ერითრომიცინი
(ERYTHROMYCINUM)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ერითრომიცინი
(3R,4S,5S, 6R,7R, 9R, 11R,12R, 13S,14R)-4-(2,6-დიდეოქსი-3-C-მეთილ-3-O-მეთილ-a-L-რიბო-ჰექსოპირანოზილ)ოქსი-14-ეთილ-7,12,13-ტრიჰიდროქსი-3,5,7,9,11,13-ჰექსამეთილ-6-(3,4,6-ტრიდეოქსი-3-დიმეთილამინო-(-D-ქსილოჰექსოპირანოზილ)-ოქსი-ოქსაციკლოტეტრადეკან-2,10-დიონ(ერითრომიცინ A);

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ერითრომიცინი-0.1გ ან 0.25გ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, აეროსილი.

ფორმა:
ტაბლეტები 0.1გ და 0.25გ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ავლენს ბაქტერიოსტატურ მოქმედებას. შექცევადად უკავშირდება ბაქტერიების რიბოსომებს და აფერხებს ცილის სინთეზს.
მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს გრამდადებით (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის S. Pneumoniae, Clostridium spp., Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae) და ზოგიერთ გრამუარყოფით (Neisseria gonorrhoeae, Haemophillus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp.), Mycoplasma spp., Chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp., ბაქტერიებს. ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი ჩხირები მათ შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე    Shigella spp., Salmonella spp..

ფარმაკოკინეტიკა:
ერიტრომიცინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, ამავე დროს შეწოვის სიჩქარე დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 30-65%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2სთ-ის Dშემდეგ მისი შიგნით მიღებიდან. იგი აქტიურად აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ექსკრეგირებს დედის რძეში.
პრეპარატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 70-90%-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში, ნაწილობრივ არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ერითრომიცინის მნიშვნელოვანი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღველთან ერთად და მხოლოდ 5-15%-უცვლელი სახით შარდთან ერთად.
ნახევრად გამოყოფის პერიოდი-1,4-2სთ.

გამოყენების ჩვენება:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. მათ შორის: პნევმონია, პნევმოპლევრიტი, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი, მასტიტი, ოსტეომიელიტი, პერიტონიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები; დიფტერია, ყივანახველა, ტრაქომა, ბრუცელოზი, ქუნთრუშა; გონორეა, პრეპარატი ენიშნებათ აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს; პენიცილინის, ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე და მისი მიმდინარეობის სიმძიმეზე, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე.
ერითრომიცინი ენიშნებათ შიგნით მისაღებად 1-1.5სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3სთ-ის შემდეგ. მოზრდილებს-0.25-0,5გ 4-ჯერ დღეღამეში; უმაღლესი ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,5გ-ს, ხოლო სადღეღამისო-2გ-ს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 0,02-0,04გკგ წონაზე დღეღამეში;
1-3 წლამდე-0,4გ დღეღამეში;
3-6 წლამდე-0,5-0,75გ დღეღამეში;
6-8 წლამდე-0,75გ დღეღამეში;
8-14 წლამდე-1გ-მდე დღეღამეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 4 მიღებაზე;
ბავშვებს 14 წლის ასაკის ზემოთ ენიშნებათ პრეპარატის იგივე დოზები, როგორიც მოზრდილებს.
მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება:
საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ქოლესტაზური სიყვითლე;
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი; 
პრეპარატის ქიმიოთერაპიული მოქმედებით განპირობებული ეფექტები: პირის ღრუს კანდიდოზი, საშოს კანდიდოზი.
ერითრომიცინის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის და სხვა ანტიბიოტიკების-მაკროლიდების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების წარმოქმნა. 

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ერითრომიცინის და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ორსულობის დროს ერითრომიცინის დანიშვისას უნდა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის და პოტენციური რისკი ნაყოფისთვის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ერითრომიცინის კომბინაციით ლინკომიცინთან ან ქლორამფენიკოლთან ადგილი აქვს მათი მოქმედების შესუსტებას.
ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში თეოფილინის, ამინოფილინის, კოფეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას, აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას.
ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიური რეაქციის განვითარების რისკს.
ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი.

ჭარბი
დოზირება:
სიმპტომები: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის უკმარისობით დამთავრებული; სმენის დაკარგვა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზი, ჰემო- და პერიტონეალური დიალიზი. სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების  (ელექტროკარდიოგრაფიული, სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობა) მუდმივი მონიტორინგი.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის დაან თირკმელების ფუნქციის მოშლით შეპყრობილ ავადმყოფებს.
ერითრომიცინით მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.
ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25 0C ტემპერატურაზე.
პრეპარატის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი: რეცეპტით..

შეფუთვა:
N20 ტაბლეტი კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.

Facebook კომენტარები