საერთაშორისო დასახელება:

AMITRIPTYLINE

მწარმოებელი: ZENTIVA, სლოვაკეთი

მოქმედი ნივთიერება: ამიტრიპტილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 ამპ.

ამიტრიპტილინი ……      20 მგ,

რაც შეესაბამება 22.63 მგ ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

დექსტროზა (გლუკოზა), საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამიტრიპტილინის ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცნს-ის მიერ კატექოლამინების (ადრენალინი, ნორადრენალინი) და სეროტონინის ნეირონალური უკუმიტაცების დათრგუნვით. ამიტრიპტილინი წარმოადგენს მუსკარინული ქოლინორეცეპტორების ანტაგონისტს ცნს-ში და პერიფერიაზე, გააჩნია პერიფერიული ანტიჰისტამინური (H1) და ანტიადრენერგული თვისებები. ასევე გააჩნია ანტინევრალგიური (ცენტრალური ანალგეზიური), წყლულის საწინააღმდეგო და და ანტიბულემიური თვისებები, ეფექტურია ღამის შარდვის შეუკავებლობის დროს, ანტიდეპრესიული მოქმედება ვლინდება მიღებიდან 2-4 კვირის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ამიტრიპტილინის ბიოშეღწევადობა მისი სხვადასხვა გზებით მიღებისას – 30-60%-ია. მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორტრიპტილინის კი – 46-70%. გადანაწილების მოცულობა 5-10 ლ/კგ. ამიტრიპტილინის ეფექტური თერაპიული კონცენტრაციაა 50-250 ნგ/მლ, ნორტრიპტილინის (მისი აქტიური მეტაბოლიტის) კი – 50-50 ნგ/მლ. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) 0.04-0.16 მკგ/მლ. გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, მათ შორის ჰემატოენცეფალურს. ამიტრიპტილინის კონცენტრაცია ქსოვილებში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 92-96%. მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ღვიძლში (დიმეთილირება, ჰიდროქსილირება) და წარმოიქმნება აქტიური (ნორტრიპტილინი) და არააქტიური (10-ჰიდროქსიამიტრიპტილინი) მეტაბოლიტები.

ამიტრიპტილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 10-28 სთ-ს, ხოლო ნორტრიპტილინისათვის 16-80 სთ-ს. ელიმინაცია თირკმელებით შეადგენს (80%), ხოლო ნაწილობრივ ნაღველთან ერთად გამოიყოფა. მთლიანად გამოიყოფა 7-4 დღის განმავლობაში. ამიტრიპტილინი აღწევს პლაცენტურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძეში, იგივე კონცენტრაციით, როგორც პლაზმაში.

ჩვენებები:

ძლიერი დეპრესიები. სედატიური ეფექტიდან გამომდინარე განსაკუთრებით ეფექტურია განგაშ-დეპრესიულ მდგომარეობაში.

მიღების წესები და დოზირება:

ინიშნება კუნთში და ვენაში.

თერაპიის მიმართ რეზისტენტული ძლიერი დეპრესიების დროს – შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (ნელა!) 10-20-30 მგ დღე-ღამეში 4-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 150 მგ; 1-2 კვირის შემდეგ გადადიან პრეპარატის პერორალურ მიღებაზე.

12 წლამდე ბავშვებში და ხანდაზმულებში ხმარობენ შედარებით დაბალ დოზებს და ზრდიან ასევე უფრო ნელა.

თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება 3-4 კვირის განმავლობაში, მაშინ შემდგომი თერაპია არამიზანშეწონილია.

გვერდითი მოვლენები:

ძირითადად განპირობებულია პრეპარატის ქოლინომაბლოკირებელი მოქმედებით: აკომოდაციის პარეზი, მხედველობის დაბინდვა, თვალშიდა წნევის მომატება, პირის ღრუს სიმშრალე, ყაბზობა, ნაწლავთა გაუვალობა, შარდის შეკავება, სხეულის ტემპერატურის მომატება.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ატაქსია, სწრაფი გადაღლა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილიანობა ან უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, დიზართრია, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, აგზნებული მოძრაობები დეზორიენტაცია, ტრემორი, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ცვლილებები ეკგ-ზე, იშვიათად ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, განგაში.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, არტერიული წნევის ლაბილურობა, ეკგ-ზე QRS  კომპლექსის გაფართოება (პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა), გულის უკმარისობის სიმპტომები, გულის წასვლა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ანორექსია, სტომატიტი, გემოვნების დარღვევა ენის გამუქება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, გასტრალგია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, იშვიათად ქოლესტაზური სიყვითლე, დიარეა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების ზომაში მომატება, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში, გალაქტორეა, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის შეცვლა, ლიბიდოს და პოტენციის ცვლილება, იშვიათად ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, სათესლე ჯირკვლების შეშუპება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ცხელება.

სხვა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პურპურა, და სისხლის სხვა ცვლილებები, თმების ცვენა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სხეულის მასის მომატება (ხანგრძლივი გამოყენების დროს), ოფლიანობა, პოლაკიურია.

ხანგრძლივი გამოყენების დროს, (განსაკუთრებით დიდი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში),თერაპიის უეცარი შეწყვეტისას შესაძლებელია განვითარდეს მოხსნის სინდრომი: თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ასევე გაღიზიანებულობა, ძილის დარღვევა, “ფერადი” უჩვეულო სიზმრები, მომატებული აგზნებულობა.

უკუჩვენებები:

 

  • გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე და რეაბილიტაციის პერიოდი;
  • გულის კუნთის გამტარებლობის დარღვევა;
  • გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გამწვავების სტადიაში;
  • პროსტატის ჯირკვლის ჰიპერტროფია;
  • შარდის ბუშტის ატონია;
  • პილოროსტენოზი, ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა;
  • ერთობლივი გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

ამიტრიპტილინი ფრთხილად ინიშნება ალკოჰოლიზმის, ბრონქული ასთმის, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის და ეპილეფსიის დროს. ასევე ძვლის ტვინში სისხლმბადი პროცესის დარღვევისას, ჰიპერთირეოზის, სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, თვალშიდა ჰიპერტენზიის, შიზოფრენიის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ამიტრიპტილინი 150 მგ-ზე უფრო მეტი დოზით დღე-ღამეში ამცირებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს, ამიტომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კრუნჩხვების განვითარების ალბათობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მსგავსი მოვლენები ან გააჩნიათ წინასწარგანწყობა მის მიმართ ასაკის ან ტრავმის გამო.

ამიტრიპტილინით მკურნალობა ხანდაზმულში უნდა ჩატარდეს მკაცრი კონტროლით, მინიმალური დოზებით და მათი თანდათანობითი მატებით დელირიული დარღვევების, ჰიპომანიის და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ავადმყოფები დეპრესიული ფაზით შეიძლება გადავიდნენ მანიაკალურ სტადიაში.

ამიტრიპტილინით მკურნალობის დროს აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ყველა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და კონცენტრაციას. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:

ძილიანობა, დეზორიენტაცია, ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების დათრგუნვა, გუგების გაფართოება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოშინი, დიზართრია, აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, კუნთების რიგიდობა, გულისრევა, არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა.

დახმარების მეთოდები:

ამიტრიპტილინით თერაპიის შეწყვეტა, სითხეების გადასხმა, სიმპტომური თერაპია, არტერიული წნევისა და წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება, ნაჩვენებია გულსისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი (ეკგ): დღის განმავლობაში, ვინაიდან რეციდივი შეიძლება განვითარდეს 48 სთ-ის შემდეგ ან უფრო გვიან. ჰემოდიალიზი და ფორსირებული დიურეზი ნაკლებად ეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცნს-ის დამთრგუნველ მოქმედებას ამიტრიპტილინი აძლიერებს შემდეგ მედიკამენტებთან: ნეიროლეფსიურ, სედატიურ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანალგეზიურ და სანარკოზე საშუალებებთან; ასევე ალკოჰოლთან ერთად. სხვა ანტიდეპრესანტებთან ავლენს სინერგიზმს. ამიტრიპტილინის ნეიროლეფსიურ ან ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთობლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფებრილური ტემპერატურული რეაქცია, ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა. ამიტრიპტილინი იწვევს კატექოლამინების და სხვა ადრენოსტიმულატორების ეფექტების პოტენცირებას, რაც იწვევს გულისცემის რითმის დარღვევას, ტაქიკარდიას, მწვავე არტერიულ ჰიპერტენზიას. აღსანიშნავია, რომ ამიტრიპტილინი ახდენს იმ პრეპარატების ეფექტების ინჰიბირებას, რომლებიც ზემოქმედებენ ნორადრენალინის გამოთავისუფლებაზე.

ამიტრიპტილინს შეუძლია შეამციროს გუანეტიდინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. იგივე შეიძლება ითქვას  მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებზეც. ასევე სუსტდება კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებაც.

ამიტრიპტილინის და ანტიკოაგულანტების ერთობლივი გამოყენებისას (კუმარინის წარმოებულები) შესაძლებელია მათი ანტიკოაგულაციური აქტივობის გაძლიერება. ციმეტიდინთან ერთობლივი ხმარებისას შესაძლებელია პლაზმაში ამიტრიპტილინის კონცენტრაციის მატება, რაც ქმნის ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.

ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, კარბამაზეპინი) იწვევეს პლაზმაში ამიტრიპტილინის კონცენტრაციის შემცირებას.

ამიტრიპტილინი აძლიერებს ანტიპარკინსონული და სხვა ესტრაპირამიდული რეაქციების გამომწვევი საშუალებების მოქმედებას.

ქინიდინი ანელებს ამიტრიპტილინის მეტაბოლიზმს დისულფირამთან და აცეტალდეჰიდდეჰიდროგენაზას ინჰიბიტორებთან შეიძლება გამოიწვის დელირიუმის პროვოცირება.

ესტროგენშემცველი პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ გააძლიერონ ამიტრიპტილინის ბიოშეღწევადობა; პამოზიდს და პრობუკოლს კი შეუძლიათ გააძლიერონ არითმიები.

ამიტრიპტილინმა შეიძლება გაამწვავოს გლუკოკორტიკოსტეროიდებით გამოწვეული დეპრესია; თირეოტოქსიკოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთობლივი გამოყენება ზრდის აგრანულოციტოზის განვითარების რისკს. ამიტრიპტილინის მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით. შუალედი მაო-ს ინჰიბიტორებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობებს შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 14 დღეს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

Facebook კომენტარები