ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს ისინი სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია.
ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ერთდროულადაც.

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება, ურტიკარია (Urtica – ლათ. ჭინჭარი) – ეს სახელი დაავადებამ თავისებური სიმპტომების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. თან სდევს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, თავი იჩინოს თავის ტკივილმა და სისუსტემ. ჭინჭრის ციება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც (მაშასადამე, მოიცვას სხეულის ცალკეული ნაწილი ან გავრცელდეს მთელ ტანზე), მწვავეც და ქრონიკულიც. ასევე, შესაძლოა, რომელიმე სხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენდეს.

მიზეზები
ჭინჭრის ციება შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ფიზიკურმა ფაქტორებმა – სითბომ, სიცივემ, წნევამ, მზის რადიაციამ;
  • დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ);
  • სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა.შ.

როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ. უმეტესად კი წარმოშობის მიხედვით ორგვარ ჭინჭრის ციებას განასხვავებენ: ალერგიულსა და არაალერგიულს. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ მემკვიდრეობით ფორმასაც. მწვავე ჭინჭრის ციება უმეტესად ალერგიული ბუნებისაა, ხოლო ქრონიკული, მორეციდივე ფორმის კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა და საზოგადოდ, გამომწვევი მიზეზის დადგენა მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ჭინჭრის ციების მწვავე ფორმა
ჭინჭრის ციების მწვავე ფორმის კლინიკური სურათი ტიპობრივია. კანზე წარმოიქმნება ბებერები, რომლებიც მკვრივი კონსისტენციისაა და მკვეთრი საზღვრები აქვს. გამონაყარი სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. შესაძლოა, შეფერილობაც სხვადასხვაგვარი ჰქონდეს. ყველაზე ტიპობრივია ბაცი ვარდისფერი და ფაიფურისმაგვარი თეთრი. ფორმით შესაძლოა იყოს რგოლისებრი, ნახევარმთვარისებრი, კვანძოვანი. ბებერები შესაძლოა ერთმანეთს შეეზარდოს ან სისხლჩაქცევისმაგვარი ხასიათიც მიიღოს. ასეთი წარმონაქმნების ალაგების შემდეგ კანზე რჩება პიგმენტური უბნები.
გამონაყარი უპირატესად ჩნდება კიდურების გამშლელ მხარეს, ტანზე, დუნდულებზე. სწრაფად წარმოიშობა და მალევე ქრება. მწვავე ჭინჭრის ციებას თან ახლავს ქავილი და წვა ბებერის მიდამოში. გამორიცხული არ არის ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატება. თუ სასუნთქი გზების ლორწოვანი დაზიანდა, სუნთქვა ძნელდება და დაერთვის ხველაც. სასუნთქი გზების ლორწოვანის სწრაფად განვითარებული შეშუპება შესაძლოა ასფიქსიის მიზეზად იქცეს. ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელია მუცლის ტკივილი და ფაღარათი.

ჭინჭრის ციების ქრონიკული ფორმა
დაავადება შესაძლოა გაქრონიკულდეს და ტალღისებური, მორეციდივე ხასიათი შეიძინოს. ასეთი ფორმა შესაძლოა 20-30 წელიწადსაც გაგრძელდეს. ქრონიკულ ჭინჭრის ციებას ახასიათებს ტიპური ურტიკარიული გამონაყარის პაპულოზურად გარდაქმნა და ძლიერი ქავილი.

კვინკეს შეშუპება

კვინკეს შეშუპებას (ის პირველად გ. კვინკემ აღწერა 1882 წელს) ანგიონევროზულ შეშუპებას და გიგანტურ ჭინჭრის ციებასაც უწოდებენ. თუ კანის ზედაპირული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ქავილი, გავრცელდა კანქვეშა ქსოვილში, სადაც ნერვული დაბოლოებები არ არის, ქავილი აღარ იგრძნობა, ხოლო მდგომარეობას კვინკეს შეშუპებად მოიხსენიებენ.
შეშუპება უმეტესად იქ ვითარდება, სადაც ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია (ტუჩები, ქუთუთოები, ყურები, ენა, ხელის მტევნები და სხვ.).
საზოგადოდ კი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, განვითარების ერთიანი მექანიზმიდან გამომდინარე, ერთად განიხილება.
კვინკეს შეშუპებამ შესაძლოა მნიშვნელოვან ზომებს მიაღწიოს. იგი იწვევს დაზიანებული ადგილის დეფორმაციას, მერე კი შესაძლოა უკვალოდ გაქრეს, ხოლო თუ ხელახლა განვითარდა, უმეტესად კვლავ ადრინდელ ადგილას ლოკალიზდება.
სიცოცხლისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ხორხის შეშუპება, რომელიც შემთხვევათა 20-25%-ში შეინიშნება. ხორხის შეშუპებას თან ახლავს:

  • ხმის შეცვლა;
  • მყეფავი ხველა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • სახის მოცისფრო ელფერი;
  • მოგუდვის შეგრძნება (ამ დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა).

თუ კვინკეს შეშუპება თავზეა ლოკალიზებული, აღმოცენდება თავის ტკივილი. ტვინის გარსების შეშუპებამ შესაძლოა ეპილეფსიური შეტევები, მენინგოკოკური მოვლენები და გონების დაბინდვა გამოიწვიოს.
არსებობს მემკვიდრეობითი წარმოშობის კვინკეს შეშუპება, რომელიც მამაკაცებთან უფრო ხშირად გვხვდება. შეშუპებული უბანი ამ დროს მტკივნეული არ არის; ხშირია ხორხის შეშუპება.

მიზეზები
მწვავე ჭინჭრის ციება ხშირად საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგიის ნიშანია. იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მის განვითარებას იწვევს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კვერცხი, არაქისი, სოია, ღორის ხორცი, რძე, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ქათამი, თხილი და კაკალი. უნდა გავითვალისწინოთ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების (ვთქვათ, პროდუქტისა და მტვრის ან ლატექსის ერთობლივი მოქმედების) შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა შეუძლია ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგალითად, პენიცილინის ჯგუფისას), სულფანილამიდებს, კოდეინს. ჭინჭრის ციებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. არ არის გამორიცხული, გამონაყარი სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს. ჭინჭრის ციების მიზეზად შესაძლოა იქცეს აგრეთვე რომელიმე ინფექციური ან ვირუსული დაავადება, მაგალითად, ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი ან ლამბლიოზი. ზოგჯერ ის ისეთ პირებთანაც იჩენს თავს, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ.
კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელია კავშირი გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან (ასეთებია, მაგალითად, რენიტეკი, კაპოტენი, ენაპი, პრესტარიუმი). ამ დროს შეშუპება ხშირად ენასა და ტუჩებზეა ლოკალიზებული.

დიაგნოსტიკა
ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ანამნეზს კრებს. მომდევნო ეტაპი სხეულის დათვალიერება და ლაბორატორიული კვლევებია, მათ შორის – ვასერმანის რეაქცია, რენტგენოგრაფია, ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევები. გამოკვლევა გულდასმით უნდა ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს დაავადებები, რომელთა მიმდინარეობა ჭინჭრის ციებას ჰგავს. გარდა ამისა, საჭიროა იმ პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს შეუპოვრად მიმდინარე ჭინჭრის ციებას. ასეთი გახლავთ ქრონიკული ტონზილიტი, კარიესი, ქოლეცისტიტი, ოსტეომიელიტი, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სხვა.

საშიშია თუ არა?
ლოკალური ჭინჭრის ციება მსუბუქ ალერგიულ რეაქციად მიიჩნევა, ხოლო გენერალიზებული ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება – საშუალოდ და მძიმედ. განსაკუთრებით საშიშია შეშუპება სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის მიდამოში – შესაძლოა, სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობაც მოჰყვეს, თუ პაციენტს დროულად არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.

პროფილაქტიკა
ავადმყოფი კარგად უნდა იცნობდეს თავის დაავადებას და მუდამ თან ჰქონდეს ალერგიული ავადმყოფის პასპორტი, რომელშიც მითითებულია დიაგნოზი და მოცემულია რეკომენდაციები. ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც გადაუტანია ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, უნდა ერიდოს ასპირინსა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებს, არ უნდა გაეკაროს ალკოჰოლს. სახიფათოა ასევე ცხელი შხაპი და აბაზანა, ზოგიერთი წნევის დამწევი საშუალების მიღება. თუ ალერგიის მაპროვოცირებელი საკვები დადგენილია, მისი მიღებაც უნდა აიკრძალოს. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს გარუჯვა რეკომენდებული არ არის. პაციენტები, რომელთაც მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპება აქვთ, უნდა ერიდონ კბილის ამოღებას.

მედიკამენტური მკურნალობა
ისევე როგორც სხვა ფორმის ალერგიული დაავადებების მკურნალობისას, ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროსაც, თუ ალერგენის დადგენა მოხერხდა, ყველაზე ეფექტურია მისი მოცილება, რასაც მედიცინაში ელიმინაციას უწოდებენ. მაგრამ ზოგჯერ – და, უნდა ითქვას, რომ უმეტესადაც – ურტიკარიის მიზეზის იდენტიფიცირება ჭირს და მასთან ბრძოლის ძირითად მეთოდად მედიკამენტური მკურნალობა რჩება.
ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობა უმთავრესად 3 ჯგუფის მედიკამენტებს მოიაზრებს:

  • ადრენომიმეტიკებს – ადრენალინს, ნორადრენალინს;
  • ანტიჰისტამინურ პრეპარატებს – ლორატადინს, ასტემიზოლს, ტერფენადინს, კეტოტიფენს, ცეტირიზინს;
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, პრედნიზოლონს.

მწვავე ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს პირველ ადგილზე დგას ის საშუალებები, რომლებსაც სიმპტომების სწრაფი კუპირება ძალუძს. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს დავჯერდეთ (ასეთებია დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი. გაცილებით უკეთესია ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს, მაგალითად, კლარიტინი, ალერფასტი და სხვა). არცთუ იშვიათად შედეგიანია გამწმენდი ოყნა და ენტეროსორბენტები (სმექტა, გააქტიურებული ნახშირი). საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სპეციალისტების მაღალკვალიფიციური დახმარება. დაბოლოს: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობის რეკომენდაციებში ჩართულია მეთოდები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მეცნიერულად არის დამტკიცებული. ამავე დროს, რეკლამა ეწევა ჭინჭრის ციებისა და კვებითი ალერგიის სხვადასხვა ფორმის მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებს. მათი მიმდევრების აქტიურობის მიუხედავად, ზოგიერთი ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო ობიექტურ გამოცდას. რაც მთავარია, ზოგი მათგანი არცთუ უსაფრთხოა. თუ მაინც გადაწყვეტთ არატრადიციული მეთოდებით მკურნალობას, მათი უსაფრთხოების ხარისხი ექიმთან ერთად განიხილეთ.

Facebook კომენტარები