ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბრონქიტი ზემო სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. მწვავე ბრონქიტს უმთავრესად ვირუსი (გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი) იწვევს. მიკრობული ფლორის თანდართვა მეორეულია. ბრონქიტი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური (ორთქლის ან ცივი ჰაერის შესუნთქვა) ან ქიმიური (გამაღიზიანებელი ან მომწამლავი აირის) ზემოქმედების შედეგად. მწვავე ბრონქიტის ხელმშემწყობი ფაქტორებია გაციება, თამბაქოს წევა, ცხვირ-ხახის კეროვანი ინფექცია და შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.

მწვავე ბრონქიტს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების კატარი. ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, ყელის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ფხაჭნისა და ჩახეხვის შეგრძნებას. ამას ერთვის მშრალი ხველის შეტევები, ზოგჯერ – მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველის გამოყოფით. შემდეგ ნახველი იმატებს და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. გახანგრძლივებულმა ხველამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ნეკნთაშუა კუნთების, მუცლის ზედა ნაწილის კუნთებისა და ფერდების არეში. ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ იმატებს – 38 გრადუსამდე და უფრო მეტადაც. არის შემთხვევები (განსაკუთრებით – წვრილი ბრონქების დაზიანებისას), როდესაც ანთებითი ცვლილებებისა და სპაზმის გამო ირღვევა ბრონქების განვლადობა. ეს შეტევითი ხველით, ქოშინითა და ციანოზით ვლინდება. მწვავე ბრონქიტის ამ ფორმას ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა და გაქრონიკულებისკენ მიდრეკილება.
მწვავე ბრონქიტის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. ავადმყოფს ეკრძალება თამბაქოს წევა. რეკომენდებულია დიდი ოდენობით სითხის (ჩაი, ტუტე მინერალური წყალი, რძე) მიღება, ინჰალაცია სოდის 2%-იანი ხსნარით. მშრალი ხველისას ინიშნება ხველის ცენტრის დამამშვიდებელი საშუალებები. თუ ხველა ნახველიანია, უნიშნავენ ამოსახველებელ საშუალებებს, ბრონქების სპაზმის საწინააღმდეგოდ – ბრონქოლიზურ პრეპარატებს. ვირუსული ბრონქიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, იმუნოგლობულინი, ინტერფერონი. პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით ან მწვავე ბრონქიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფს აძლევენ სულფანილამიდებს. თუ ბრონქიტი მსუბუქად მიმდინარეობს და პნევმონიით არ არის გართულებული, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

ქრონიკული ბრონქიტი ბრონქების დიფუზური, ხანგრძლივად მიმდინარე შეუქცევადი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება და რემისია. ბრონქიტი ქრონიკულად ითვლება, თუ ბრონქების ჰიპერსეკრეცია და ხველა 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 თვეს გაგრძელდა.
ქრონიკული ბრონქიტის მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დაავადებას ყველაზე ხშირად თამბაქოს წევა იწვევს. ქრონიკული ბრონქიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები.
მისი განვითარების რისკი მეტია დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი მავნე საწარმოო ნარჩენებით არის დაბინძურებული. ბრონქებზე დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბუნებრივი აირიც.
ქრონიკული ბრონქიტი ხშირად უვითარდებათ სხვადასხვა პროფესიის პირებს, რომლებსაც ხანგრძლივი კონტაქტი აქვთ მავნე ნივთიერებებთან.
ქრონიკული ბრონქიტის განვითარებასა და პროგრესირებაში ინფექციის როლი ბოლომდე დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ბავშვებში ზემო სასუნთქი გზების ხშირი ვირუსული ინფექცია ქრონიკული ბრონქიტისადმი მიდრეკილებას განაპირობებს. არც ბაქტერიული ინფექციის მნიშვნელობაა დადგენილი. სამაგიეროდ, ცნობილია გენეტიკური ფაქტორის როლი. დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველთა შვილები ქრონიკული ბრონქიტისკენ არიან მიდრეკილნი.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ქრონიკული ბრონქიტი თანდათან ყალიბდება და წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ პაციენტი მის არსებობასაც ვერ გრძნობს. თავდაპირველად ავადმყოფს აწუხებს ხველა, რომელიც უფრო მეტად დილაობით, ადგომისას, ან პირველი სიგარეტის მოწევის შემდეგ არის გამოხატული. ხველის შემდეგ გამოიყოფა მცირე რაოდენობით ლორწოვანი ნახველი. პროცესი უპირატესად ზამთრის თვეებში მწვავდება. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ხველა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაძლოა, მთელ დღეს გაგრძელდეს. დაავადება განუწყვეტლივ პროგრესირებს და საბოლოოდ სუნთქვითი უკმარისობა ან ფილტვისმიერი გული ყალიბდება.
ისევე, როგორც ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას, ბრონქიტსაც გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა ახასიათებს. გამწვავებისას ხველა ძლიერდება, გამოიყოფა დიდი რაოდენობის მოყვითალო-მონაცრისფრო ან მომწვანო ნახველი, რაც ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. ზოგჯერ სისხლის მინარევიც შეიმჩნევა. სხეულის ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იმატებს, პაციენტი უჩივის შემცივნებას, ოფლიანობას, საერთო სისუსტეს.

მკურნალობა. ქრონიკული ბრონქიტის წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, მისი რეკომენდაციების ზუსტად შესრულება როგორც გამწვავების, ისე რემისიის პერიოდში, თამბაქოს წევის შეწყვეტა, მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დიდხანს ყოფნა. პრეპარატებიდან ინიშნება ინფექციური პროცესების საწინააღმდეგო, ნახველის გამოყოფის ხელშემწყობი და ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები. ეფექტურია ფიზიოთერაპია და დოზირებული სამკურნალო ფიზკულტურა.
 

 

Facebook კომენტარები