საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL; SALBUTAMOL; GUAIFENESIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……………         15 მგ

სალბუტამოლის სულფატი ………………………      2 მგ

(სალბუტამოლის ეკვივალენტური)

გვაიფენეზინი ……………………………………     100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Ponceau 4R (E124).

სიროფი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ………………..15 მგ

სალბუტამოლის სულფატი  ……………………….1 მგ

(სალბუტამოლის ეკვივალენტური)

გვაიფენეზინი ………………………………………50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, თხევადი გლუკოზა, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის არომატიზატორი, საღებავი Sunset Yillow FCF (E110),  გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელონი წარმოადგენს ბრონქოლიზურ, მუკოლიზურ და ამოსახველებელ საშუალებას.

პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებები.

ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი, იგი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელური ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს, რის გამოც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. მუკოცილიარული ტრანსპორტის გაძლიერების გამო ხელს უწყობს ტრაქეობრონქული ხის განთავისუფლებას ნახველისაგან.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სალბუტამოლი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტურ საშუალებას. იგი სელექტიურად მოქმედებს ბრონქების ბეტა-2 რეცეპტორებზე იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და ამ გზით ამცირებს წინაღობას ზედა სასუნთქ გზებში, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას.

გვაიფენეზინს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს სასუნთქი გზების განთავისუფლებას ნახველისაგან.

ფარმაკოკინეტიკა:

ამბროქსოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. ყველაზე მაღალ კონცენტრაციას ამბროქსოლი აღწევს ფილტვებში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პრეპარატის 90% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ამბროქსოლის მოქმედება იწყება 30 წთ-ში და გრძელდება 6-12 საათს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მესამე დღეს.

სალბუტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 10%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. ღვიძლში განიცდის პირველად დაშლას. მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად.

გვაიფენეზინი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.

ჩვენებები:

  • პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბრონქული ასთმა;
  • ბრონქოექტაზია;
  • ბრონქიოლიტი;
  • მუკოვისციდოზი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები:

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში – 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

სიროფი:

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5 მლ 3-ჯერ დღეში;

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში – 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია;

სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი;

ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*  გულის პათოლოგიები;

* ჰიპერთირეოიდიზმი;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* მწვავე პორფირია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის 28 კვირის შემდგომ პერიოდში ჩატარებულმა კლინიკამდელმა და კლინიკურმა კვლევებმა ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედება ორსულებზე არ გამოავლინა.

* სალბუტამოლის გამოყენება აკრძალულია ორსულობის I და II ტრიმესტრში სპონტანური აბორტის შესაძლო განვითარების გამო, III ტრიმესტრში პლაცენტის ნაადრევი აშრევებისა და სისხლდენის საშიშროების არსებობისას, ასევე III ტრიმესტრის ტოქსიკოზის დროს.

* სალბუტამოლი გადადის დედის რძეში, ამის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ბავშვზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების, QT-ინტერვალის გახანგრძლივებისადმი მიდრეკილების და ჰიპერტენზიის დროს.

* გვაიფენეზინი არ გამოიყენება პერსისტიული ხველის დროს, რომელიც განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით, ბრონქული ასთმით, ემფიზემით, ჭარბი ბრონქული სეკრეციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დანიშვნა და გამოყენება ხდება მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

* ხანგრძლივად მიმდინარე ხველა შესაძლებელია იყოს რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი. თუ ხველა გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს, აღინიშნება მისი გაძლიერება ან ხველას დაერთო ცხელება, გამონაყარი, თავის ტკივილი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

* ექიმის კონსულტაციის გარეშე გვაიფენეზინი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის დროს. იგი არ გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამბროქსოლი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი) შეღწევადობას სასუნთქ სისტემაში.

–  ამბროქსოლი ეფექტურად გამოიყენება დოქსიციკლინთან კომბინაციაში.

– მელონის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებში ნახველის დაგროვება.

– სალბუტამოლის გამოყენებისას სხვა ბეტა-2 აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებსა და ქსანთინებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

– თეოფილინთან კომბინაციაში მატულობს ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიების  განვითარების რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

Facebook კომენტარები