კარცინომა ანუ კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ნაირსახეობაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოს (კანის, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების) ეპითელური ქსოვილის უჯრედებისგან ვითარდება. დანარჩენი (კუნთოვანი, ნერვული და სხვა) ქსოვილებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოდ მოხსენიება არ არის სწორი.
დაზიანებული უჯრედები, ჩვეულებრივ, განიცდიან აპოპტოზს (პროგრამირებულ სიკვდილს), კიბოს უჯრედები კი აპოპტოზს არ განიცდიან და დაყოფას განაგრძობენ.
საზოგადოდ, ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათებს:

  • აშკარა ქსოვილოვანი ატიპიზმი – უჯრედების მიერ დიფერენცირების უნარის დაკარგვა და იმ ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა, რომლისგანაც წარმოიშობა სიმსივნე;
  • აგრესიული ზრდა – ავთვისებიანი სიმსივნე უკონტროლოდ იზრდება. მისი უჯრედები უსასრულოდ იყოფიან და თავიანთივე მსგავსებს შობენ. ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები არ სჯერდებიან იმ ქსოვილს, რომლისგანაც წარმოიშვნენ – ჩაიზრდებიან ირგვლივ არსებულ ორგანოებსა და ქსოვილებში და აზიანებენ მათ.
  • მეტასტაზირების უნარი – სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ, ლიმფის ან სისხლის ნაკადის მეშვეობით მთელ ორგანიზმში გადაადგილდნენ და პირველადი კერისგან მოშორებულ ორგანოებში ახალ, დედისეულის მსგავს სიმსივნურ კერას დაუდონ სათავე.

სადღეისოდ ცნობილია მრავალი ისეთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია კანცეროგენეზის მექანიზმის ჩართვა. ასეთი თვისებების მქონე ნივთიერებასა და ფაქტორს კანცეროგენულს უწოდებენ.
ქიმიური კანცეროგენებია პოლიციკლური და ჰეტეროციკლური არომატული ნახშირწყლების სხვადასხვა ჯგუფი, არომატული ამინები და სხვა (მეტალები, პლასტმასი და სხვა). მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ უჯრედის დნმ-ზე და მისი ავთვისებიანი გადაგვარება გამოიწვიონ. ფიზიკური კანცეროგენებია სხვადასხვა სახის მაიონიზირებელი გამოსხივება (ალფა, ბეტა და გამა გამოსხივება, რენტგენის სხივი).
კანცეროგენეზის ბიოლოგიური ფაქტორებია ზოგიერთი ვირუსი (ჰერპესის მსგავსი ვირუსი (ეპშტეინ-ბარის დაავადება, ბერკიტის ლიმფომა), ადამიანის პაპილომავირუსი (საშვილოსნოს ყელის კიბო), B და C ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო)). ეს ვირუსები არიან მატარებლები სპეციფიკური ონკოგენებისა, რომელთაც შეუძლიათ უჯრედის გენეტიკური მასალის მოდიფიცირება და მისი მალიგნიზაცია (გაავთვისებიანება).
ცნობილია კანცეროგენეზის ჰორმონული ფაქტორებიც. ადამიანის რამდენიმე ჰორმონს (კერძოდ, სასქესო ჰორმონებს) შეუძლია გამოიწვიოს მათ მიმართ მგრძნობიარე ქსოვილის გაავთვისებიანება (სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, წინამდებარე ჯირკვლის კიბო).

დაბოლოს, გენეტიკური ფაქტორი. კანცეროგენები არღვევენ უჯრედთა სტრუქტურასა და ფუნქციას (ცვლიან დნმ-ს), რის შედეგადაც დაზიანებული უჯრედი მალიგნიზაციისკენ მიდრეკილებას იძენს. იმავე კანცეროგენის განმეორებითი ზემოქმედება იწვევს უჯრედის დაყოფის, ზრდისა და დიფერენცირების უნარის მაკონტროლებელი მექანიზმების შეუქცევად დარღვევას, რის შედეგადაც უჯრედი იძენს თვისებებს, რომლებიც ორგანიზმის ნორმალური უჯრედებისთვის არ არის დამახასიათებელი. კერძოდ, სიმსივნური უჯრედები იძენენ უკონტროლო დაყოფის უნარს, ქსოვილები კარგავენ სპეციფიკურ სტრუქტურასა და ფუნქციონალურ აქტივობას და სხვა. სიმსივნეს ახასიათებს დიფერენცირების უნარის მუდმივი დაქვეითება, უკონტროლო დაყოფის უნარის მატება და მეტასტაზირება.

სტრუქტურა
კარცინომის შენება ბევრად არის დამოკიდებული იმ ორგანოს უჯრედთა სტრუქტურულ-ფუნქციონალურ თავისებურებებზე, რომლისგანაც იგი განვითარდა. გარესამყაროსთან კონტაქტში მყოფი უჯრედებისგან (კანის ეპითელიუმი, პირის, საყლაპავის, ხორხის, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი) ვითარდება მრავალშრიანი კარცინომა, ბრტყელი (როგორც გარქოვანებული, ისე გაურქოვანებელი) ეპითელიუმისგან – ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (ბრტყელუჯრედოვანი კიბო), ჯირკვლოვანი ქსოვილის (ბრონქების ჯირკვლები, სარძევე ჯირკვლები, პროსტატა) უჯრედებისგან კი – ჯირკვლოვანი სტრუქტურის მქონე სიმსივნე ადენოკარცინომა.
დიფერენცირების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ:

  • მაღალდიფერენცირებულ სიმსივნეს;

  • საშუალოდ დიფერენცირებულ სიმსივნეს;

  • დაბალდიფერენცირებულ სიმსივნეს;

  • არადიფერენცირებულ სიმსივნეს.

მაღალდიფერენცირებული სიმსივნისთვის დამახასიათებელია იმ ქსოვილის მსგავსი შენება, რომლისგანაც არის წარმოქმნილი, საშუალო და დაბალდიფერენცირებული სიმსივნეები კი ნაკლებად ჰგავს საწყის ქსოვილებს. ზოგჯერ სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედული და ქსოვილოვანი ატიპიზმი ისე მკვეთრად არის გამოხატული, რომ სიმსივნის ქსოვილოვანი ბუნების დადგენა შეუძლებელია (არადიფერენცირებული სიმსივნე). ასეთ სიმსივნეებს, წესისამებრ, ახასიათებს ავთვისებიანობის მაღალი ხარისხი (მეტასტაზების განვითარების უნარი).
სიმსივნის სტრუქტურაში სტრომისა (შემაერთებელი ქსოვილი) და პარენქიმის (სისმსივნური უჯრედები) თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ მარტივ კიბოს, რომელშიც სტრომა და პარენქიმა ერნაირად არის განვითარებული, მედულარულ კიბოს, რომლის სტრუქტურაშიც ჭარბობს პარენქიმა და ფიბროზულ კიბოს, რომელშიც სტრომა ჭარბობს.
ზოგიერთი (განსაკუთრებით – მაღალდიფერენცირებული) კიბოს უჯრედებს შენარჩუნებული აქვს საწყისი ქსოვილის ფუნქცია. მაგალითად, ადენოკანცერომას – ჯირკვლოვანი ქსოვილის კიბოს – შეუძლია ლორწოს პროდუცირება.
სიმსივნე ლიმფოგენურად მეტასტაზირდება პარაკავალურ, პარააორტულ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლის კარის ლიმფურ კვანძში. თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვასკულარიზაცია და სხვა ორგანოებში სწრაფი მეტასტაზირება. მეტასტაზები პირველად ჩნდება ფილტვებში, შემდეგ – ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში.

კლასიფიკაცია
კარცინომის კლასიფიკაცია TNM სისტემით ხდება. ამ სისტემაში სიმსივნის გავრცელება, ლოკალური და შორეული მეტასტაზების არსებობა რიცხვებით არის გამოხატული.
T -tumor (ლათ. სიმსივნე) – აღწერს სიმსივნის კერას და ახდენს მის კლასიფიცირებას:

  • Tis (in situ) an T0 – კარცინომა, რომელიც არ არის ჩაჭრილი ეპითელიუმის ბაზალურ შრეში;
  • T1-4 – მიუთითებს სიმსივნური კერის განვითარების სხვადასხვა ხარისხზე;
  • Tx – გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა გამოვლენილია მეტასტაზები, მაგრამ ძირითადი კერა აღმოჩენილი არ არის. დღესდღეობით მას პრაქტიკულად არ იყენებენ.

N – nodulus (კვანძი) – მიუთითებს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობაზე.

  • Nx – რეგიონული მეტასტაზები ჯერ არ გამოვლენილა, მათი არსებობა უცნობია;
  • N0 – მეტასტაზების აღმოსაჩენად ჩატარებულ კვლევას რეგიონული მეტასტაზები არ გამოუვლენია.
  • N1 – გამოვლენილია რეგიონალური მეტასტაზები.

M – metastasis – მიუთითებს შორეული (კერიდან დაშორებულ ლიმფურ კვანძებში, სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში) მეტასტაზების არსებობაზე:

  • Mx – შორეული მეტასტაზები არ გამოვლენილა, მათი არსებობა უცნობია;
  • M0 – მეტასტაზების აღმოსაჩენად ჩატარებულ კვლევას შორეული მეტასტაზები არ გამოუვლენია.
  • M1 – გამოვლენილია შორეული მეტასტაზები.

P, G – ზოგიერთი ორგანოსა და სისტემისთვის გამოიყენება დამატებითი პარამეტრები, რომლებიც ახასიათებს სიმსივნური უჯრედების დიფერენცირების ხარისხს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კიბოს სიმპტომატიკა დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობაზე, მისი ზრდის ხარისხსა და მეტასტაზების არსებობაზე. კარცინომის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • განსაზღვრულ უბანში კანის ცვლილება მზარდი, ირგვლივ ჰიპერემიული შესივების სახით. შესივება შესაძლოა დაწყლულდეს და არ დაექვემდებაროს მკურნალობას;
  • ხმის ტემბრის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება, შეტევითი ხასიათის ხველა, ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში;
  • წონის კლება, მადის დაქვეითება, არამოტივირებული სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მყარი მატება, ანემია, სარძევე ჯირკვლის გამკვრივება და დვრილებიდან სისხლიანი გამონადენი, სისხლიანი გამონადენი შარდის ბუშტიდან, შარდვის გაძნელება და სხვა.

გამოყოფენ კარცინომის შვიდ გამაფრთხილებელ ნიშანს. მათი არსებობა სასიკვდილო დიაგნოზს არ ნიშნავს, მაგრამ გამოკვლევა აუცილებელია, ამიტომ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ნიშანი მაინც:
1. უჩვეულო მოვლენები ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის დროს;
2. დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობა (წყლული);
3. უჩვეულო სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი (შარდში სისხლის არსებობისას აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება);
4. გამკვრივება ან სიმსივნური წარმონაქმნი მკერდზე ან სხვაგან;
5. საჭმლის მონელების დარღვევა ან ყლაპვის გაძნელება;
6. ხალის ან მეჭეჭის შესამჩნევი ცვლილება;
7. შემაწუხებელი ხველა.

ტკივილი იშვიათად არის კარცინომის ადრეული სიმპტომი, ამიტომ თუ დიდი ხანია შეამჩნიეთ თუნდაც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, ნუ დაელოდებით ტკივილის აღმოცენებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სადღეისოდ მედიცინაში ცნობილია 500-მდე ონკოლოგიური დაავადება.

 

Facebook კომენტარები