ფილტვის ემფიზემა ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელიც სუნთქვის დარღვევით და ფილტვში აიროვანი ცვლის შეფერხებით ვლინდება. ამ დაავადებას ახასიათებს ბრონქიოლების მეტისმეტი გაფართოება (გაწელვა, გაბერვა), რასაც თან სდევს ალვეოლების კედლის დესტრუქციული ცვლილებები. გაწელვა ფილტვის ქსოვილის მოდუნებით და ორგანოს არქიტექტონიკის დარღვევით არის განპირობებული. ხსენებული ცვლილებების შედეგად ფილტვის ქსოვილში ჩნდება ჰაერის შემცველი ბუშტუკები – ბულები, რომლებიც ზოგჯერ მთელ ფილტვებშია მოთესილი, ზოგჯერ კი ორგანოს ცენტრალურ წილში იყრის თავს. მათი მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ ფილტვის ემფიზემის დიფუზურ და ლოკალურ ფორმებს.

ფილტვის ემფიზემის მიზეზებს ორ ჯგუფად ყოფენ. პირველი ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც არღვევს ფილტვის სტრუქტურული ელემენტების სიმტკიცესა და ელასტიკურობას და პირველად, დიფუზურ ემფიზემას იწვევს. ასეთი ფაქტორებია პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის თვისებების შეცვლა, ალფა-ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი, თამბაქოს კვამლი, სასუნთქ გზებში მტვრის ნაწილაკების მოხვედრა. ამ დროს ხდება ფილტვების რესპირაციული ნაწილის პათოლოგიური გადაწყობა. ამოსუნთქვისას, როდესაც გულმკერდში წნევა იმატებს, წვრილი ბრონქები და ფილტვები პასიურად იჩუტება, რითაც ზრდის ბრონქების წინააღმდეგობას ამოსუნთქვის მიმართ და ალვეოლურ წნევას. პირველადი ემფიზემის დროს ჩასუნთქვისას ბრონქების გამტარობა არ არის დარღვეული.
მეორე ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ფილტვების რესპირაციულ ნაწილში წნევის მატებას და ალვეოლების, ალვეოლური შესასვლელებისა და რესპირაციული ბრონქიოლების ძლიერ გაფართოებას. ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს ვითარდება. ეს დაავადება ფილტვების მეორეული ემფიზემის მთავარი მიზეზია და აი რატომ: ჩასუნთქვისას გულმკერდის ღრუში წნევის დაქვეითება იწვევს ბრონქების სანათურის პასიურ გაფართოებას და ამცირებს ბრონქული ობსტრუქციის ხარისხს; ამოსუნთქვისას გულმკერდის შიდა დადებითი წნევა იწვევს ბრონქული ტოტის დამატებით კომპრესიას და აღრმავებს უკვე არსებულ ბრონქულ ორსტრუქციას, რითაც ხელს უწყობს ალვეოლებში ინსპირირებული ჰაერის შეჩერებას და მათ გაბერვას. დიდი მნიშვნელობა აქვს ანთებითი პროცესის გავრცელებას  ბრონქიოლებიდან მიმდებარე ალვეოლებში, რასაც თან სდევს ალვეოლიტის განვითარება.
მეორეულ ემფიზემას ახასიათებს რესპირაციული ბრონქიოლების გაბერვა და მათ ახლოს მდებარე ალვეოლების ფორმის ცვლილება (ცენტრალური ემფიზემა). პროგრესირების შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ფილტვის ყველა წილი. ალვეოლები გასქელებულია, შესართავები – გაფართოებული, გლუვკუნთოვანი ქსოვილი ჯერ ჰიპერტროფირდება, შემდეგ კი დისტროფიას განიცდის. ელასტიკური ბოჭკოები გასწორებულია. რესპირაციული ბრონქიოლების კედლები განლეულია, მათში კაპილარებისა და უჯრედული ელემენტების რაოდენობა შემცირებულია. ემფიზემის გვიან სტადიაზე ფილტვების რესპირაციული ნაწილის სტრუქტურული ელემენტები სრულიად ქრება.
პირველადი ემფიზემის დროს ფილტვის წილში (აცინუსში) არსებული ყველა ალვეოლა ზიანდება (პანაცინარული ემფიზემა). ბრონქებში არსებული ანთებითი ცვლილებები ბრონქიოლებზე არ აისახება. შესაბამისად, არ ხდება მათი შეშუპება და ამით გამოწვეული ობსტრუქცია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ფილტვების ემფიზემისთვის დამახასიათებელია ქოშინი, კასრისებრი გულმკერდის ყაფაზი, სუნთქვისას გულმკერდის მოძრაობის შეზღუდვა, ნეკნთაშუა სივრცის გაფართოება, მკერდის ძვლის მიდამოს ამობურცვა, სუნთქვის შენელება.
ემფიზემის საწყის სტადიაში ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება, თავდაპირველად, წესისამებრ, ზამთრობით, მერე და მერე – წელიწადის ნებისმიერ დროს. მოგვიანებით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც ვითარდება და ბოლოს შესაძლოა მოსვენებისასაც კი იჩინოს თავი. ავადმყოფს, განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება. სუნთქვისას ისმის სტვენა და ხროტინი. ამოსუნთქვა გახანგრძლივებულია.
პირველად ემფიზემას მეორეულზე გაცილებით მეტად ახასიათებს მძიმე ფორმის ქოშინი. დაავადება სწორედ ამით იწყება. ავადმყოფს ვენტილაციის მოცულობა მოსვენებისასვე მაღალი აქვს, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის მიმართ მისი ტოლერანტობა ძალზე დაბალია. პირველადი ემფიზემისთვის დამახასიათებელ ქოშინის სიმპტომს განაპირობებს აუცილებლობა, ამოსუნთქვისას ბრონქებში წნევა გაიზარდოს და შემცირდეს წვრილი ბრონქების ექსპირაციული კოლაფსი, რომელიც აფერხებს ვენტილაციის მოცულობის ზრდას. პირველადი ემფიზემის დროს სისხლის აიროვანი შემადგენლობა უფრო მეტად არის შეცვლილი.

დიაგნოსტიკა. უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ფილტვების ჰაერით გადავსებას და დიაფრაგმის დაბლა დგომას. ასევე აუცილებელია ფილტვების ფუნქციონალური კვლევა, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ადგენენ ამოსუნთქული ჰაერის ოდენობის შემცირებას.

მკურნალობა. პირველადი ემფიზემის მკურნალობა ითვალისწინებს:

  • სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც მიზნად ისახავს სუნთქვით აქტში დიაფრაგმის მაქსიმალურად ჩართვას;
  • ოქსიგენოთერაპიას (ჟანგბადით მკურნალობას);
  • ფილტვებზე თამბაქოსა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვას;
  • ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვას;
  • თერაპიას ალფა 1-ანტიტრიფსინის ინჰიბიტორებით;
  • ინფექციის თანდართვის შემთხვევაში – ანტიბიოტიკოთერაპიას.

მეორეული ემფიზემის დროს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა და სუნთქვითი და გულის უკმარისობის საწინააღმდეგო თერაპია, რათა ფილტვების ფუნქცია თანდათან უფრო და უფრო მეტად არ დაირღვეს, არ მოხდეს გულის მარჯვენა ნაწილის გადაძაბვა და არ ჩამოყალიბდეს ფილტვების უკმარისობა ან გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
მეორეული ემფიზემის პროფილაქტიკა ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის პროფილაქტიკას გულისხმობს.

 

 

Facebook კომენტარები