მუცლის თიაქარი მუცლის ფარის დეფექტია, რომლის გამოც მუცლის ღრუს ორგანოები პარიესულ პერიტონეუმთან ერთად გამოდიან კანქვეშ. თიაქარი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილ დეფექტს მუცლის ფარის განუვითარებლობა იწვევს. შეძენილი თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი განწყობა, ძლიერი ფიზიკური შრომა, ხშირი ყაბზობა და ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევის მომატებას იწვევს.
მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ საზარდულის,  ჭიპის,  თეთრი ხაზის და სხვა თიაქარს.
თიაქარი მოიცავს კარს, პარკს და შიგთავსს. თიაქრის კარი კუნთოვან-ბოჭკოვან ელასტიკურ რგოლს წამოადგენს. თიაქრის პარკი მუცლის ღრუს შიგნითა გარსის გაგრძელებაა, თიაქრის შიგთავსი კი პარკში გამოსული მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოა.
თიაქარი შეიძლება იყოს:
1) თავისუფალი ანუ ჩასწორებადი, როდესაც თიაქრის კარიდან თიაქრის პარკში გამოსული ორგანო თავისუფლად ბრუნდება მუცლის ღრუში;
2) ჩაუსწორებელი, როცა თიაქრის პარკის შიგთავსსა და პარკს შორის წარმოიქმნება ნაწიბუროვანი შეხორცებები, რასაც მოჰყვება შიგთავსის ნაწილობრივი ან მთლიანი შეუბრუნებლობა მუცლის ღრუში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩაუჭედავ თიაქარს ახასიათებს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს. მოსვენებისას ტკივილი ქრება. გასინჯვისას მუცლის ზედაპირზე შეიმჩნევა მტკივნეული გამობერილობა.
თიაქრის მძიმე გართულებაა ჩაჭედვა. მას გამოსულ ორგანოზე თიაქრის კარის მოჭერა იწვევს. ჩაჭედვას ორგანოს სისხლმომარაგების შეწყვეტა და ნეკროზი მოჰყვება.
ჩაჭედვა ერთბაშად ხდება. მისი პირველი ნიშანი თიაქრის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილია. ნაწლავის ჩაჭედვის შემთხვევაში ვითარდება გაუვალობა.

მკურნალობა. თიაქრის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციაა. თუ თიაქარი ჩაჭედილი არ არის, ოპერაცია გეგმურად ტარდება. დეფექტის ლიკვიდაცია და პლასტიკა ადგილობრივი, საკუთარი ქსოვილებით ხდება. ამ კუთხით შედეგიანია პოლიპროპილენის ბადის იმპლანტირებაც. ასეთ ბადეს იყენებენ დიდი ზომის თიაქრის შემთხვევაში, როდესაც ორგანოების 2/3 კანქვეშ არის გამოსული. ამ ორგანოების უკან, მუცლის ღრუში შებრუნებისას ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ იმატებს მუცელშიგა წნევა, ორგანოები აწვება დიაფრაგმას და ავადმყოფს სუნთქვა უჭირს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის განკუთვნილი პოლიპროპილენის ბადე, რომლის მეშვეობითაც თიაქრის ლიკვიდაცია მუცლის ფარის ფართობის შეუმცირებლად ხერხდება.
არსებობს სპეციალური ქამრებიც, რომლებიც ავადმყოფს მუდმივად უნდა ეკეთოს, რათა თავიდან აიცილოს ორგანოს გამოვარდნა და ჩაჭედვა, მაგრამ ქამარი არ არის ქირურგიული მეთოდის ალტერნატივა და ვერც ავადმყოფს აზღვევს გართულებებისგან.
ჩაჭედილი თიაქარი სასწრაფო ოპერაციას მოითხოვს. უნდა მოხდეს თიაქრის კარის ლიკვიდაცია, დათვალიერდეს ჩაჭედილი ორგანო, შემოწმდეს მისი სიცოცხლისუნარიანობა და გადაწყდეს, თუ როგორ წარიმართოს ოპერაცია.
ცალ-ცალკე შევეხოთ თიაქრის თითოეულ ნაირსახეობას.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი არის დიაფრაგმის ხვრელიდან საყლაპავის მუცლის ნაწილის, კუჭის ან მისი ნაწილის ან ნაწლავის მარყუჟის გადანაცვლება გულმკერდის ღრუში. ამ დაავადების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს ფაქტორთა სამი ჯგუფი: დიაფრაგმის ხვრელში საყლაპავის დამამაგრებელი სტრუქტურების სისუსტე; მუცლის ღრუში წნევის მომატება; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიების დროს საყლაპავის ტრაქცია ზემოთ.
ავადმყოფები ხშირად უჩივიან გულის რიტმის დარღვევას (ექსტრასისიტოლიას, პაროქსიზმულ ტაქიკარდიას) ან ტკივილს გულის არეში, რაც შეიძლება დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცეს. მახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ტკივილი აღმოცენდება ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით – დიდი ოდენობით საკვების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვისას, სიმძიმის აწევის, ხველისა და მეტეორიზმის დროს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; ქრება ან მცირდება ამობოყინების, ღებინების შემდეგ, ღრმა ჩასუნთქვისას, ადგომის, ტუტე ხსნარის, წყლის მიღების შემდეგ.
დიაგნოზი დაისმის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევების საფუძველზე.
მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას: ნორმალური წონის შენარჩუნებას, სიგარეტზე უარის თქმას, მწარე, ცხარე საკვების შეზღუდვას. ბოლო ტრაპეზი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა ჩატარდეს. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს რეგულარულად და მცირე ულუფებით. რეკომენდებულია თავის დადება შედარებით მაღალ სასთუმალზე. მედიკამენტებიდან ინიშნება პროკინეტიკები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანტისეკრეტორული საშუალებები.
საზარდულის თიაქარი. ემბრიონული განვითარების პერიოდში სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუდან საზარდულის არხის გავლით განუწყვეტლივ ეშვება სათესლე პარკში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი ირღვევა და ვითარდება თანდაყოლილი თიაქარი ან იქმნება მისი განვითარების საფრთხე. მსგავსი პროცესები შეიმჩნევა  ქალებშიც – ისინი საშვილოსნოს მრგვალ იოგთან არის დაკავშირებული.
საზარდულის თიაქარი  სწორიც შეიძლება იყოს და მოხრილიც. ეს იმაზეა დამოკიდებული, სად არის მოსუსტებული მუცლის ფარი.
საზარდულის თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. წესისამებრ, ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. დაავადება იწყება სიმძიმის აწევის ან დაძაბულობის შემდეგ აღმოცენებული ტკივილით, რამდენიმე დღის შემდეგ კი მუცლის შებერილობა ვითარდება.
მკურნალობა ნებისმიერი სახის თიაქრის დროს ოპერაციულია, ვინაიდან ყოველთვის არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.
თეძოს თიაქარი ყოველთვის შეძენილია. დაზიანების ხასიათით და სიმპტომებით ჰგავს საზარდულის თიაქარს.
მუცლის თიაქარი, ჩვეულებრივ, მუცლის კედლის ჭრილობის ინფიცირების შედეგს წარმოადგენს. ზოგჯერ ის მეტისმეტად დიდია და ძნელად იკურნება. მისი ნიშნებია ანთება და ტკივილი. ჩაჭედვის შემთხვევაში ტკივილი მწვავეა, შებერვა – მტკივნეული.
ჭიპის თიაქრის სიმპტომები მუცლის თიაქრის სიმპტომებს ჰგავს.
ცალკე უნდა განვიხილოთ ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი, რომელიც ოსტეოქონდროზის გართულებას წარმოადგენს.
ხერხემლის მალის სხეულის წინა კედელზე მოდის იოგი, რომელიც დისკის დაზიანების (მაგალითად, ასაკობრივი დაზიანების) შემდეგ, რაც ხერხემლის არასტაბილურობას იწვევს, განიცდის კალციფიცირებას ანუ ძვალდება, რის შედეგადაც ხერხემლის სტაბილურობა აღდგება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მალის წანაზარდი, რომელიც სინამდვილეში გაძვალებული იოგია (ხალხში მას მარილების დაგროვებას უწოდებენ), არც ნერვს აზიანებს და არც ზურგის ტვინს, უმტკივნეულოა და საერთოდ, არავითარ კლინიკურ სიმპტომს არ იწვევს. მაგრამ ზოგჯერ დისკის დაზიანებას ერთვის ხერხემლის კუნთის სისუსტე, რის გამოც ხერხემლის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში მცირედმა ფიზიკურმა დატვირთვამაც კი (დაცემინებამ, გაჭინთვამ, უხერხულმა მოძრაობამ) შეიძლება მალის მალაზე დარტყმა და დისკის მთლიანობის დარღვევა გამოიწვიოს.
დისკს გარს აკრავს ფიბროზული რგოლი, რომლის ცენტრში მოთავსებულია პულპოზა ანუ ბირთვი. ის არაჟნისებრი ნივთიერებაა, რომელიც ფიბროზული რგოლის დაზიანების შემდეგ დისკის საპროექციო არიდან გამოდის. სწორედ ეს არის ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი. ხშირად გამოსული ფრაგმენტი ზურგის ტვინს აწვება და წელის ტკივილს იწვევს. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ გამოსული ფრაგმენტი რომელიმე ამ ნერვს მიაწვა, აღმოცენდება ტკივილი ფეხში. ტკივილს ნერვის ოდნავი შეხებაც კი იწვევს, რაც ავადმყოფებს აშფოთებთ, მაგრამ ექიმებს ამისი ნაკლებად ეშინიათ. თუ დისკის ფრაგმენტი ნერვს უფრო მეტად მიაწვა, ხდება მგრძნობელობის დაქვეითება (დაბუჟება) ან გაუკუღმართება. ეს სიმპტომები ავადმყოფებს არ აშინებთ, თუმცა ამ დროს პროცესი უფრო შორს არის წასული და უფრო რთული სამკურნალოა.
დისკის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  • გადატანილი ინფექციები;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • ნიკოტინი, ალკოჰოლი;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • სკოლიოზი.

თუმცა იმ უშუალო მიზეზის დასახელება, რომელმაც დისკის დაზიანება გამოიწვია, შეუძლებელია. ამ დროს ხდება დისბალანსი კუნთების შესაძლებლობასა და დატვირთვას შორის.
დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს  რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სპონდილოგრაფია.
დაავადების მკურნალობა უმთავრესად კუნთების გაძლიერებისკენ არის მიმართული. წამალი მას ვერ შველის, მხოლოდ ტკივილს აყუჩებს, რაც ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოსავალი არ არის. რასაკვირველია, ტკივილგამაყუჩებელი უნდა დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ავადმყოფს ვარჯიშის საშუალება მიეცეს.
განვითარებულ ქვეყნებში ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარს ვარჯიშებითა და ცურვით მკურნალობენ. შედეგიანია წყალქვეშ დაჭიმვა და მანუალური თერაპიაც, თუმცა ამ მეთოდებით მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად ვარჯიში მაინც აუცილებელია.

 

 

Facebook კომენტარები