ღრმა ვენების პათოლოგია ხშირად თრომბოზის გამო ვითარდება. იგი შეიძლება ნებაზე მიშვებული ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების გართულებაც იყოს. საქმე ის არის, რომ ზედაპირული ვენების გაგანიერებას მოჰყვება პერფორანტული ვენების ნაკლოვანება, რომელთა მეშვეობითაც სისხლი ზედაპირულიდან ღრმა ვენებში გადაედინება. მათი სარქვლები სისხლს საშუალებას არ აძლევს, ღრმა ვენებიდან უკან, ზედაპირულში დაბრუნდეს. როცა პერფორანტული ვენები დაზიანებულია, ხდება სისხლის რეფლუქსი (უკუდინება) ზედაპირულ ვენებში. ეს ღრმა ვენების უკმარისობას იწვევს, საბოლოოდ კი ქრონიკული ვენური უკმარისობა ვითარდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ღრმა ვენების გაგანიერების დროს ავადმყოფი უჩივის ქვედა კიდურების ტკივილს, რომელიც დიდხანს დგომისას ძლიერდება, ხოლო სიარულის დროს მცირდება, აგრეთვე – ფეხებში სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნებას, შეშუპებას, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ საღამოობით აღინიშნება, შემდგომში კი იმდენად მკვეთრია, რომ კიდურები ზოგჯერ ორჯერაც კი დიდდება. შორსწასულ შემთხვევაში კანი იცვლის ფერს და ვითარდება ლურჯი ფლეგმაზია. ღრმა ვენების გაგანიერებისთვის დამახასიათებელია დერმატიტი, ეგზემა და ტროფიკული წყლულები ქვემო კიდურებზე.
დიაგნოსტიკა. ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. საჭიროებისას ტარდება ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობაზე, სარქვლების უკმარისობაზე, პერფორანტების უკმარისობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია ფლებოგრაფია.

მკურნალობა. ღრმა ვენების გაგანიერება ძირითადად კონსერვატიულ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა არსებობს რამდენიმე ოპერაციული მეთოდი. ღრმა ვენებზე დიდი ოპერაციები არ ტარდება. კეთდება ჯვარედინი პლასტიკა, გადართვა ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში.
ღრმა ვენების უკმარისობის დროს ინიშნება ვენატონიკები: დეტრალექსი, ტროქსევაზინი, ვენორიცი და სხვა. გარდა ამისა, პაციენტს ურჩევენ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას, უდგენენ მოძრაობის რეჟიმს, დიეტას (იკრძალება ალკოჰოლი და ცხარე საკვები). საჭიროების შემთხვევაში ინიშნება როგორც პირდაპირი (ჰეპარინი, ფრაქსიპარინი), ისე არაპირდაპირი მოქმედების (ვარფარინი, ჰემოპარინი) ანტიკოაგულანტები. არსებობს კანზე წასასმელი სპეციალური ჟელეები და მალამოებიც (ტროქსევაზინის, ჰეპარინის და სხვა).

 

 

Facebook კომენტარები