გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია (კბილები არ ირყევა). გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის – კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას.
გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ის გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, მათ ტონუსზე და ხელს უწყობს პაროდონტში ატროფიული პროცესების დაწყებას. ჰიპოფუნქცია ამცირებს ადგილობრივ  სისხლის მიმოქცევას, ასუსტებს ქსოვილთა მეტაბოლიზმს, რასაც ქსოვილებში დესტრუქციული პროცესების დაწყებამდე მივყავართ.
ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის – მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გინგივიტი განიხილება ორ ასპექტში: როგორც ღრძილების დამოუკიდებელი ანთება და როგორც სხვა ორგანოთა დაავადებებთან დაკავშირებული პათოლოგია. პირველ ჯგუფს ეკუთვნის გინგივიტის კატარული, ჰიპერტროფიული, წყლულოვანი, ატროფიული ფორმები, მეორეს – მისი სიმპტომური ნაირსახეობანი, მათ შორის – მოზარდთა და ორსულთა, ავიტამინოზური, სისხლმბადი ორგანოების დაავადებათა თანმხლები გინგივიტები.
გინგივიტის კლინიკური  ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, სისხლდენა.
კატარული გინგივიტი უმეტესად ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორებით (კბილის ქვა, არასწორად დადებული ბჟენი, ხელოვნური პროთეზი და სხვა) არის გამოწვეული. ავადმყოფი უჩივის ტკივილს და სისხლდენას ჭამის დროს. ღრძილი შეშუპებული, შეხებისას სისხლმდინარი და მტკივნეულია. პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბე არ აღინიშნება. რენტგენოგრაფია ცვლილებებს არ ავლენს.
ჰიპერემიული გინგივიტი ქრონიკული ანთებითი პროცესია, მიმდინარეობს ხანგრძლივად. ავადმყოფს აწუხებს ღრძილების ტკივილი, ღრძილების ფორმის შეცვლა და გადიდება. კბეჩისას შეიგრძნობა ტკივილი, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენაც. გამოხატულია ცრუ პათოლოგიური ჯიბეები.
წყლულოვანი გინგივიტი დაავადების უფრო მძიმე ფორმაა და მწვავედ მიმდინარეობს. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტება, რაც პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენურობის გაძლიერებას განაპირობებს. ანთებითი პროცესი იწყება ღრძილების დონეზე და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება. აღინიშნება ტემპერატურის მატება, ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ღრძილები დაფარულია ნეკროზული მასით. პირიდან მყრალი სუნი ამოდის. ნერწყვდენა გაძლიერებულია. პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია. ღრძილიდან ოდნავი შეხების დროსაც კი დის სისხლი. რენტგენოგრაფია ავლენს კბილთაშორისი ძვლოვანი ძგიდეების ოსტეოპოროზულობას და ნაწილობრივ განლევას.
წყლულოვანი გინგივიტი უნდა განვასხვაოთ სისხლის დაავადებათა ფონზე განვითარებული სიმპტომური წყლულოვან-ნეკროზული პროცესისგან. ჩვეულებრივ, წყლულოვანი გინგივიტი უფრო ლოკალურია და რომელიმე კბილის არეში ვითარდება, მაგრამ საბოლოო დიაგნოზს მაინც სისხლის ანალიზის საფუძველზე სვამენ.
ატროფიული გინგივიტი შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი დისტროფიული პროცესების ნიადაგზე. ის სიმპტომური გინგივიტის სახითაც გვხვდება (ავიტამინოზის შედეგად, პაროდონტოზის დროს და სხვა). ამ ფორმის დროს ანთება ან არ არის გამოხატული, ან ძალიან სუსტია. ღრძილის დვრილები ატროფირებულია, კბილთაშორისი სივრცეები – გამოხატული, ღრძილები – შემცირებული, ფერმკრთალი. სისხლდენა არ აღინიშნება. ზოგჯერ თან სდევს სოლისებრი დეფექტი.
სომატურ (სიმპტომურ) გინგივიტებს შორის ყურადსაღებია:
მოზარდთა გინგივიტი – ვითარდება ჰორმონული ცვლის ფორმირების დროს. გოგონებში – 10-12 წლის, ხოლო ვაჟებში – 13-14 წლის ასაკში. ღრძილები დიდდება, მომკვრივოა, არცთუ სისხლმდინარი. მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
ორსულთა გინგივიტი – ის ორსულობის თანმხლები პროცესია. ვლინდება ორსულობის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით – ტოქსიკოზის ფონზე. ღრძილები დიდდება, ალისფერს იღებს, სისხლმდინარი და მტკივნეულია. გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა. სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს, მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის.

მკურნალობა. ღრძილების ანთების მკურნალობა ინდივიდულურია და ანთების ფორმის შესაბამისად წარიმართება, ზოგადი მითითებები კი ასეთია: გაუტკივარება, გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ტკივილის გაყუჩება, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, იმუნიტეტის მოძლიერება, ანტისეპტიკა (სავლები, პირის ღრუს აბაზანები), ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) დაჩქარება (სოლკოსერილი, აქტოვეგინი).
ანტიბიოტიკები შეირჩევა ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად. მათი გამოყენება პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. საჭიროებისას მიმართავენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენს, კვარცს.

 

 

Facebook კომენტარები