გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები. გასტრიტი და გატროდუოდენიტი კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. გასტრიტით არის დაავადებული მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი.
განასხვავებენ გასტრიტის ორ სახეს – მწვავესა და ქრონიკულს.

მწვავე გასტრიტი
მწვავე გასტრიტს მრავალი მიზეზი აქვს: ამა თუ იმ ნივთიერების ან მედიკამენტის (ალკოჰოლის, ასპირინის) მავნე ზემოქმედება, მექანიკური გაღიზიანება, ანთების გამომწვევი ბაქტერია, ასევე – ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია რომელიმე მძიმე დაავადების მიმართ. გასტრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სტრესი. ამ დროს კუჭის სისხლძარღვები ვიწროვდება და კუჭის კედელზე მარილმჟავები გაძლიერებულ ზემოქმედებას ახდენს. გასტრიტის დროს ანთება ზოგჯერ მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსზე ვრცელდება, ზოგჯერ კი კუჭის მთელ სისქეს მოიცავს და კუნთებამდეც კი აღწევს. მწვავე გასტრიტი უმეტესად მწვავე გასტროენტეროკოლიტის ან გასტროენტერიტის სახით მიმდინარეობს.
არსებობს მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმა: უბრალო, კოროზიული და ფლეგმონური. ყველაზე ხშირად პირველი ორი გვხვდება.

უბრალო გასტრიტი
უბრალო გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები ორ ჯგუფად: ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად – იყოფა. პირველთაგან აღსანიშნავია არასწორი კვება, კუჭის კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების (მაგალითად, ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ. ენდოგენურ გასტრიტს თვით დაავადებულის ორგანიზმი აპროვოცირებს. კერძოდ, ის შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას ან ისეთი აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისას, როდესაც ავადმყოფის იმუნური სისტემა უმიზეზოდ ებრძვის კუჭის ლორწოვან გარსს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადებულმა უბრალო მწვავე გასტრიტის ნიშნები შესაძლოა შეამჩნიოს დამზიანებელი ფაქტორის (მაგალითად, ასპირინის) კუჭში მოხვედრიდან 4-8 საათის შემდეგ. გასტრიტის ამ ფორმისთვის დამახასიათებელია გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი გულის კოვზთან, თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, დიარეა, უწყვეტი ღებინება. კანი და ლორწოვანი გარსი ფერმკრთალია, ენაზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები, აღინიშნება პირის სიმშრალე.

კოროზიული გასტრიტი
კოროზიული გასტრიტი შესაძლოა გამოიწვიოს კუჭში ძლიერი ტუტეს ან მჟავას, განუზავებელი სამედიცინო სპირტის, ზოგიერთი ლითონის მარილის მოხვედრამ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კოროზიული გასტრიტის მთავარი სიმპტომებია ტკივილის შეგრძნება გულის კოვზთან, პირსა და გულმკერდის არეში, მუდმივი ღებინება. ამონაღები მასა შეიცავს სისხლს, ლორწოს. პირში, ტუჩებზე შეიმჩნევა ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული დაზიანება (შეშუპება და სხვა). შესაძლოა, დაზიანდეს ხორხიც. ასეთ შემთხვევაში დაავადებულს ხმა ეხლიჩება. როდესაც კოროზიული გასტრიტი მძიმედ მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის, მკვეთრად დაეცეს არტერიული წნევა და ავადმყოფმა გონება დაკარგოს.
კოროზიული გასტრიტის დროს ავადმყოფი ტკივილსა და დაავადების სხვა ნიშნებს უმეტესად ორგანიზმში მავნე ნივთიერების მოხვედრის პირველსავე საათებში, ზოგჯერ პირველსავე წუთებშიც კი გრძნობს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უბრალო მწვავე გასტრიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა გულისხმობს სალმონელოზისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ინფექციების გამორიცხვას, რაც მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზებით არის შესაძლებელი. თუ უბრალო მწვავე გასტრიტის მკურნალობა დროულად დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ გასტრიტის გამომწვევის მოქმედება დიდხანს გაგრძელდა, მწვავე გასტრიტი ქრონიკულში გადაიზრდება.
უბრალო მწვავე გასტრიტის მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ნაწლავებისა და კუჭის სრულყოფილი გამორეცხვაა. არასწორმა კვებამ ანთება უფრო მეტად რომ არ გაამწვაოს, სასურველია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • შეტევის პირველ დღეს უმჯობესია, ავადმყოფმა საერთოდ არაფერი ჭამოს. ნებადართულია მხოლოდ მაგარი ჩაისა და ბორჯომის მიღება;
  • შეტევის მეორე-მესამე დღეს შეიძლება მანანისა და ბრინჯის ფაფის, ქათმის ბულიონისა და კისელის მიღება;
  • შემდეგ ავადმყოფს ენიშნება დიეტა #1;
  • შეტევიდან ერთი კვირის შემდეგ დასაშვებია კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლა. უბრალო მწვავე გასტრიტის პროფილაქტიკა გულისხმობს სწორ და რაციონალურ კვებას.

კოროზიული გასტრიტის შედეგები დამოკიდებულია კუჭში მიმდინარე ანთებითი პროცესის ხარისხზე, ასევე – მკურნალობის დაწყების დროზე. თუ მკურნალობა დაგვიანდა, 2-3 დღეში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ელის. სიკვდილის მიზეზი ამ დროს პერიტონიტი და შოკია.
მკურნალობის მიუხედავად, კოროზიული გასტრიტი ხშირად ტოვებს კვალს კუჭში ნაწიბურების სახით.
კოროზიული გასტრიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს კუჭის გამორეცხვით, რაც ზონდის მეშვეობით ხორციელდება. თუ ავადმყოფს აქვს კოლაფსის ნიშნები, აუცილებლად შეჰყავთ მეზატონი, კოფეინი, კორდიამინი, ნორადრენალინი, თანაც – გლუკოზასთან ერთად. პირველ დღეებში უმჯობესია, ავადმყოფმა არ მიიღოს საკვები და გადაესხას გლუკოზა და ფიზიოლოგიური ხსნარი. საჭიროებისას ასეთ პაციენტებს პლაზმის ან ცილოვანი ხსნარების გადასხმას უნიშნავენ. თუ ხორხი შეშუპდა ან მოხდა კუჭის პერფორაცია, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ოპერაცია.

მედიკამენტური მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება მკურნალობა, რომელიც კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისკენ არის მიმართული. ამ მიზნით ინიშნება ომეპრაზოლი ან სუკრალაფტი.
თუ გასტრიტი პროვოცირებულია ინფექციით, ინიშნება ანტიბიოტიკი.
საყურადღებოა ალერგიით განპირობებული გასტრიტი. ამ დროს პაციენტს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს უნიშნავენ. თუ გასტრიტის შეტევები მკვეთრი ტკივილით მიმდინარეობს, აუცილებელია სპაზმის მომხსნელი ნივთიერებების მიცემა (პაპავერინი ან ატროპინი კანქვეშ).
გასტრიტს შესაძლოა მოჰყვეს დიდი ოდენობით სითხის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფს ვენაში გლუკოზისა და ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა გადაესხას. ზოგჯერ საგულე საშუალებების დანიშვნაც ხდება საჭირო.

ქრონიკული გასტრიტი
ქრონიკული გასტრიტი არის კუჭის კედლის ანთება სხვადასხვა სიღრმეზე – ლორწოვანი გარსიდან კუჭის ღრმა შრეებამდე. კუჭ-ნაწლავების დაავადებათა მესამედი სწორედ ქრონიკულ გასტრიტზე მოდის.
ქრონიკული გასტრიტის დესტრუქციული მოქმედება თანდათანობით ხდება თვალსაჩინო: თავდაპირველად ირღვევა კუჭის მოტორული ფუნქცია და საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი ნივთიერებების გამოყოფა. შედეგად კუჭში უფრო მძიმე ანთებითი და დისტროფიული ხასიათის დაზიანებანი ყალიბდება. დასასრულ, კუჭი კარგავს დაზიანებული კედლის აღდგენის უნარს.
ქრონიკული გასტრიტი პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ მის ეგზოგენურ (ალკოჰოლი, ასპირინი, რადიაცია, ტემპერატურული დაზიანება) და ენდოგენურ (აუტოიმუნური რეაქცია, ინფექცია და ა.შ.) ფორმებს. ქრონიკული გასტრიტის კიდევ მრავალი ფორმა არსებობს. მათი კლასიფიკაცია დაზიანების ხარისხის, დაზიანების ადგილისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭში სხვადასხვა ნივთიერების სეკრეცია მეტწილად ნორმალური ან მომატებულია. გასტრიტის ეს ფორმა უპირატესად ახალგაზრდა მამაკაცებს ემართებათ. ის ვლინდება გულძმარვით, მჟავე ნივთიერებების წამოღებინებით, ტკივილით გულის კოვზთან და კუჭის არეში, ზოგჯერ – შეკრულობით. ხშირია ღამით კუჭის სეკრეტორული მოქმედების გაძლიერება.
არსებობს ქრონიკული გასტრიტის ჰემორაგიული ფორმა, რომელსაც სისხლდენისკენ მიდრეკილება ახასიათებს. სეკრეტორული ფუნქცია ამ დროს ან უცვლელია, ან მომატებული.
თუ ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭში ნივთიერებათა სეკრეცია მეტისმეტად არის დაქვეითებული, კუჭის ლორწოვანი გარსის სრულ ან ნაწილობრივ ატროფიაზე ლაპარაკობენ. ამ ტიპის ქრონიკული გასტრიტი უმეტესად მოხუცებს და მოწიფული ასაკის პირებს ემართებათ. დამახასიათებელი სიმპტომებია მადის დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ბუყბუყი, პირში უსიამოვნო გემო, ბოყინი, დიარეა. თუ ამ ტიპის გასტრიტი დიდხანს გაგრძელდა, ავადმყოფი ხდება, იფიტება, მუდმივად უჩივის სისუსტეს. საკვების უკმარისობის გამო ხშირად რკინადეფიციტური ანემიაც აღმოცენდება. უმეტესად ვითარდება დისბაქტერიოზი, ქოლეცისტიტი, ენტერიტი, პანკრეატიტი.

დიაგნოსტიკა და პროგნოზი. ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტირების მთავარი მეთოდებია გასტროფიბროსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევა.
იშვიათია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფს მხოლოდ ქრონიკული გასტრიტი აწუხებს. მას ხშირად ერთვის ჰეპატიტი, პანკრეატიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი და სხვა. ქრონიკული გასტრიტი საჭმლის მონელების ძლიერ დარღვევას იწვევს, რის გამოც საკვების ათვისება უარესდება. სწორედ ამის ბრალია ავიტამინოზი, დისბაქტერიოზი, ანემია. პაციენტს იმუნიტეტი უქვეითდება, ამიტომ იოლად ემართება ინფექციური დაავადებები. ქრონიკული გასტრიტი შესაძლოა გართულდეს და წყლულში, პოლიპებში, კიბოშიც კი გადაიზარდოს.

მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას, ვინაიდან შესაძლოა, მაგარმა, ცხელმა, ცხარე საკვებმა სამედიცინო პროცედურები სრულიად უეფექტო გახადოს. ხორცი უცხიმო უნდა იყოს, ბოსტნეული – უხეში. ავადმყოფს საკვები უნდა მიეცეს პიურეს სახით. უნდა ერიდოს ბულიონებს. შემწვარი და შებოლილი პროდუქტის ნაცვლად სასურველია მოხარშული და ორთქლზე მომზადებული მიიღოს, მიეჩვიოს მცირე ულუფებით ხშირ კვებას, უარი უნდა თქვას თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყავაზე. ავადმყოფი კუჭისთვის საშიშია რძე, მარილი, ტკბილეული, ცხიმი.
ქრონიკული გასრტიტის დროს ეფექტიანია ფიზიოთერაპიული პროცედურები, მაგალითად, ტალახით ან წყლით მკურნალობა. რემისიის სტადიაში ბალნეოლოგიური თერაპიაც სასარგებლოა.
მედიკამენტური თერაპია. თუ ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის სეკრეტორული ფუნქცია მომატებულია, ინიშნება მისი დასაქვეითებელი საშუალებები (ვიკალინი, ალმაგელი, ატროპინი, პლატიფილინი). ასეთი ფორმის გასტრიტის დროს უნიშნავენ კუჭის კედლის მთლიანობის აღმდგენ პრეპარატებს (მეთილურაცილს, პენტოქსილს).
თუ ქრონიკულ გასტრიტს თან ახლავს კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითება და ტკივილი, ინიშნება საშუალებები, რომლებიც ხსნის სპაზმის, მაგრამ კუჭის წვენების გამოყოფას არ აფერხებს. ასევე, გამოიყენება მრავალძარღვას წვენი, რომელიც არა მარტო ხსნის ტკივილს, არამედ კუჭში მიმდინარე ანთებით პროცესსაც აცხრობს. აუცილებელია ვიტამინოთერაპია. თუ გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობის ფონზე ფაღარათით, მუცლის შებერვით მიმდინარეობს, უნიშნავენ კუჭის წვენების შემცვლელ ნივთიერებებს (აბომინს ან ბეტაციდს).
ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითება ზოჯერ იმუნური სისტემის არასწორი მუშაობით არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში კორტიკოსტეროიდები ინიშნება.

ჰელიკობაქტერიული გასტრიტი
გასტრიტის ერთ-ერთი მიზეზია ბიკროორგანიზმი ჰელიცობაცტერ პყლორი, რომელიც მჟავე გარემოში ცხოვრობს. ეს ბაქტერია გასტრიტით დაავადებული პრაქტიკულად ყველა ადამიანის კუჭში მოიპოვება. ის განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ბავშვთა გასტრიტის განვითარებაში. ამგვარი გენეზის გასტრიტით დაავადებულ ბავშვებს სრულიად განსხვავებული სიმპტომები უვლინდებათ.
ჰელიკობაქტერიული გასტრიტით დაავადებულთა ნაწილს უვითარდება კუჭის დაზიანების ნაკლებად შესამჩნები ნიშნები, მაგალითად, ტკივილი გულის კოვზთან, გულისრევის მუდმივი შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება კუჭში ჭამის შემდეგ, პირიდან ამოსდით უსიამოვნო სუნი, იკლებენ წონას, უჩნდებათ ისეთი რამის ჭამის სურვილი, რაც საკვებად არ გამოიყენება, ზოგჯერ ემართებათ ალერგიის მსგავსი კანის დაავადება.
შესაძლოა, ჰელიკობაქტერიული გასტრიტით დაავადებული კუჭისა და ნაწლავების მხრივ არაფერს უჩიოდეს, მაგრამ გამოკვლევისას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მძიმე დაზიანება აღმოაჩნდეს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჰელიკობაქტერიული გასტრიტის დიაგნოსტირების მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის – გასტროსკოპია, სისხლის სეროლოგიური ანალიზი. მკურნალობისთვისაც მრავალი მეთოდია შემუშავებული. მკურნალობის თითქმის ყველა სქემაში შედის ფართო და ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკები და პრეპარატები, რომლებსაც ჰელიკობაქტერიის განადგურება შეუძლია. თუ თერაპია მართებულად იქნა შერჩეული, ავადმყოფი სრულიად იკურნება.

 

 

Facebook კომენტარები