ბლეფარიტი ქუთუთოს კიდეების ანთებაა. დაავადება ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე. ბლეფარიტის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციური ან ალერგიული დაავადება, ვირუსული ინფექცია, ვიტამინების უკმარისობა, ანემია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კბილების, ცხვირ-ხახის დაავადებები, არაკორეგირებული პათოლოგიური მხედველობა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი), ასევე – თვალის მუდმივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, კვამლით. ბლეფარიტი ხშირად იმუნიტეტის აქტიურობის დაქვეითების მანიშნებელია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას ქუთუთოს კიდეები ოდნავ შუპდება, წითლდება, წამწამების ძირი იფარება მონაცრისფრო ქერცლით, რომელიც ადვილად ძვრება და ჩნდება შეწითლებული ქუთუთო. წამწამების ქვეშ აღინიშნება ქავილის შეგრძნება, ქუთუთოები მძიმდება, ზოგჯერ წამწამებიც ცვივა. ავადმყოფს თვალები ადვილად ეღლება, უცრემლიანდება, უმძაფრდება მგრძნობელობა ქარზე, მკვეთრ სინათლეზე, მტვერზე და სხვა.
ბლეფარიტის უფრო მძიმე ფორმის (ან საწყისი სტადიის უეფექტო მკურნალობის) შემთხვევაში ქუთუთოს კიდეზე ჩნდება ჩირქოვანი ქერქი. შემდეგ ის ძვრება და მის ადგილას წარმოიქმნება სისხლმდინარე წყლული. წყლულის შეხორცებამ შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოს დეფორმაცია, წამწამის არასწორი ზრდა (წამწამები იზრდება ჯგუფურად, სხვადასხვა მხარეს, შესაძლოა, თვალის კაკლის მიმართულებითაც გაიზარდოს და მუდმივად გააღიზიანოს იგი). წამწამები იშვიათდება, თხელდება, ადვილად ძვრება, ძნელად იზრდება.
დაავადება ზოგჯერ ქერცლისა და წყლულის გარეშეც მიმდინარეობს. ამ დროს ქუთუთოს კიდე სქელდება, წითლდება და სველდება (თითქოს ცხიმიანიაო), მასზე ზეწოლისას გამოიყოფა ზეთოვანი სეკრეტი.

მკურნალობა. წყლულოვანი ბლეფარიტის დროს საჭიროა ქუთუთოების ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. ქერქსა და გამონადენს აცილებენ სველი ტამპონით. უხეშ ქერქს წინასწარ არბილებენ სველი საფენით ანდა ქუთუთოს კიდეებზე თითით ან სპეციალური წკირით უსვამენ კრემს, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდსა და ანტიბიოტიკს, მაგალითად, დექსა-გენტამიცინს, გენტამიცინის აუტანლობის შემთხვევაში – მაქსიტროლს. წყლულოვანი კონიუნქტივიტის ან კერატიტის შემთხვევაში ავადმყოფს თვალში დამატებით აწვეთებენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.
სებორეული ბლეფარიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქუთუთოების ჰიგიენას. ინიშნება ჰიდროკორტიზონის მალამო (ქუთუთოს კიდეებზე წასასმელად) და ხელოვნური ცრემლი. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში თვალში დექსამეტაზონის 0,1%-იან წვეთებსაც აწვეთებენ.
დემოდეკოზური ბლეფარიტის მკურნალობის მთავარი მიზანია ტკიპებით დაზიანების ხარისხის შემცირება. რეკომენდებულია ჰიგიენური პროცედურები: დღეში ორჯერ ქუთუთოების გაწმენდა ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული საბავშვო შამპუნისა და 70%-იანი ეთილის სპირტის ნარევით. აუცილებელია ქუთუთოს კიდეებზე თვალის ჰიდროკორტიზონის მალამოს ან დექსა-გენტამიცინის წასმა. ძილის წინ ქუთუთოს კიდეები მალამოთი კარგად უნდა იყოს დაფარული – ეს ტკიპების სასიცოცხლო ციკლს არღვევს. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში ინიშნება ხელოვნური ცრემლი. სასურველია წინასწარ ჰიგიენურად დამუშავებული ქუთუთოების მასაჟირება.
ალერგიული ბლეფარიტის შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი დამნაშავე ალერგენთან კონტაქტის აღკვეთაა. ასევე, საჭიროა თვალის ანტიალერგიული წვეთები და ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდული მალამოები. ინფექციურ-ალერგიული ბლეფარიტის დროს ავადმყოფს ქუთუთოს კიდეებზე უსვამენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.

 

 

Facebook კომენტარები