კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი ნეკროზი.
კარბუნკული ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში, კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი მიკრობების – სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების – შეჭრის შედეგად. კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი.
კარბუნკული იწყება ისე, როგორც ფურუნკული, მაგრამ სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება.
კლინიკურად კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო, მკვეთრად შეშუპებული საფუძველი.
კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე დაბეჭებს შუა არსებულ არეში, წელზე, დუნდულებზე, იშვიათად – კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით, რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა. ინფილტრატის არეში კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი  რამდენიმე ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც  გამოდის მომწვანო-მორუხო ფერის სქელი ჩირქი. ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი, საიდანაც მოედინება ჩირქი და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად – ბოდვა და უგონო მდგომარეობა). სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება.
გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი, სეფსისი, ჩირქოვანი მენინგიტი. სეფსისი, მენინგიტი და თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს.
გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში. კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის) ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას – პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, კეთდება კუნთშიგა ინექცია, ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს. თუ ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება, რათა ინფილტრატისა და ნეკროზის განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია). სახის კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები. საჭიროებისამებრ, დასაშვებია ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება, რძის ნაწარმისა და მცენარეული პროდუქტების დიეტა.
თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები პროგრესირებს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას.
დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

 

Facebook კომენტარები