ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას. ვინკრისტინი წარმოადგენს ვარდისფერი გველის სუროს (Cataranthus roseus) ალკალოიდს. იგი იწვევს უჯრედების მიტოზური დაყოფის შექცევად ბლოკირებას უჯრედული ციკლის მეტაფაზაში. სიმსივნურ უჯრედებში სელექტიურად აინჰიბირებს დნმ-სა და რმნ-ის სინთეზს ფერმენტ რნმ-პოლიმერაზას ბლოკირების შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური შეყვანისას ვინკრისტინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. იგი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა განავლით.

ჩვენებები

  • მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, ხოჯკინის და არახოჯკინის ლიმფომები, რაბდომიოსარკომა, იუინგის სარკომა, ნეირობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, სოლიდური სიმსივნეების კომბინირებული მკურნალობა, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ეპითელომა და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.

დოზირების რეჟიმი

ვინკრისტინი შეჰყავთ ვენაში 1 კვირიანი ინტერვალით. გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ან საინექციო წყალში 0.1 მგ/მლ კონცენტრაციით. პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.

ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანა აკრძალულია.

მოზრდილებში ვინკრისტინი შეყავთ ვენაში 1.0-1.4 მგ/კვ.მ. დოზით კვირაში ერთხელ. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კვ.მ.-ს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-12 მგ/კვ.მ.

ბავშვებში – 1.5 მგ/კვ.მ კვირაში ერთხელ. მკურნალობა ძირითადად გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით რეკომენდებულია დოზის შემცირება.

გვერდითი მოვლენები

ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება, ჰიპერურიკემია, ნეფროპათია, ალოპეცია, იშვიათად – ცნს-ის მხრივ ტოქსიკური დარღვევები, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა, ყაბზობა, სხეულის წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი, იშვიათად -ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აზოსპერმიის და ამენორეის განვითარება.

აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* მიელოსუპრესია, ნევროლოგიური დაავადებები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში ვინკრისტინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

მკურნალობის პროცესში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის და ღვიძლის დაზიანების დროს.

♦ მკურნალობის პროცესში აუცილებელია რეგულარული ჰემატოლოგიური კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევებში პრეპარატის განმეორებითი დოზით შეყვანისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებისას 3000 კვ. მმ-მდე აუცილებელია ვინკრისტინით მკურნალობის შეწყვეტა და პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკის გამოყენება.

♦ მწვავე შარდმჟავა დიათეზის პრევენციისათვის საჭიროა შარდმჟავის დონის სისტემატური კონტროლი შრატში, ორგანიზმში შესაბამისი რაოდენობის სითხის შეყვანა და საჭიროების შემთხვევაში ალოპურინოლის დანიშვნა.

♦ ექსტრავაზაცია იწვევს ტკივილს ინექციის ადგილას და ქსოვილის ნეკროზს. ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია დარჩენილი ინექციის შეყვანა სხვა ვენაში. დაზიანებულ უბანში სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ჰიალურონიდაზას ინექციის გამოყენებით.

♦ მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია შესაბამისი (არაჰორმონული) კონტრაცეპციის გამოყენება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ლეიკოპენია და სხვა გვერდითი მოვლენების დამძიმება;

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება. სიმპტომატური თერაპიის სახით რეკომენდებულია შემდეგი ღონისძიებები: 1) სითხის შეყვანის შეზღუდვა და დიურეზული საშუალებების დანიშვნა; 2) კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება; 3) ოყნის და საფაღარათო საშუალებების გამოყენება; 4) გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი; 5) პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი საჭიროებისას – სისხლის გადასხმა.

ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ჭარბი დოზირების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პრეპარატის კომბინაციით ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან (იზონიაზიდი, ასპარაგინაზა) ძლიერდება გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ.

– ვინკრისტინი აქვეითებს პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტს.

– ვინკრისტინის და მიტომიცინის კომბინაციით ვითარდება მწვავე ქოშინი და ბრონქოსპაზმი.

Facebook კომენტარები