გრიპი მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ ეროვნების ადამიანს დაემართოს. ამ დაავადებას ზოგჯერ ლეტალური შედეგი აქვს, განსაკუთრებით – მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებში. გრიპის ეპიდემია, როგორც წესი, წელიწადის ცივ სეზონზე იფეთქებს ხოლმე და მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს ედება. გრიპი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიძლება დაგვემართოს. საერთო ჯამში ადამიანი ამ ინფექციით 1 წელი მაინც არის ავად და ამ ხნის მანძილზე ქმედობაუუნაროა, აქვს სიცხე, თავის ტკივილი, სხეულში ტეხის შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი გრიპის ვირუსის შხამიანი ცილებით იწამლება. გრიპი თანდათან ასუსტებს ორგანოთა ფუნქციონირებას. ამ დაავადების მძიმე ფორმები არცთუ იშვიათად გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ეპიდემიაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ერთ ქვეყანაში გრიპით ერთდროულად მრავალი ადამიანი ავადდება. ის, როგორც წესი, 3-6 კვირას გრძელდება. გრიპი სეზონური დაავადებაა. მისი ეპიდემია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომაზე და ზამთარში იფეთქებს ხოლმე, სამხრეთ ნახევარსფეროში კი – გაზაფხულზე და ზაფხულში. მისი ხანგრძლივობა 1-3 თვეა. ამის შემდეგ ვირუსი ქრება. სად ატარებს დანარჩენ დროს ეს მიკროორგანიზმი, სად და როგორ ხდება მისი ახალი ტიპების ფორმირება, დღემდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ ვირუსი ეკვატორის მიმდებარე რაიონებში ცირკულირებს – ტროპიკულ ქვეყნებში გრიპის შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. წელიწადის ცივ დროს გრიპით ავადობის გახშირება იმით აიხსნება, რომ ცივ და ნალექიან ამინდში დახურულ შენობებში უფრო მეტი ხალხი გროვდება. ვირუსის რეზერვუარი დაავადებული ადამიანია, თუმცა ბოლო ხანებში მომხდარმა ეპიდემიურმა აფეთქებებმა ცხადყო, რომ არ არის გამორიცხული, ვირუსი ადამიანს ცხოველისგანაც გადაედოს.
ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვანიდან სუნთქვის, ცემინების, ხველებისა და ლაპარაკისას გამოიყოფა.
გრიპს ახასიათებს ძლიერი ტოქსიკოზი და ზომიერი კატარული მოვლენები. დაავადება უმეტესად ტრაქეასა და მსხვილ ბრონქებს აზიანებს. გრიპი მწვავედ იწყება. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 1-2 დღეს გრძელდება, თუმცა შესაძლოა, 5 დღესაც გასტანოს. შემდეგ კლინიკური პერიოდი იწყება. დაავადების სიმძიმე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, იმაზე, შეხვედრია თუ არა ადამიანს აქამდე ამ ტიპის ვირუსი. ამის  კვალობაზე, ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ჰიპერტოქსიკური ფორმა.
მსუბუქი ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა შესაძლოა ნორმალური დარჩეს ან სუბფებრილურ რიცხვებამდე (380C-მდე) მოიმატოს, ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ შეიმჩნევა.
საშუალო სიმძიმის ფორმის  დროს ტემპერატურა 38,5 0C-დან 39,5 0C-მდე იმატებს. ყალიბდება დაავადების კლასიკური სიმპტომები:
ინტოქსიკაცია (ჭარბი ოფლის გამოყოფა, სისუსტე, სინათლის შიში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი);
კატარული მოვლენები (რბილი სასისა და ხახის უკანა კედლის სიწითლე, სკლერების ჰიპერემია);
რესპირატორული სიმპტომები (ტრაქეისა და ხორხის დაზიანება, ხმის შეცვლა, მშრალი მტკივნეული ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სურდო, ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ციანოზი და სიმშრალე);
ფილტვების სეგმენტური დაზიანების სინდრომი – ფილტვგულისმიერი უკმარისობა, რომელიც გრიპის გავლასთან ერთად უკვალოდ ქრება;
აბდომინალური სინდრომი (მუცლის ტკივილი, დიარეა).
მძიმე ფორმის დროს ტემპერატურა 40-40,5 გრადუსს აღწევს. ზემოთ აღწერილ სიმპტომებს ხშირად ერთვის ენცეფალოპათიის ნიშნები (ფსიქოზური მდგომარეობა, კრუნჩხვითი შეტევები, ჰალუცინაციები), სისხლძარღვოვანი დაზიანებები (ცხვირიდან სისხლდენა) და ღებინება.
ჰიპერტოქსიკური ფორმის დროს დიდია ლეტალური შედეგის საფრთხე, განსაკუთრებით – რისკჯგუფის პაციენტებში. შესაძლოა, განვითარდეს მენინგიტი, ენცეფალიტი, ჰემორაგიული და შეშუპებითი სინდრომი (ფილტვების ან ტვინის შეშუპება).

თუ გრიპი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ცხელება 3-4 დღეში გაივლის, ხოლო 5-10 დღეში ადამიანი სავსებით იკურნება.
მკურნალობის მთავარი მეთოდია ვაქცინაცია ანუ იმუნიზაცია. ვაქცინაციის დროს ორგანიზმში მცირე რაოდენობით შეჰყავთ ინფექციის გამომწვევი. ის დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს და ვირუსის ველურ შტამთან შეხვედრისას ორგანიზმს მათი გამომუშავებისთვის დროის ხარჯვა აღარ უხდება. ანტისხეულები ვირუსს ბოჭავს და მის გამრავლებას აფერხებს. ასე რომ, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მთლად წამალი არ არის. ის ვირუსული ინფექციის იმიტირებას ახდენს, რათა ორგანიზმის იმუნურ სისტემას მასთან ბრძოლაში დაეხმაროს.
 
ზოგადჰიგიენური საშუალებები

  • გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალება დოლბანდის ნიღაბია, თუმცა დაავადებისგან თავის დასაცავად ეს არ კმარა.
  • ინფექცია ადვილად გადაედება ჭუჭყიანი ხელებიდან. ხელები დღეში 300-ჯერ მაინც ეხება ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენსა და ნერწყვს. დაბინძურებული საგნებიდან გრიპის ვირუსი ჯანმრთელი ადამიანის ხელზე გადადის, იქიდან კი ცხვირისა და პირის ღრუს ან თვალის ლორწოვანზე ხვდება. ამიტომ ეპიდემიის დროს თავი უნდა შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგან. ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, განსაკუთრებით – თუ დაავადებულთან კონტაქტი გვიწევს.
  • არიდეთ ბავშვები გრიპით დაავადებულებთან კონტაქტს.
     
    ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები
    გაკაჟდით.
    მიიღეთ პოლივიტამინები, C ვიტამინი (0,5 გ დღეში 1-2-ჯერ). ეს მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და გაზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. C ვიტამინს უხვად შეიცავს მჟავე კომბოსტო, ლიმონი, კივი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. სასარგებლოა მცენარეული ზეთით შეკაზმული ახალი კომბოსტოს სალათიც, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
    ეპიდემიის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღიურად მიიღეთ 2-3 კბილი ნიორი (ერთი კბილი მაინც). საკმარისია რამდენიმე წუთს ნიორი ღეჭოთ, რომ პირის ღრუ მთლიანად გაიწმინდება ბაქტერიებისაგან. ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს.
    უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
     
    დამატებითი საშუალებები
    1. დღეში 2-ჯერ საპნით დაიბანეთ ცხვირის ძგიდე და ნესტოები.
    2. ყელში გამოივლეთ კალიუმის პერმანგანატის, ფურაცილინის, სოდის ხსნარი, გვირილის ნაყენი.
    3. 3 ს/კ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ 1/2 ჩ/კ თაფლი და 30 წუთს გააჩერეთ. ნაყენი პიპეტით იწვეთეთ ცხვირში.
    4. გახეხილი ნივრისა და ხახვის ნარევს დაამატეთ ცხიმი და ცხვირის ლორწოვან გარსზე წაისვით.
    5. ჭურჭელში ჩაასხით 300 გ წყალი, აადუღეთ,  დაამატეთ 30-40 წვეთი ევკალიპტის ნაყენი ან 1/2 ჩაის კოვზი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია.
    6. ფეხები 5-10 წუთით ჩაყავით მდოგვიან ცხელ წყალში, შემდეგ ტერფები რომელიმე გამახურებელი კრემით დაიზილეთ.

 

 

Facebook კომენტარები