ბრუცელოზი (ტალღისებრი ცხელება, ჰიბრალტარის ცხელება) ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ცხელება, რეტიკულურ-ენდოთელური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაზიანება ახასიათებს. ბრუცელოზი გვხვდება ყველგან, სადაც კი მეცხოველეობას მისდევენ. დაავადების გამომწვევია ბრუცელების გვარის წარმომადგენელი. ამჟამად მისი 6 სახეობაა ცნობილი. მათ შორის ადამიანისთვის განსაკუთრებით პათოგენურია Br. melitensis, რომლის მატარებელიც თხა და ცხვარია. ბრუცელოზის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამ ბაქტერიით არის გამოწვეული. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც, რომელიც Babovius bovis-ის მატარებელია. დაავადებული ძროხა მრავალ ადამიანს აინფიცირებს, მაგრამ ავადდებიან ერთეულები და დაავადებაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
ინფექცია გადაედება ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. პირველ შემთხვევაში ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველის თერმულად ცუდად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას. კონტაქტური გზით ინფიცირებისას გამომწვევი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან დაავადებული ცხოველის სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხებისას.
ბრუცელოზი პროფესიული დაავადებაა. უმთავრესად ავადდებიან ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, ხორცკომბინატის თანამშრომლები, მატყლზე მომუშავეები, მონადირეები და ა.შ. ავადობის სიხშირე იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში – დოლისა და მასიური წველის პერიოდში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ბრუცელოზის კლინიკა მეტად მრავალფეროვანია. მწვავე ფორმის შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 3 კვირას (7-50 დღეს) გრძელდება. შემდეგ იწყება დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტალღისებრი მიმდინარეობა, გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. დაავადების დასაწყისში ვლინდება სამი დამახასიათებელი ნიშანი: ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ავადმყოფი უჩივის ტკივილს კუნთების, მსხვილი სახსრების არეში და ნერვების გასწვრივ. სახე და კისრის არე უწითლდება,  ეუფლება ეიფორია. სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს, თუმცაღა ავადმყოფს ცუდი თვითშეგრძნება არ აქვს. ცხელება ტალღისებურია. მაღალი ცხელება 5-8 დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, შემდეგ ტემპერატურა თანდათან ნორმას უბრუნდება და დგება რემისიის პერიოდი (1 კვირიდან 1-1,5 თვემდე), რომელსაც კვლავ გამწვავება ცვლის. შეტევა შესაძლოა 5-8-ჯერ გამეორდეს. თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანდა, 3 წლის შემდეგ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება.
ბრუცელოზი სიკვდილს არ იწვევს. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმა იკურნება. ცხელების ერთი ან რამდენიმე ტალღის შემდეგ ავადმყოფი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რეჟიმის დარღვევისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში გამორიცხული არ არის ინფექციის გააქტიურება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბრუცელოზის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკას (ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა და ტალღისებრი ხასიათი) და სისხლის სეროლოგიურ ანალიზს (სისხლიდან უნდა ამოითესოს ბრუცელები). სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად ინიშნება ფიზიოთერაპია და ბალნეოთერაპია.

 

Facebook კომენტარები