დერუა / Derua

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): chondroitin sulfate, glucosamine

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები → პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები

მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: კაფსულა #120

გაცემი სრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ქონდროიტინის სულფატის A+C – 200 მგ-ს და D-გლუკოზამინის სულფატის – 250 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას.

მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ “საპოხ” ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.

D-გლუკოზამინის სულფატი _ ენდოგენური ნივთიერება, შედის პროტეოგლიკანების და გლუკოზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა

სისტემური გამოყენებისას გლუკოზამინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღმოჩენილია სახსრის ხრტილში, ღვიძლში, თირკმელებში.

გლუკოზამინის ფრაქცია, რომელიც არ მეტაბოლიზდება და არ უერთდება პლაზმის ცილებს, ორგანიზმიდან უპირატესად შარდით გამოიდევნება.

ჩვენება

– სახსრებისა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:

– პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);

– სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);

– მხარ-ბეჭის პერიართრიტი;

– ოსტეოქონდროზი;

– სპონდილოზი;

– ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;

– მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

დოზირება და მიღების წესი

დერუა Artro Formula-ს თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა სამჯერ) 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა ორჯერ) 1.5 – 2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ.

დერუა Artro Formula-ს ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

120 კაფსულა პოლიეთილენის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები