წყლულის პერფორაცია

პერფორაციის დროს (ასიდან 7-8 შემთხვევა) კუჭის (ან თორმეტგოჯა ნაწლავის) კედლის მთლიანობა ირღვევა და შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება. დადგენილია, რომ პერფორაცია უფრო ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებთან. ეს გართულება უმთავრესად დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას აღმოცენდება. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ პერფორაციას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ ან მძიმე ტვირთის აწევამ – მდგომარეობამ, რომელიც ხელს უწყობს მუცლის ღრუში წნევის მატებას. ზოგჯერ პერფორაციის მიზეზია მუცლის ტრავმა, წაქცევა. საქართველოში დიდი ხნის წინათ შეამჩნიეს, რომ ეს საშიში გართულება ხშირდებოდა შემოდგომაზე და მაჭრის სეზონს უკავშირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პერფორაციული ხვრელი ზოგჯერ ძალიან პატარაა, ვითარდება ტიპური კლინიკური სურათი, რომლის მიმდინარეობაშიც განასხვავებენ სამ საფეხურს:
-ტკივილით გამოწვეულ შოკს;
-ცრუ გაუმჯობესებას;
-პერიტონიტს – მუცლის ფარის ანთებას.

ტკივილით გამოწვეული შოკი
ამ სტადიას ახასიათებს უეცარი უმწვავესი ტკივილი. ის იმდენად ძლიერია, რომ ხანჯლის ჩაცემასაც ადარებენ. ტკივილის მიზეზია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუცლის ღრუში მოხვედრა მათი კედლის მთლიანობის დარღვევის გამო. ტკივილი თავდაპირველად მუცლის ზედა ნაწილშია ლოკალიზებული, მერე კი მთელ მუცელზე ვრცელდება. მკვეთრად ძლიერდება ხველისა და მოძრაობისას. მის შესამსუბუქებლად პაციენტი იღებს იძულებით პოზას – წევს ზურგზე ან გვერდზე, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

ცრუ გაუმჯობესება

დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ ხდება მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესება – ტკივილი მცირდება, ზოგჯერ გაივლის კიდეც. პაციენტი ამ მდგომარეობას გაუმჯობესებად აღიქვამს, სინამდვილეში კი ვითარდება ნაწლავთა პარეზი, რაც მეტეორიზმით – ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვებით – ვლინდება.

პერიტონიტი – მუცლის ფარის ანთება

ცრუ გაუმჯობესების პერიოდი 10-12 საათს გრძელდება. მას ჩირქოვანი პერიტონიტი მოსდევს, რაც წყურვილით, პირის სიმშრალით, სლოკინით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით ვლინდება. ზოგჯერ, როდესაც პერფორაციის ხვრელი დიდი ბადექონით იფარება ან მასიური შეხორცებითი პროცესი აფერხებს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის გავრცელებას, პერფორაცია არატიპურად მიმდინარეობს. ამ მდგომარეობას მიფარებულ პერფორაციას უწოდებენ.

კუჭის პერფორაციის მკურნალობა
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ამ დროს კონსერვატიული მეთოდების (მედიკამენტური მკურნალობის) გამოყენება დაუშვებელია. ტარდება სასწრაფო ოპერაცია.
გახსოვდეთ: მუცლის მწვავე ტკივილი, განურჩევლად მიზეზისა, ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლის საფუძველია, წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში კი ამ სიმპტომის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.

Facebook კომენტარები