ენტერიტი წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ანთებითი პროცესი შესაძლოა ერთდროულად გავრცელდეს წვრილ და მსხვილ ნაწლავზე (ენტეროკოლიტი), ან კუჭსა და წვრილ ნაწლავზე (გასტროენტერიტი), ან მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (გასტროენტეროკოლიტი). ენტერიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტი შეიმჩნევა ინფექციური დაავადებების (მუცლის ტიფი, პარატიფი, ქოლერა და სხვა), საკვებისმიერი მოწამვლის, კვებისმიერი ალერგიისა და სხვათა დროს. ის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი შეშუპებითა და ჰიპერემიით,  მისი სეკრეტის მატებით მიმდინარეობს, მძიმე შემთხვევაში აღმოცენდება სისხლდენა და დაწყლულება.

სიმპტომები. დაავადება იწყება მოულოდნელი ტკივილით მუცელში, ხშირია ღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მატება, მძიმე შემთხვევაში გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოშლილობანი, ორგანიზმის მოდუნება, შესაძლებელია კრუნჩხვებიც.

მკურნალობა. მწვავე ენტერიტის მსუბუქი ფორმა რამდენიმე დღეში ან კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება. მკურნალობა ტარდება სტაციონარულად ან ამბულატორიულად; ეს დამოკიდებულია  ენტერიტის გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმის ხარისხზე. ავადმყოფს ენიშნება გამწმენდი ოყნა, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, სპაზმოლიტიკები, შემკვრელი პრეპარატები და სხვა საშუალებები. პირველ ორ დღეს აუცილებელია მკაცრი დიეტა, ცხელი უშაქრო ჩაი, ორცხობილა, შემდეგ კი თხევადი საჭმელი: ლორწოვანი წვნიანი, ხორცის ბულიონი, კისელი და სხვა.

ქრონიკული ენტერიტი. ქრონიკული ენტერიტი არარაციონალური კვების (კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევა, მწარე, ცხარე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება და სხვა), ჰელმინთოზის, ლამბლიოზის, საწარმოო შხამებით (მაგალითად, ტყვიით) ქრონიკული ინტოქსიკაციის, ზოგიერთი მედიკამენტის (საფაღარათო საშუალებების, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების) ხანგრძლივი უკონტროლო მიღების, ნაწლავის ფერმენტების სინთეზის დარღვევით მიმდინარე ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების შედეგად ვითარდება. მწვავე ენტერიტი არასწორი ან დაუმთავრებელი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს.

სიმპტომები. ავადმყოფს აწუხებს ნაწლავების ყურყური, ტკივილი ჭიპთან,  გულისრევა,  სისუსტე,  ფაღარათი (განსაკუთრებით – ენტეროკოლიტის დროს). შეწოვის ფუნქციის დარღვევის გამო შესაძლოა ნაწლავებში სხვადასხვა დარღვევა აღმოცენდეს.

მკურნალობა. ინიშნება პოლივიტამინური დიეტა, ფაღარათის შემთხვევაში – შემკვრელი საშუალებები, ფერმენტები, ტკივილის მომხსნელი სპაზმოლიზური პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები და სხვა. გამწვავებისას მკურნალობა სტაციონარში უნდა ჩატარდეს.

 

 

Facebook კომენტარები