ჰეპატიტი A

A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. მას, ავადობის სიხშირის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების შემდეგ. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. სამედიცინო ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც მოიხსენიება.

გავრცელება
ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის გამო A ჰეპატიტით ავადობა პიკს შემოდგომის ბოლოს ან ზამთრის დასაწყისში აღწევს (ანუ ინფიცირება ხდება ცხელ სეზონზე – ზაფხულში, გამოვლენა კი – შემოდგომის მიწურულს).
A ჰეპატიტი ვრცელდება:

  • ფეკალურ-ორალური გზით,
  • დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით.

ეს ვირუსის გავრცელების კლასიკური გზაა. არსებობს სხვა გზებიც.
წლამდე ასაკის პატარები არ ავადდებიან – მათ დედისეული ანტისხეულები იცავს. დაავადება უმეტესად ხვდებათ უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებიც მიირთმევენ გაურეცხავ ხილს, ჭუჭყიანი ხელებით შეექცევიან კერძს, პირში იდებენ სათამაშოებს. წინათ დაავადების პიკი 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდიოდა. დღეს უმთავრესად უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები და არასათანადო სანიტარიულ პირობებში მცხოვრები მოზარდები ავადმყოფობენ. ნარკომანები რისკის ჯგუფში შედიან, რადგან ხშირად საერთო შპრიცს მოიხმარენ.
კლინიკურად გამოხატული ფორმებით დაავადებულებთან ერთად ინფექციის წყაროს წარმოადგენენ A ჰეპატიტის უსიყვითლო და სუბკლინიკური ფორმების მქონე პირებიც. ვირუსი გამოიყოფა ინფიცირებულის განავალში დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში და რამდენიმე დღე გამოვლენის შემდეგ. დაავადება მაქსიმალურად გადამდებია უშუალოდ სიყვითლის განვითარების წინ. A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ვირუსმატარებლობა არ აღინიშნება. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.
ვარაუდობენ, რომ ვირუსის გამრავლების პირველი ადგილია პირ-ხახა, შესაძლოა, სანერწყვე ჯირკვლები და მათ ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები. არაიმუნიზებულ ორგანიზმში ვირუსი აქტიურად მრავლდება ღვიძლის უჯრედებში, საიდანაც ლიმფური გზებისა და სისხლძარღვების გავლით ხვდება ნაღვლის სადინარსა და სანაღვლე გზებში, საბოლოოდ კი ნაწლავის სანათურში იდებს ბინას. დაავადება თითქმის არასოდეს გადადის ქრონიკულ ფორმაში. სიკვდილიანობა 0,1%-ზე დაბალია და, წესისამებრ, ღვიძლის მწვავე უკმარისობის შედეგს წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

A ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე გასული დრო) 15-50, საშუალოდ 28-30 დღეს შეადგენს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, როცა დაავადების წყარო წყალი და საკვებია, და ხანგრძლივი, როცა გადაცემა კონტაქტური გზით ხდება – ვირუსი ადამიანისგან უშუალოდ ადამიანს გადაედება.
პროდრომულ ანუ სიყვითლისწინა პერიოდში, რომელიც უმეტესად 5-7 დღე (შესაძლოა, 1-დან 14 დღემდეც) გრძელდება, ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, დაღლილობას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, კანის ქავილს, ტემპერატურის ზომიერ (37-38,5 0C-მდე) მომატებას. მცირე ასაკის ბავშვებს აქვთ დიარეა (კუჭის აშლილობა), მოზარდებსა და მოზრდილებს აწუხებთ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და კუჭის არეში. ავადმყოფის მდგომარეობა უმეტესად სიყვითლის გამოვლენისთანავე უმჯობესდება, ზოგადი სიმპტომები ქრება.
სიყვითლის პერიოდს ახასიათებს მუქი შარდი, უფერული განავალი, ლორწოვანის, თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე. სიყვითლემ შესაძლოა მოიმატოს პირველ, მეორე, მესამე დღეს. გასტანს 1-2 კვირას, მერე კი ნელ-ნელა ცხრება. მდგომარეობა ნორმას საბოლოოდ რომ დაუბრუნდეს, კიდევ 1-2 კვირაა საჭირო.
სიყვითლის პირველ დღეებში ისინჯება გადიდებული ღვიძლი (ჰეპატომეგალია), ზოგჯერ – ელენთაც (სპლენომეგალია). ნეკნებიდან გამოსული ღვიძლის კიდე მკვრივი და სადაა. განურჩევლად დაავადების სიმძიმისა, A ჰეპატიტი უმეტესად გამოჯანმრთელებით სრულდება, ღვიძლის ფუნქცია აღდგება, თუმცა არ არის გამორიცხული სიყვითლის რეციდივი (განმეორება) და შეცვლილი ლაბორატორიული მაჩვენებლების დიდხანს შენარჩუნება. ასეთი გახანგრძლივებული ფორმის დროს ღვიძლის ფუნქციის აღსადგენად ერთი წელია საჭირო.

დიაგნოსტიკა
A ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დროს ითვალისწინებენ:

  • ავადმყოფის გამოკითხვის გზით მიღებულ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს (სიყვითლის მქონე ადამიანთან კონტაქტი ბოლო 7-50 დღის განმავლობაში, აუდუღარი უცნობი წყაროს წყლის დალევა, გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, 15-დან 29 წლამდე ასაკი);
  • დაავადების სიმპტომებს (მწვავე დასაწყისი ტემპერატურის მომატებით და მონელების პროცესების დარღვევით, რამდენიმე დღის შემდეგ – სიყვითლე, რომლის ფონზეც ზოგადი მდგომარეობა შედარებით უმჯობესდება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება).

დაავადება შესაძლოა უსიყვითლოდ მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში ექიმსაც კი უჭირს მისი გარჩევა სასუნთქი გზების ბანალური გაციებითი დაავადებისგან.

A ჰეპატიტის ოთხი განსაკუთრებული ნიშანი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია:
1. გაციებითი დაავადების დროს, როდესაც სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს, ავადმყოფის თვითშეგრძნება უმჯობესდება. A ჰეპატიტის დროს ასე არ ხდება. ტემპერატურა მომატებული არ არის, მაგრამ თვითშეგრძნება ცუდია: ავადმყოფი მოთენთილია, უხალისო, დღეში რამდენჯერმე იძინებს.
2. ნორმალური ტემპერატურის ფონზე მადა არ აქვს, აღებინებს, საჭმლის დანახვაზეც კი გულისრევის შეგრძნება უჩნდება. ღებინებაც თავისებურია – არა ხშირი და უხვი, როგორიც მოწამვლისას, არამედ იშვიათი და მცირე, მაგრამ შეუპოვარი და ზედიზედ რამდენიმე დღე.
3. თუ სკოლაში, საბავშვო ბაღში, ეზოში, აგარაკზე შეიტყვეთ, რომ ვინმე A ჰეპატიტით დაავადდა, მზად იყავით – გადადების ალბათობა დიდია.
4. შარდის ანალიზი უსიყვითლო ფორმას არ ავლენს. აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რომელიც ორგანიზმში ვირუსის არსებობას დაადასტურებს.
ავადმყოფს ცალკე ოთახი უნდა ჰქონდეს. შეძლებისდაგვარად ერიდეთ მასთან კონტაქტს. განსაკუთრებით გაუფრთხილდით ბავშვებს. ზერელე კონტაქტის დროს დაავადების გადადების ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.

ლაბორატორიული მონაცემები
A ჰეპატიტის დიაგნოზს სვამენ სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე. ინფორმაციულია შარდის ტესტი ბილირუბინზე, შრატში საერთო და პირდაპირი ბილირუბინის, ალანინამინტრანსფერაზის და ასპარტატამინტრანსფერაზის განსაზღვრა (ეს ფერმენტები ღვიძლის დაშლილი უჯრედებიდან გამოდის), მაღალია სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების (ალანინამინტრანსფერაზის, ალანინამინტრანსპეპტიდაზისა და თიმოლის სინჯის) მაჩვენებლები. მაგრამ ვინაიდან მწვავე პერიოდში ყველა ვირუსული ჰეპატიტის კლინიკური სურათი ერთმანეთს ჰგავს, საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური იმუნოდიაგნოსტიკური მეთოდით. სპეციფიკური მარკერია A ვირუსის მიმართ  M კლასის ანტისხეულები (იმუნოგლობულინები), რომელიც ვლინდება A ჰეპატიტით დაავადებული ყველა ადამიანის სისხლის შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით დაავადების პირველივე დღეებიდან და 3-6 თვის განმავლობაში რჩება, ამიტომ სიყვითლის განვითარებამდეც კი ყველაზე სანდო სადიაგნოზო მაჩვენებლად არის მიჩნეული.

მკურნალობა
A ჰეპატიტის დროს თანამედროვე მედიცინა ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია ექიმ ჰეპატოლოგის მუდმივი კონსულტაცია, ასევე – რეგულარული სეროლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევები. უკეთესი იქნება, თუ ავადმყოფს პოლიკლინიკაში არ ატარებთ – მას ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი სჭირდება. ღვიძლმა, რომელიც ჰეპატიტის დროს ძირითად დარტყმას იღებს, უნდა მოისვენოს, რათა მაქსიმალურად მომარაგდეს სისხლით, იკვებოს ჟანგბადით.
თუ ორგანიზმი საკმაოდ ძლიერია, A ჰეპატიტის ვირუსს აქტიური მკურნალობის გარეშეც უმკლავდება და დაავადება სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი გამოკვლევა და გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციების კონტროლი. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ინტრავენურად, წვეთოვნად, სითხეების გადასხმა, რათა შემცირდეს ღვიძლზე ვირუსის ტოქსიკური ზემოქმედება.
ამჟამად ფარმაცევტულ ბაზარზე რეკლამირებას უწევენ მრავალ სამკურნალო საშუალებას, რომლებიც თითქოსდა ღვიძლის ფუნქციას აღადგენს. A ჰეპატიტით დაავადებულს ასეთი მედიკამენტები არ სჭირდება. სპეციალურ დიეტას უნდა დაემატოს პოლივიტამინები, შეიძლება, ნაღველმდენი ბალახების – სიმინდის ულვაშის, კრაზანას – ფიტოჩაი.

დიეტა
ნებადართულია: რძე, რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის, ქათმის, კურდღლის მჭლე ხორცი (ხბოსი და წიწილისა არასასურველია), მოხარშული მჭლე თევზი – ვირთევზა, ქარიყლაპია, კობრი; ბოსტნეული – კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი; ფაფები და მაკარონის ნაწარმი, დაღერღილი ხორბლის პური; მწვანე ბარდა; ტკბილი ხილი და კენკრა, მურაბა, თაფლი; წინა დღეს გამომცხვარი ნამცხვარი, ოღონდ არა ფენოვანი.
უნდა შეიზღუდოს: ნაღების კარაქი (დღეში 30-40 გ-მდე), არაჟანი – მხოლოდ სადილზე დასამატებლად, კვერცხის გული – კვირაში არა უმეტეს 1-2-ჯერ (ცილა უფრო ხშირადაც შეიძლება), ყველი, საქონლის ხორცის სოსისი, დიეტური ძეხვი.
აკრძალულია: შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღვეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი, ხორცი, ქათმის, სოკოს ბულიონი.
სრული გამოჯანმრთელება 6-12 თვეზე ადრე არ ხდება, ამიტომ მოგვიანებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დროულად გაიაროთ დისპანსერული გამოკვლევა;
  • ერიდოთ გადახურებას და გადაცივებას, მეტადრე – გარუჯვას;
  • დაიცვათ დიეტა. რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი და კალორიული, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების საკმარისი შემცველობით. კვება საჭიროა დღეში 4-6-ჯერ, მცირე ულუფებით.
  • ბავშვებს ათავისუფლებენ პროფილაქტიკური აცრებისგან, ტურისტული ლაშქრობებისგან, ფიზკულტურის გაკვეთილებიდან, სპორტული სექციიდან, შეჯიბრებებიდან, სამკურნალო ფიზკულტურა კი ამ დროს სასარგებლოა.

პროფილაქტიკა

  • საუკეთესო პროფილაქტიკაა ჰიგიენა, მშობლებს კი მოეთხოვებათ, თვალყური ადევნონ ბავშვს, რომ ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ დაიბანოს ხელები, ჭამოს მხოლოდ კარგად გარეცხილი ხილი.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს სასმელი წყლის სისუფთავეს.
  • თუ ოჯახში ვინმეს A ჰეპატიტი შეხვდა, მისი ნივთები დაამუშავეთ ქლორამინით, ოჯახის სხვა წევრები მოარიდეთ დაავადებულთან კონტაქტს.
  • ჰეპატიტისგან თავის დაცვის მთავარი გზა კი დროული ვაქცინაციაა. ის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკში და კურორტზე წასვლის წინ, აგრეთვე მაშინ, თუ A ჰეპატიტით დაავადდა ვინმე, ვისთანაც ბავშვს ხშირად უხდება კონტაქტი.

A ჰეპატიტით ზრდასრულებიც ხდებიან ავად. რისკის ჯგუფს, რომელსაც ვაქცინაცია სჭირდება, ეკუთვნიან პირები, რომლებმაც გადაიტანეს ჰეპატიტის რომელიმე სხვა ფორმა (B, C, D), აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ჰემოფილია. ვაქცინაცია აუცილებელია მათთვისაც, ვინც ბევრს მოგზაურობს, აგრეთვე – სამედიცინო-სანიტარიული სამსახურის მუშაკებისთვის, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი კვების, კომუნალური მომსახურების, წყალმომარაგების სისტემაში მომუშავე პირებისთვის, სამხედროებისთვის, განსაკუთრებით – კავკასიასა და შუა აზიაში სამსახურისას.

Facebook კომენტარები