ფილტვების ატელექტაზი არის მთელი ფილტვის ან მისი ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება მისი ჩაჩუტვა და უჰაერობა. არცთუ იშვიათია ფილტვების ნაწილობრივი ატელექტაზი ჯანმრთელ ახალშობილებში, განსაკუთრებით – დღენაკლულებში სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში. მისი მიზეზია ჰაერის არასაკმარისი მიწოდება ფილტვების განსაზღვრულ უბნებში, მისი სისხლძარღვთა ქსელის არასრულფასოვნება, სურფაქტანტის (ნივთიერება, რომელიც ხლს უშლის ფილტვის ქსოვილის ჩაჩუტვას) შემცველობის დაქვეითება.
ფიზიოლოგიური ატელექტაზი მეტწილად თავისთავად ლიკვიდირდება, დროულად დაბადებულ ბავშვებში – 2 დღის განმავლობაში, დღენაკლულებში – უფრო გვიან. სამშობიარო ტრავმისა და ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც ფილტვები აღნიშნულ ვადაში არ იშლება, საკმაოდ ხშირად ვითარდება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და/ან პნევმონია. ატელექტაზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს მცირე რაოდენობით სანაყოფე სითხის (ხშირია ჰიპოქსიის დროს) ან რძის (ძუძუთი კვების დროს) გადაცდენამ. ზოგჯერ ატელექტაზის მიზეზად იქცევა ანთებითი პროცესები სასუნთქ გზებში – ამ ასაკში მათი ლორწოვანი გარსი მეტად მგრძნობიარეა და ბრონქების სანათური მცირე შეშუპების შემთხვევაშიც კი იხურება. ხანგრძლივი ატელექტაზი ყოველთვის ინფიცირდება, რის შედეგადაც ფილტვის ქსოვილის ჩაჩუტვის ადგილას შესაძლოა ცვლილებები განვითარდეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ფილტვის რაც უფრო მეტი ქსოვილია დაზიანებული, მით უფრო ძლიერად არის გამოხატული სუნთქვის დარღვევა. აღინიშნება ქოშინი, სიფერმკრთალე, მოლურჯო კანი, დაავადებული ფილტვის მხარეს სუნთქვის მკვეთრი შესუსტება.

დიაგნოსტიკა. საბოლოო დიაგნოზი რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ დაისმის. რენტგენოგრამაზე გულის ჩრდილი გადანაცვლებულია დაზიანებული ფილტვის მხარეს (რადგან ეს ფილტვი არ არის სრულყოფილად გაშლილი და გულმკერდის ღრუში ეს ადგილი თავისუფალია). ატელექტაზის დიფერენცირება უნდა მოხდეს პლევრის ღრუში სითხის დაგროვებასთან. ამ შემთხვევაში გული გადანაცვლებულია ჯანმრთელი ფილტვის მხარეს (რადგან დაზიანებულ მხარეს პლევრის ღრუში სითხეა). ზოგჯერ რენტგენოგრამაზე შეიძლება ინახოს ერთ-ერთი ფილტვის თანდაყოლილი არარსებობა, მაგრამ ამ დროს, როგორც წესი, არ აქვს ადგილი ჟანგბადის მწვავე უკმარისობას.

მკურნალობა. როდესაც ატელექტაზი ფიზიოლოგიურია, მკურნალობა, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის – ზემოთ აღნიშნულ ვადებში ის თავისთავად გაივლის. სხვა შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ნოყიერი კვება, ჟანგბადის ინჰალაცია). რეკომენდებულია ბავშვის გადაყვანა ქირურგიულ განყოფილებაში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად და საჭიროებისას მკურნალობაში ცვლილებების შესატანად.

 

 

Facebook კომენტარები