ჰეპატიტი

ჰეპატიტი ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დიფუზური ანთებითი დაზიანებაა, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. ეს უმთავრესად ჰეპატოტროპული ფაქტორებია – ფაქტორები, რომლებსაც ღვიძლის ქსოვილის არჩევითად დაზიანების უნარი შესწევთ. მრავალი მედიკამენტი (ტრანკვილიზატორები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი) და ქიმიური ნაერთები (ალკოჰოლი) ხანგრძლივი მიღებისას ღვიძლს ისე აზიანებს, რომ მის ანთებასაც კი იწვევს – ეს ტოქსიკური ჰეპატიტია. ზოგჯერ ღვიძლის დაზიანების მიზეზი ინფექციური მონონუკლეოზი, სიფილისი, ტუბერკულოზი, ამებური დიზენტერია ან შემაერთებელი ქსოვილის სისტემური პათოლოგიაა, რომელსაც ჰეპატიტი გართულების სახით დაერთვის. ყველაზე ხშირად კი ვირუსებით გამოწვეული ვირუსული ჰეპატიტები გვხვდება.
სადღეისოდ ცნობილია ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის 7 ტიპი – A, B, C, D, E, F, G.
A და E ვირუსებით გამოწვეული ჰეპატიტები (ანუ A და E ჰეპატიტები) სხვა ვირუსულ ჰეპატიტებთან შედარებით მსუბუქია, B და C ჰეპატიტებმა კი მედიკოსებს ბოლო ხანს დიდი საფიქრალი გაუჩინა, ვინაიდან გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს და მათგან ბოლომდე განკურნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. B და C ჰეპატიტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, ფართოდ არის გავრცელებული.
D ჰეპატიტი ცალკე არ აღირიცხება. ეს ეგრეთ წოდებული თანმხლები დაავადებაა. იგი ხშირად ერთვის B ჰეპატიტს და ამძიმებს მის მიმდინარეობას. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის კურსის გახანგრძლივება და მედიკამენტების დოზების გაზრდა. მაშინაც კი, როცა ორგანიზმიდან ამ ვირუსის მთლიანად გამოდევნა ვერ ხერხდება, უკეთესობა საგრძნობია და ღვიძლის უჯრედებიც მეტადაა დაზღვეული ციროზის განვითარებისგან. საბედნიეროდ, D ჰეპატიტი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და საქართველოში ბოლო წლებში საერთოდ არ აღრიცხულა.
G ჰეპატიტი ჰგავს C ჰეპატიტს, მაგრამ ნაკლებად საშიშია.

ღვიძლის დაზიანების მექანიზმი
ორგანიზმში შეჭრილი ჰეპატიტის ვირუსები სისხლის საშუალებით მთელ სხეულში ცირკულირებენ, ბოლოს კი ღვიძლში იდებენ ბინას. იქ ისინი პირდაპირ ჰეპატოციტებში იჭრებიან და ეს უკანასკნელნი ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, რადგან უჯრედის ძირითადი ორგანოები ვირუსისთვის იწყებენ მუშაობას – ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ნაცვლად ვირუსის ცილებისა და რნმ-ს სინთეზს აწარმოებენ. ვირუსები ნელ-ნელა გამოდიან დაზიანებული უჯრედებიდან და ჯანმრთელს უტევენ. ასე გრძელდება, ვიდრე ღვიძლში მობინადრე ვირუსი მთლიანად არ დააზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს და მას ავთვისებიან უჯრედებად არ გადააგვარებს.

Facebook კომენტარები