ატაქსია (ბერძ. არეულობა) მოძრაობის კოორდინაციის დარღვევაა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის შუბლის წილის, ნათხემის, თავისა და ზურგის ტვინის ღრმა მგრძნობელობითი გზების დაზიანება. იგი გამოვლინდება წონასწორობის (სტატიკური ატაქსია) ან მოძრაობის კოორდინაციის (დინამიკური ატაქსია) დარღვევით.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მოძრაობაში ნერვული სისტემის არაერთი ნაწილი მონაწილეობს. ადამიანი უნდა გრძნობდეს კიდურებს, ხედავდეს მათ და გარშემომყოფ საგნებს, იცავდეს წონასწორობას. რაც მთავარია, ყველა ეს შეგრძნება ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთთან დაკავშირებული – კოორდინირებული უნდა იყოს. ატაქსიის დროს ადამიანს არ შეუძლია თვალდახუჭული დგომა, ხელების ძლიერი კანკალის გამო უჭირს ჭამა, ხშირად ახასიათებს მეტყველების სკანდირება, არ შეუძლია ზუსტი მოძრაობების შესრულება (მაგალითად, ნემსში ძაფის გაყრა ნორმალური მხედველობის ფონზე, კოლოფიდან ასანთის ამოღება). ზოგჯერ უფუჭდება კალიგრაფია.

დიაგნოსტიკა. ატაქსიაზე ეჭვის შემთხვევაში ადამიანს უნდა ვთხოვოთ, დადგეს, ფეხები შეატყუპოს, ხელები წინ გასწიოს, თვალები დახუჭოს, შემდეგ კი თითებით შეეხოს ცხვირის წვერს ან, ზურგზე დაწოლილი, ფეხის წვერით შეეხოს მეორე ფეხის მუხლს. თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ დავალების შესრულებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა. ატაქსია ყოველთვის საშიში დაავადების სიმპტომია. მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.
 

 

Facebook კომენტარები