დიარეა (ფაღარათი) გულისხმობს ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას – დღე-ღამეში 2-3-ზე მეტ დეფეკაციას თხიერი ან ფაფისმაგვარი განავლით. ფაღარათის დროს განავლოვანი მასის მოცულობა დღე-ღამეში აღემატება 200 მლ-ს და მასში წყლის შემცველობა 85-95%-მდე იზრდება. თუFფაღარათი 2-3 კვირას გაგრძელდა, ლაპარაკობენ მწვავე ფაღარათის სინდრომზე, ხოლო თუ კიდევ უფრო გახანგრძლივდა – ქრონიკულ ფაღარათზე.
დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს, მიკროორგანიზმთაგან ყველაზე ხშირად – ბაქტერია Eსცჰერიცჰია ცოლი და სალმონელა, რომლებიც დაბინძურებულ საკვებსა და წყალში ბინადრობენ. ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დიარეა უფრო ხშირად ემართებათ ტურისტებს, რომლებიც ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობენ, ამიტომ მას მოგზაურთა ფაღარათსაც უწოდებენ.
გარდა ამისა, დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე წამლის (მაგალითად, ანტიბიოტიკის), საფაღარათო საშუალების, ალკოჰოლის, ცხარე საკვებისა და დიდი ოდენობით ხილის მიღება.
ზოგჯერ ფაღარათი სტრესით გამოწვეული ორგანიზმის რეაქციაა. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს სისხლში გადადის დიდი ოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის – საჭმლის მონელებას.
ადამიანს ბაქტერიული ან ვირუსული ბუნების დიარეა შესაძლოა ჰიგიენის დაუცველობის გამო დაემართოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხელების სისუფთავეს.

სიმპტომები. დიარეის მთავარი ნიშნები ხშირი დეფეკაცია და თხელი განავალია. არცთუ იშვიათად თან სდევს მადის დაქვეითება, მუცელში ჭრის შეგრძნება, მუცლის შებერვა, გულისრევა და ღებინება. ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა (მუდმივი წყურვილის შეგრძნება, კანის სიმშრალე, მუქი შარდი, თავბრუხვევა და დაღლილობა), რაც მეტად საშიშია, განსაკუთრებით – ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
თუ ფაღარათი 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ის შესაძლოა ქრონიკული დაავადების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, ენტეროპათიების, ქრონიკული პანკტრატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, დისბაქტერიოზის, კოლორექტალური სიმსივნის ზოგიერთი სახეობის) ბრალი იყოს.

მკურნალობა. დიარეის მკურნალობა მისი მიზეზის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. სხვაგვარად შედეგის მიღება შეუძლებელია. ამის კვალობაზე, აუცილებელია მიზეზის ზუსტად დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა, რასაც ექიმი საჭირო გამოკვლევების საფუძველზე გააკეთებს. არცთუ იშვიათად მწვავე დიარეის დროს საკმარისია ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა ცოტაოდენი მარილიანი და შაქრიანი სითხის ხშირი მიღება. ამავე მიზნით ავადმყოფს ეძლევა რეჰიდრონი. ბაქტერიული დიარეის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, დისბაქტერიოზით გამოწვეული ფაღარათის შემთხვევაში – კოლიბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, ბიფიკოლი, ბიფიდუმბაქტერინი, პარაზიტული ხასიათის დიარეა მოითხოვს ისეთი პრეპარატებით მკურნალობას, რომლებიც პარაზიტულ ინფექციას თრგუნავენ (მაგალითად, მეტრონიდაზოლით).
ანტიბიოტიკებისა და მეტრონიდაზოლის უკონტროლო მიღება დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, ფაღარათი თვითონვე გამოიწვიონ.

 

 

Facebook კომენტარები