას და პროცესის გაქრონიკულებას იქამდე მივყავართ, რომ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი მთელ სიღრმეზე ზიანდება.
ამ დროს წარმოიშობა მიკროწყლულები, ანთებითი პროცესი ვრცელდება შარდის ბუშტის კუნთოვან შრეზე. ამ დაავადებას მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი ანუ ინტერსტიციული ცისტიტი ეწოდება. ვლინდება ტკივილით შარდის ბუშტში შარდის დაგროვების დროს, რაც ქალს მოშარდვას აიძულებს. ამის შემდეგ ტკივილი ცოტა ხნით სუსტდება, მერე კი ხელახლა იწყება და ასე მეორდება ყოველ 15-20 წუთში ერთხელ.
ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ შარდში არსებული ნივთიერებები ნერვულ დაბოლოებებს ქიმიურად აღიზიანებს.
დაავადების ნებაზე მიშვების ან არასწორი, არასრულფასოვანი მკურნალობის შემთხვევაში საქმე შარდის ბუშტის შეჭმუხვნამდე, მისი მოცულობის სრულ დაკარგვამდე მივა. სამწუხაროდ, ქალები მრავალ წელს კარგავენ „ქრონიკული ცისტიტის~ სამკურნალოდ. ხშირად ეს მკურნალობა ნაკლებეფექტური ან სრულიად უშედეგოა. მეტიც – შარდის ბუშტში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები უფრო ღრმავდება.

პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტის სწორი მკურნალობა

პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი მოითხოვს ხანგრძლივ ანტიბაქტერიულ მკურნალობას, ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნას და შარდის ბუშტში სპეციალური ნივთიერებების შეყვანას, რომლებიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაზიანებული ლორწოვანის აღდგენას.

შარდის შეუკავებლობის პრევენცია ქალებთან
გთავაზობთ, უპასუხოთ კითხვარს, შეაფასოთ, რა მდგომარეობა გაქვთ შარდის შეუკავებლობის მხრივ და გჭირდებათ თუ არა ექიმის კონსულტაცია.

1. უჩივით თუ არა შარდის შეუკავებლობას დახველების, დაცემინების ან სიცილის დროს?
კი – 1; არა – 0
2. უჩივით თუ არა შარდის შეუკავებლობას სიმძიმის აწევის, სიარულის ან სირბილის დროს?
კი – 1; არა – 0
3. უჩივით თუ არა შარდის შეუკავებლობას მოშარდვის უეცრად გაჩენილი სურვილის დროს?
კი – 1; არა – 0
4. იყენებთ თუ არა საფენებს ან სხვა საშუალებებს შარდის შეუკავებლობის გამო?
კი – 1; არა – 0
5. ზღუდავს თუ არა შარდის შეუკავებლობა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას?
კი – 1; არა – 0
6. ახდენს თუ არა შარდის შეუკავებლობა თქვენზე უარყოფით ემოციურ გავლენას?
კი – 1; არა – 0

შეაჯამეთ ქულები

ნული ქულა ნიშნავს, რომ ქალს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. პირველ ორ კითხვაზე დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ შეინიშნება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა და აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. მესამე კითხვაზე დადებითი პასუხი ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტზე მეტყველებს. უროლოგის ჩარევა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. მეოთხე და მეხუთე კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში პროცესი უფრო შორს არის წასული და ექიმთან ვიზიტის გადადებას არ გირჩევთ. მეექვსე კითხვაზე დადებითი პასუხი ნევროზისა და დეპრესიის საშიშროებაზე მეტყველებს.

ღამის შარდის
შეუკავებლობა

თუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის პირველი ნიშანი იყოს. თვითგანკურნების იმედით პროცესს ნებაზე ნუ მიუშვებთ, არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები.
შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა. ეს პრობლემა არც მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით შეწუხებულ მამაკაცთა რიცხვი ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია. ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას. შედეგი დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევაა.
ღამის შარდის შეუკავებლობად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შარდის ბუშტის ერთზე მეტად დაცლის სურვილი აღვიძებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორ-სამჯერ ტუალეტში წასვლის სურვილი განსაზღვრული პათოლოგიის ნიშანია, რომლისგანაც განკურნება შესაძლებელია. ის შემთხვევები, როცა ადამიანს უჭირს დაძინება, ნებისმიერი ჩქამი აღვიძებს ან ღამით მოსაშარდად მხოლოდ ერთხელ დგება, ღამის შარდის შეუკავებლობა არ არის.
ღამით მოშარდვის სურვილს იწვევს:
-დღის განმავლობაში და ძილის წინ სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
-შარდმდენი საშუალებების მიღება;
-შარდის ბუშტის მოცულობის მკვეთრი შემცირება ამა თუ იმ მიზეზით;
-შარდის ბუშტის დაავადებები: ანთება, ინფექცია, ქვები, სიმსივნეები, ასევე – მენჯის მიდამოს რენტგენოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა;
-ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
-შარდის ბუშტის კუნთოვანი აქტიურობის მომატება;
-ზოგადი ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები;
-სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, იძულებითი ქცევა.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოქმედებს თირკმელების მიერ დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულაციის მექანიზმი. ამ დროს შარდის უდიდესი ნაწილი სიფხიზლის პერიოდში გამოიყოფა და მხოლოდ 30% გამომუშავდება ძილის დროს. ამ ფაქიზ მექანიზმს ადვილად არღვევს:
-შეშუპება (წესისამებრ, ქვედა კიდურებისა). შეშუპებას, სხვა მიზეზებთან ერთად, იწვევს გულის უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები და არასწორი კვება, ქვედა კიდურების ვენების ფუნქციის დარღვევა;
-თირკმელების ქრონიკული დაავადება;
-შარდსადენის ნაწილობრივი გაუვალობა – ხშირად გვხვდება იმ მამაკაცებთან, რომლებიც პროსტატის გადიდებას უჩივიან და ქალებთან, რომელთაც შარდის ბუშტის დაწევა აქვთ. ამ დროს შარდის ბუშტი მთლიანად ვერ იცლება, რის გამოც ჩნდება მოშარდვის მუდმივი სურვილი. ღამის შეუკავებლობით უმეტესად ქალები იტანჯებიან. ასაკთან ერთად ამ პრობლემის ჩამოყალიბების ალბათობაც იზრდება. 40-60 წლის ქალების 55% ღამით ხშირ შარდვას უჩივის.

მკურნალობა
აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება გამოვლენილი დაავადებების (დიაბეტი, თირკმელების დაავადება, გულის უკმარისობა და სხვა) მკურნალობა. უროდინამიკური კვლევის (ნარჩენი შარდის, შარდის ბუშტის მოცულობის განსაზღვრა, ბუშტის კუნთების მდგომარეობა და სხვა) შედეგების მიხედვით შეიძლება დაინიშნოს პრეპარატები, რომლებიც ღამით შარდის ბუშტზე ზეწოლას ამცირებს. ზოგ შემთხვევაში საკმარისია ჩვევების შეცვლა – რაციონში რამდენიმე ცვლილების შეტანა, ძილის წინ სითხის მიღების შეზღუდვა და სხვა. არსებობს ვარჯიშთა სისტემა, რომელიც აძლიერებს შარდის ბუშტის კედლებსა და მენჯის ფსკერს. ქალებს მენოპაუზის პერიოდში და მანამდე მცირე ხნით ადრე ხშირად უნიშნავენ ჰორმონ ესტროგენს, რომელიც შარდის გამოყოფის ფუნქციაზეც ახდენს გავლენას. დაბოლოს, ყველაზე რთულ შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს, თუ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ პრობლემის მიზეზი შარდის ბუშტში მუდმივად დარჩენილი დიდი რაოდენობით შარდია და არც ერთი სხვა საშუალება არ შველის.

შარდის შეუკავებლობა
ბავშვებში

ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობა – ღამის ენურეზი. `ენურეზი~ ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს.
განასხვავებენ ღამის ენურეზის პირველად და მეორეულ ფორმებს.
პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება.
პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს უსვამენ 5 წელს გადაცილებულ ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

ღამის ენურეზის მიზეზები

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ მის გავითარებაში ბრალი მიუძღვის მრავალ ფაქტორს, მათ შორის:
-გენეტიკას;
-გამოღვიძების პროცესის დარღვევას;
-შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უუნარობას;
-ენდოკრინულ ფაქტორს – ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირებას, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას;
-ფსიქოლოგიურ ფაქტორებს;
-უროდინამიკურ პრობლემებს;
-საშარდე გზების ინფექციებს;
-საშარდე გზების სარქვლებს;
-ხერხემლის სვეტის დაზიანებას.
ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით წარმოშობს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

გენეტიკური ფაქტორი

დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ ის ბავშვსაც ექნება, 40-45%-ს აღწევს. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და მიმდინარეობს გენის ლოკუსთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა.

ძილის დარღვევა

ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მდგომარეობას კიდევ უფრო დავუმძიმებთ.

ენდოკრინული დარღვევები

დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის – ანტიდიურეზული ჰორმონის – გამომუშავება, რის გამოც თირკმლის შემკრებ მილაკებში სუსტდება წყლის უკუშეწოვა და ღამის განმავლობაში ჭარბად წარმოიქმნება შარდი, რომელსაც შარდის ბუშტი ვერ იტევს.

უროდინამიკური დარღვევები

ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს. ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს. ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აქვთ მოშარდვის ძლიერი იმპერატიული სურვილი.

რჩევები მშობლებს

თუ ბავშვს ღამის ენურეზი აქვს, მშობლებმა ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. იგი შეკრებს დეტალურ ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და მისი ოჯახის წევრთა მზადყოფნას. ყველა პაციენტს ჩაუტარდება შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული წესით. ცვლილებათა აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია და უროდინამიკური გამოკვლევა. ბავშვსაც და მშობლებსაც განუმარტავენ ენურეზის მიზეზს.
მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნუ დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს! გირჩევთ, ისეთი საკვები შეურჩიოთ, რომ ორგანიზმიდან ამა თუ იმ მარილის შარდით გამოყოფა შემცირდეს.
აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს.
შეადგინეთ დღიური, სადაც ჩაინიშნავთ სველ და მშრალ ღამეებს. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ.
ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას, პირიქით, არ დაუშალოთ ლაშქრობებში სიარული, უქმე დღეების მეგობრებთან ერთად გატარება. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით არის თანატოლებზე უარესი.

ენურეზის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები
მიღებულია ღამის ენურეზის მკურნალობის სამი მეთოდი:
-ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე;
-სპეციალური სასიგნალო სისტემის გამოყენება;
-ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპია.
ვინაიდან ღამის ენურეზი 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ენურეზის დროს საკმაოდ ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელების შემთხვევა (ყოველწლიურად – ასიდან 15 შემთხვევაში), თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება.

სასიგნალო სისტემით მკურნალობა

იყენებენ სპეციალურ აპარატურას, რომელშიც შარდის პირველი წვეთი რთავს სასიგნალო სისტემის ელექტრულ წრედს. შედეგად ბავშვი იღვიძებს და რეფლექსურად თრგუნავს მოშარდვის აქტს, შემდეგ სასიგნალო სისტემას თიშავს და მოშარდვას ტუალეტში ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი შარდის ბუშტის გავსებისთანავე გაღვიძებას შეეჩვევა, ზარიან საცვალს კიდევ ორი კვირის განმავლობაში აცმევენ. ამ მეთოდის ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება.

ფარმაკოლოგიური საშუალებებით მკურნალობა
თუ ღამის ენურეზის მქონე ბავშვს შარდის ბუშტის ტევადობის შემცირება აღენიშნება, ნაჩვენებია ანტიქოლინერგიული პრეპარატების (მაგალითად, ოქსიბუთინინის) გამოყენება. ძილის დარღვევის მქონე ბავშვებს ენიშნებათ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი). ღამის პოლიურიის დროს ეფექტურია ანტიდიურეზული ჰორმონის ანალოგი – დესმოპრესინი.

მეორეული ენურეზის მკურნალობა
ღამის მეორეული ენურეზის შემთხვევათა უმეტესობა (ვგულისხმობთ იმ შემთხვევებს, როდესაც აშკარაა დაავადების განვითარებაში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი) ფსიქოთერაპიითა და ჰიპნოზით იკურნება.
ამრიგად, ღამის ენურეზის ტიპის (პირველადი, მეორეული) დადგენის შემდეგ ყალიბდება მკურნალობის ტაქტიკა. იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მშობელთა პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს. შერჩევა გრძელდება, ვიდრე არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ექიმების მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.
გახსოვდეთ: ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.

Facebook კომენტარები