ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება მეტად გავრცელებული დაავადებაა. სხვადასხვა დროს მას უწოდებდნენ ზედა სასუნთქი გზების კატარს, მწვავე რესპირატორულ დაავადებას, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება შეიძლება გამოიწვიოს: ვირუსმა (გრიპის,  პარაგრიპის ვირუსმა, ადენოვირუსმა, რინოვირუსმა, ენტეროვირუსმა); ბაქტერიამ (სტრეპტოკოკმა, მენინგოკოკმა); მიკოპლაზმამ. დაავადების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაცივება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება ვლინდება ვირუსით გამოწვეული ინტოქსიკაციის ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით. ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთხვევაში მოსალოდნელია მოქმედებათა შენელება ან აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებით დაავადებას ახასიათებს კატარული ნიშნებიც, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების ამა თუ იმ ორგანოს უპირატეს დაზიანებაზეა დამოკიდებული.

  • რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ვლინდება სურდოთი, ცხვირიდან გამონადენით, ცემინებით და ცხვირით სუნთქვის გაძნელებით.
  • ფარინგიტი – ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. ავადმყოფი უჩივის ყელში ღიტინის შეგრძნებას და ყლაპვის დროს ტკივილს.
  • ლარინგიტი – ხორხის ანთება. აღინიშნება ხრინწიანობა და მყეფავი ხველა.
  • ტონზილიტი ანუ კატარული ანგინა – ნუშურა ჯირკვლების ანთება. ავადმყოფი უჩივის ყლაპვის დროს ტკივილს. ნუშურა ჯირკვლები გადიდებულია, მათი ლორწოვანი – გაწითლებული.
  • ტრაქეიტი – ტრაქეის ანთება. აღინიშნება წიწკნის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მშრალი შემაწუხებელი ხველა, რომელიც შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს.

გამომწვევის კვალობაზე, დაავადებას აქვს განსაზღვრული სიმპტომები. გრიპით ავადობა ეპიდემიური სახისაა. მისი დასაწყისი მწვავეა. ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იწევს. ყალიბდება ადგილობრივი კატარული სიმპტომები. მეტწილად ადგილობრივად გამოხატულია ტრაქეიტი და რინიტი. პარაგრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია კეროვანი ეპიდემიური ავადობა. იწყება თანდათანობით. ტემპერატურა 1-2 დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე იმატებს. ზოგადი ნიშნები ზომიერად არის გამოხატული. ძირითადი ნიშანი ლარინგიტია. ადენოვირუსული ინფექცია არ მიმდინარეობს ეპიდემიის სახით. იგი იწყება მწვავედ. ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს და 5-14 დღეს გრძელდება. უმთავრესად გამოხატულია ფარინგიტი, ტონზილიტი, თვალისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების ნიშნები.

მკურნალობა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთების მკურნალობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაავადების გამომწვევზე ზემოქმედება. გრიპის დროს ეფექტურია რემანტადინი, ადენოვირუსული ინფექციის შემთხვევაში – ინტერფერონი. თავად ანთების სამკურნალოდ აუცილებელია დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, პარაცეტამოლი ან ზედა სასუნთქი გზების ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი კომბინირებული საშუალება.

 

 

Facebook კომენტარები