ერითემა კაპილარების გაფართოების შედეგად კანზე წარმოქმნილი ძლიერი სიწითლეა და ანთების ერთ-ერთ მთავარ სიმპტომს წარმოადგენს.
მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ერითემას.
ფიზიოლოგიური ერითემა გამოწვეულია მასაჟით, გარეგანი თუ შინაგანი მოხმარების ზოგიერთი ნივთიერებისა თუ პრეპარატის ზედოზირებით. ზოგჯერ სიწითლე რეფლექტორულად აღმოცენდება, როგორც, მაგალითად, რეაქცია სირცხვილზე ან გაბრაზებაზე.
პათოლოგიური ერითემა უკავშირდება ინფექციურ დაავადებებს, სითბურ, ქიმიურ ან სხივურ დამწვრობას, ალერგიას.

ინფექციური ერითემა მოიცავს უცნობი ეტიოლოგიის მწვავე ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს. ამ დაავადებებს ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაციის ნიშნები და კანზე მსხვილი გამონაყარი, რომლის ელემენტები ერთიანდება და ერითემულ ველებს ქმნის.
ინფექციური ერითემის გამომწვევი უცნობია. მისი ზოგიერთი ფორმა: როზენბერგის, ჩამერის, მოულოდნელი ეგზანთემა – მეტწილად ვირუსთან არის დაკავშირებული, კვანძოვანი ერითემა კი ინფექციურ დაავადებათა (განსაკუთრებით – ალერგიული რეაქციებით მიმდინარე დაავადებათა) მთელი წყების (რევმატიზმი, ტუბერკულოზი, ტულარემია, ფსევდოტუბერკულოზი) სიმპტომს წარმოადგენს. ექსუდაციური ერითემა, კერძოდ, მისი მძიმე ვარიანტი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), განპირობებულია ზოგიერთი პრეპარატის, განსაკუთრებით – პროლონგირებული მოქმედების სულფანილამიდების მიღებით.
ინფექციის წყარო და რეზერვუარი უცნობია. დაავადებული გარშემო მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ერითემის ძირითადი კლინიკური ფორმებია:

  • როზენბერგის ინფექციური ერითემა;
  • ჩამერის ინფექციური ერითემა;
  • კვანძოვანი ერითემა;
  • მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა;
  • მოულოდნელი ეგზანთემა;
  • არადიფერენცირებული ერითემა.

როზენბერგის ინფექციურ ერითემას (Erythema infectiosum Rosenberg) ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მკვეთრი ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: ძლიერი თავის ტკივილი, უძილობა, მიალგია, ართრალგია. მეოთხე-მეექვსე დღეს ჩნდება ჭარბი ლაქოვანი და მაკულურ-პაპულური გამონაყარი, რომელიც მეტწილად კიდურის მსხვილი სახსრების  გამშლელ ზედაპირსა და დუნდულებზეა ლოკალიზებული, სადაც ერითემულ ველებს ქმნის. სახეზე გამონაყარი არ აღინიშნება. 5-6 დღის შემდეგ ეგზანთემა ქრება და ტოვებს ქატოსმაგვარ ან ფირფიტისებრ ქერქს. ცხელება 8-12 დღეს გრძელდება. ხშირად დიდდება ღვიძლი და ელენთა. ზოგიერთ ავადმყოფს შესაძლოა სახსრები შეუსივდეს, ზოგს კი მენინგეალური ნიშნები განუვითარდეს.
ჩამერის ინფექციური ერითემის (Erythema infectiosum Tschamer) საინკუბაცო პერიოდი 9-14 დღეა. ემართებათ უმეტესად ბავშვებს. მიმდინარეობს მსუბუქად. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. დაავადების პირველსავე დღეს სახეზე ჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად წვრილ ლაქებს ჰგავს. შემდეგ ეს ლაქები ერთდება და პეპლის ფორმას იღებს. ცალკეული ელემენტები შესაძლოა ტანსა და კიდურებზეც გაჩნდეს.
გამონაყარი გაფერმკრთალებას ცენტრიდან იწყებს. ეგზანთემა (წინწკლოვანი გამონაყარი) დიდხანს, დაახლოებით 2 კვირას რჩება. შესაძლოა, ცხელებამ, გადახურებამ, ფიზიკურმა დატვირთვამ ახალ-ახალი გამონაყარის გაჩენას შუწყოს ხელი. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების ზომიერი ანთებითი ცვლილებები და კონიუნქტივის შეწითლება, ზოგს კი (უპირატესად – ზრდასრულებს) – სახსრების მეტ-ნაკლები ტკივილი და შესივება.
კვანძოვანი ერითემა (Erythema nodosum) ზოგიერთი ინფექციური დაავადების (მათ შორის – ტულარემიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზის) გამოვლინებაა. ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მატება (თუ ტემპერატურა, ძირითადი დაავადების გამო, მანამდეც არ იყო მომატებული), კიდურებში, განსაკუთრებით – მსხვილ სახსრებში, მტვრევის შეგრძნება და ეგზანთემა. გამონაყარი ჩნდება სიმეტრიულად წვივსა და წინამხარზე, იშვიათად – თეძოებსა და ტერფებზე. გამონაყარის ელემენტები წარმოადგენს 3-5 სმ დიამეტრის მკვრივ და მტკივნეულ კვანძებს, რომლებიც კანის დონეზე მდებარეობს, კანის სიღრმეში კი ინფილტრატი ისინჯება. კვანძის ზემოთ კანი თავდაპირველად წითელია, მოგვიანებით ციანოზური ხდება, ხოლო ინფილტრატის დაპატარავების შემდეგ იღებს მომწვანო-მოყვითალო ელფერს. კვანძები 3 კვირის განმავლობაში რჩება.
მრავალფორმიან (პოლიფორმულ) ექსუდაციურ ერითემას (Erythema exudativa multiform) ახასიათებს ცხელება (39-40 გრადუსამდე) და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, სისუსტე, ართრალგია). მეოთხე-მეექვსე დღეს ჩნდება ჭარბი პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც ტანსა და კიდურებს მოიცავს. ზოგჯერ აღინიშნება სიმეტრიული გამონაყარი. გამონაყარის ელემენტები წარმოადგენს ლაქებსა და პაპულებს.
მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია გამჭვირვალე შიგთავსით სავსე ბუშტუკების გაჩენა. ბუშტუკის გასკდომის შემდეგ მის ადგილას ჯერ წითელი ნაჭდევი წარმოიქმნება, შემდეგ – წაბლისფერი ქერქი. გამონაყარის ადგილას აღინიშნება ქავილი და წვა. ერითემის უფრო მძიმე ვარიანტის – სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს კანის დაზიანების პარალელურად ვითარდება პირის ღრუს, ცხვირ-ხახის, სასქესო ორგანოების, ანუსის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ჩვეულებრივ, 1-3 კვირას გრძელდება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი კი – 6 კვირაზე მეტხანს. არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი.
მოულოდნელი ეგზანთემის (Erythema subitum) საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 3-5 დღე. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის სწრაფი მატებით (38-40 გრადუსამდე) და ზოგადი ინტოქსიკაციის შედარებით ზომიერი გამოვლინებით. დაავადების მესამე-მეოთხე დღეს სხეულის ტემპერატურა ნორმამდე ჩამოდის და ჩნდება ეგზანთემა, რომელიც სახეს, ტანსა და კიდურებს მოიცავს. გამონაყარის ელემენტები წარმოადგენს წვრილ, 5 მმ დიამეტრის ბაც ვარდისფერ ლაქებს, რომლებიც ზოგჯერ ერთდება და ემსგავსება წითელას (მაგრამ არცთუ მკვეთრი ფერისაა) ან წითურას. 2-3 დღის შემდეგ გამონაყარი უკვალოდ ქრება. დაავადებას ახასიათებს ცვლილებები სისხლში (თავდაპირველად – ლეიკოციტოზი, გამონაყარის გაჩენის შემდეგ – ლეიკოპენია, ლიმფოციტოზი).
არადიფერენცირებული ინფექციური ერითემა წარმოადგენს გაურკვეველი ეტიოლოგიის ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს. ახასიათებს ცხელება, ზომიერად გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები და ეგზანთემა, რომელიც არც ერთი ცნობილი ინფექციური დაავადებისთვის არ არის ტიპური.
ინფექციური ერითემის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური სიმპტომების მიხედვით. მრავალი სახის ერითემა შეიმჩნევა კანის დაავადებების დროს, თუმცა ცხელებისა და ინტოქსიკაციის ზოგადი სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კანის ნებისმიერი დაავადების გამორიცხვა შეიძლება. მხოლოდ რამდენიმე ინფექციური დაავადების (ტუბერკულოზური ტიპის კეთრი, კანის ლეიშმანიოზი და სხვა) დროს მიმდინარეობს ერითემული ცვლილებები ტემპერატურის მატების გარეშე.

ინფექციური ერითემის დიაგნოსტირების სპეციფიკური ლაბორატორიული მეთოდი არ არსებობს. ლაბორატორიულ კვლევას უმთავრესად სხვა ინფექციური დაავადებების გამოსარიცხად იყენებენ.

 

 

Facebook კომენტარები