აპენდიციტი ჭიანაწლავის ანთებაა, რომელიც მისი სანათურის განავლოვანი ქვებით, ანთებითი ინფილტრატით, უცხო სხეულით, სიმსივნური წარმონაქმნით, ჰელმინთებით (ჭიებით) დახშობის შემთხვევაში ვითარდება. განასხვავებენ აპენდიციტის კატარულ და დესტრუქციულ ფორმებს. ეს უკანასკნელი უფრო რთულად მიმდინარეობს და მძიმე გართულებები ახასიათებს. ჩირქოვანი (დესტრუქციული) აპენდიციტი, თავის მხრივ, რამდენიმე სახისაა: ფლეგმონური (პერფორაციით (გახეთქვით) ან პერფორაციის გარეშე), განგრენული (პერფორაციით ან პერფორაციის გარეშე), აპენდიკულარული ინფილტრატით (დაჩირქებით ან დაუჩირქებლად) მიმდინარე.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე აპენდიციტის კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია ჭიანაწლავის დაზიანების ხასიათზე, მის მდებარეობაზე, ავადმყოფის ასაკზე, გართულებათა ხასიათზე. დაავადების საწყისი სიმპტომია მოულოდნელი ყრუ ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში (ზუსტ ლოკალიზაციას ვერ მიუთითებენ) ან ჭიპის არეში. დაახლოებით 6 საათის შემდეგ ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში გადაინაცვლებს. ტკივილის ლოკალიზაციის შეცვლა და მარჯვენა თეძოს არეში მტკივნეული შეგრძნების აღმოცენება ანთებითი პროცესის გაღრმავებაზე მიუთითებს.
ტკივილის ლოკალიზაცია ჭიანაწლავის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ტიპური მდებარეობისას ავადმყოფი ტკივილს გრძნობს მარჯვენა თეძოს არეში, მაღლა დგომისას – თითქმის მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რეტროცეკალური მდებარეობისას – მუცლის კიდეებში ან წელში, მენჯში მდებარეობისას – ბოქვენის ზემოთ. აპენდიციტს ხშირად სდევს თან გულისრევა, ზოგჯერ, განსაკუთრებით – დაავადების საწყის სტადიაში, ღებინებაც. კუჭის მოქმედება მეტწილად ნორმალურია. თუ ჭიანაწლავი ბრმა ან სწორი ნაწლავის ან წვრილი ნაწლავის მარყუჟს შორის მდებარეობს, ანთებითი პროცესი შესაძლოა ნაწლავის კედლებზე გავრცელდეს, რაც ნაწლავში სითხის დაგროვებას და ფაღარათს გამოიწვევს.
დაავადების საწყის სტადიაზე ენა თეთრი ნადებით არის დაფარული. ავადმყოფი წევს ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე; სხეულის მდებარეობის შეცვლა, ხველება, გაცინება, დაცემინება მუცლის ტკივილს მკვეთრად აძლიერებს. მუცლის დათვალიერებისას შესაძლოა შეიმჩნეოდეს მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრატის ჩამორჩენა სუნთქვისას. ხელით გასინჯვისას შეიმჩნევა მუცლის კუნთების დაჭიმულობა და მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს არეში. ხშირად ტემპერატურა 380ც-მდე იმატებს. სისხლში ლეიკოციტოზი აღინიშნება.
ტიპურ შემთხვევაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა ადვილია, ატიპური მდებარეობისას – ძნელი. ასეთ დროს საჭიროა მისი დიფერენცირება პიელიტისგან, თირკმლის ჭვალისგან, მწვავე ადნექსიტისგან, საშვილოსნოსგარე ორსულობისგან, მწვავე ენტერიტისგან, მწვავე ქოლეცისტიტისგან, მწვავე პანკრეატიტისგან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისგან. მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის შემთხვევაში სიმპტომატიკა უფრო მკვეთრია: ტკივილი, მუცლის გაღიზიანების სიმპტომები ძლიერია (ამას ექიმი ადგენს), მაღალია ტემპერატურა და ლეიკოზი.
ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულებში მწვავე აპენდიციტი რამდენადმე თავისებურად მიმდინარეობს. ბავშვებში, ორგანიზმის ჰიპერრეაქციულობისა და ბადექონის ბოლომდე განუვითარებლობის გამო, ანთებითი პროცესი სწრაფად პროგრესირებს და პერიტონიტი ვითარდება. საწყის სტადიაში დიაგნოსტირება ძნელია, გულისრევა, მრავალჯერდი ღებინება, მაღალი ტემპერატურა, მუცლის გავრცობილი ტკივილი ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა. მოხუცებში, ორგანიზმის დაქვეითებული რეაქციის გამო, კლინიკური სურათი წაშლილია, რაც დიაგნოსტირებასა და ჰოსპიტალიზაციას აგვიანებს. ორსულებში ბრმა ნაწლავის თაღისა და ჭიანაწლავის საშვილოსნოსთან მიახლოება ტკივილის ლოკალიზაციას ცვლის, ხოლო ჭიანაწლავის საშვილოსნოს უკან მდებარეობა პერიტონიტის სიმპტომების სიმკვეთრეს აქვეითებს.

მკურნალობა. აპენდიციტს ქირურგიული გზით მკურნალობენ. საჭიროებისას, კერძოდ, პერიტონიტის სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, ოპერაციამდე ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება. ჯანმრთელ ახალგაზრდებს ოპერაცია ადგილობრივი გაუტკივარებით უტარდებათ, არამყარი ფსიქიკის პირებს, ბავშვებს, ორსულებს, მოხუცებს – უფრო მეტად ზოგადი გაუტკივარებით. ძლიერი ტკივილის დროსაც ზოგად ანესთეზიას მიმართავენ.

 

 

Facebook კომენტარები