MEDOCHEMIE

ანოტაცია

ნიუკლავი (NEWCLAV)  1გ შემოგარსული ტაბლეტები

ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის  შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.  იხილეთ ქვეთავი  4.

შინაარსი:

1) რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება

2) რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე

3) ნიუკლავის მიღების წესი

4) მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5) ნიუკლავის შენახვის პირობები

6) შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება

ნიუკლავი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. მის შემადგენლობაში შედის ორი სხვადასხვა პრეპარატი: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „პენიცილინი“, რომლის მოქმედება ზოგჯერ შეიძლება შეჩერებულ იქნას (მოხდეს ინაქტივაცია).  მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამ პროცესს. 

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:  

  • შუა ყურის და სინუსის ინფექციები
  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • საშარდე გზების ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის პირის ღრუს ინფექციები
  •  ძვლებისა და სახსრების ინფექციები

2. რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის  მიღებამდე

არ მიიღოთ ნიუკლავი: 

  • თუ გაქვთ ალერგია  ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 ქვეთავში ); 
  • თუ წარსულში გქონდათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი ან სახისა თუ ყელის შეშუპება.
  • თუ წარსულში ჰქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.

არ მიიღოთ ნიუკლავი, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში ნიუკლავის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე  აუცილებელია სამედიცინო  კონსულტაცია, თუ: 

  • გაქვთ  ინფექციური მონონუკლეოზი.
  • ჩატარებული გაქვთ მკურნალობა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით.
  • გაქვთ შარდვის  დარღვევები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება გეხებათ თქვენ, ნიუკლავის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგ შემთხვევაში ექიმს შეუძლია ჩაატაროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ანალიზი. ანალიზის შედეგების მიხედვით, თქვენ დაგენიშნებათ ნიუკლავის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.

მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა

ნიუკლავს შეუძლია დაამძიმოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოქმედება. აღნიშნული ითვალისწინებს ალერგიულ რეაქციებს, კონვულსიებს (კრუნჩხვა) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნიუკლავის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხილეთ ქვეთავი 4 „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.

სისხლისა და შარდის ანალიზები

აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ ნიუკლავს, თუ გეგმავთ სისხლის ანალიზის (მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედების ან ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზი) ან შარდის ანალიზის (გლუკოზა) ჩატარებას. ნიუკლავს  შეუძლია გავლენა იქონიოს აღნიშნული სახის ანალიზების შედეგებზე.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუკლავი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება.

  • ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ნიუკლავის ერთდროულად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
  • თუ ღებულობთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის დროს), ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს  ნიუკლავის დოზა.
  • იმ შემთხვევაში, თუ ნიუკლავთან ერთად იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის  თრომბის წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზის ჩატარება.
  • ნიუკლავს შეუძლია გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
  • ნიუკლავს შეუძლია გავლენა იქონიოს მიკოფენოლატი მოფეტილის (სამკურნალო საშუალება გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად) მოქმედებაზე.

ორსულობა  და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

ნიუკლავს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, რომლის სიმპტომებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე. 

არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.

3. ნიუკლავის მიღების  წესი

მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები:

  • სტანდარტული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ
  • დიდი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ

ბავშვები:

40 კგ და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: როგორც მოზრდილების შემთხვევაში

40 კგ და 40 კგ-ზე  ნაკლები  წონის ბავშვები: 6 წლის ან ნაკლები ასაკის ბაშვებისთვის რეკომენდებულია  პერორალური სუსპენზიის მიღება.

40 კგ-ზე  ნაკლები  წონის ბავშვების შემთხვევაში,  ნიუკლავის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. 25 კგ-ზე ნაკლების წონის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ტაბლეტებით მკურნალობა.

თირკმლის და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:

  • თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი. 
  • ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად.

ნიუკლავის მიღების წესი:

  • გადაყლაპეთ  მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან  ერთად საკვების მიღების დაწყებისას ან ცოტა ადრე.
  • გაანაწილეთ დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით.  არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
  • არ მიიღოთ ნიუკლავი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. 

დოზის გადაჭარბება

ნიუკლავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს კუჭის აშლას (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კონვულსიას. დაუყონებლივ  მიმართეთ მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის ფლაკონი ან კოლოფი.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე.

არ მიიღოთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიიღეთ დაახლოებით 4 საათის შემდეგ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა კომპენსაციის მიზნით.

ნიუკლავის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ არის განადგურებული, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:

ალერგიული რეაქციები:

  • გამონაყარი კანზე
  • სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან მეწამული მზარდი ლაქებით, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.
  • ცხელება, სახსრების ტკივილი, ყელში, იღლიაში ან საზარდულში ჯირკვლების შეშუპება.
  • შეშუპება, ზოგჯერ სახისა და პირის ღრუს არეში (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
  • მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი).

აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.  შეწყვიტეთ  ნიუკლავის მიღება.

მსხვილი ნაწლავის ანთება

 მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, როგორც წესი, სისხლის და ლორწოს თანხლებით, კუჭის ტკივილი ან/და ცხელება.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  10- დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • დიარეა (მოზრდილებში)

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  10- დან 1 პაციენტში):

  • კანდიდოზი (კანდიდას  ინფექცია საშოში, პირის ღრუში  ან კანზე)
  • ღებინების შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

აღნიშნული მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, ნიუკლავი მიიღეთ საკვების მიღებამდე. 

  • ღებინება
  • დიარეა (ბავშვებში)

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  100-დან 1 პაციენტში):

  • გამონაყარი კანზე, ქავილი
  • მზარდი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
  • დისპეფსია
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი

არახშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში

  • ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტის) დონის მომატება

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  1000-დან 1 პაციენტში):

  • გამონაყარი კანზე ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო კანის აქერცლილი უბნებით – მულტიფორმული ერითემა).

აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში

  • სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა.
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.

უცნობი სიხშირის  გვერდითი მოქმედებები (მათი  გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება  არსებული მონაცემებით)

  • ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
  • მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
  • ტვინის გარსების ანთება (ასეპტიური მენინგიტი)
  • სერიოზული კანის რეაქციები:
    • კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალებისა და გენიტალიების არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც გამოიხატება კანის ფართო უბნების აქერცვლით (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
    • კანის ფართო უბნებზე გავრცელებული წითელი ფერის გამონაყარი წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
    •  წითელი,  ქერცლოვანი გამონაყარი კანზე, კანქვეშ ჩაღრმავებებით და წყლულებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
    • გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამონაყარი, ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, ცვლილებები სისხლში ანალიზის საფუძველზე (მათ შორის  სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია ) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (წამლისმიერი გამონაყარი  ეოზინოფილიითა  და სისტემური სიმპტომებით (DRESS))

აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. 

  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში გამომუშავებული ნივთიერება) დონის მომატებით, რაც იწვევს კანისა და თვალის სკლერების   სიყვითლეს.
  • თირკმლის ფიალების ანთება.
  • სისხლის შედედების დროის გაზრდა.
  • ჰიპერაქტიურობა.
  • კონვულსიები (ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავის დიდი დოზების მიღების ან თირკმლის პრობლემების შემთხვევაში)
  • შავი თმიანი ენა

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში

  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის  მკვეთრი  შემცირება
  • სისხლის წითელი უჯრედების შემცირება  (ჰემოლიზური ანემია)
  • კრისტალები შარდში

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

5. ნიუკლავის   შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა  და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ნიუკლავი:  

  • აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით  და კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის  სახით. ნიუკლავი 1გ შემადგენლობაში შედის 875 მგ  ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით  და 125 მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის  სახით.
  • სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 105, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული პოლივინილის სპირტი,მაკროგოლი 4000, ტალკი, ლეციტინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ნიუკლავის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი  ფერის, ამობურცული, კაფსულის  ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები.

ნიუკლავის 1 გ ტაბლეტები დაფასოებულია ალუმინის-პოლივინილქლორიდის-ალუმინის ბლისტერებში, თითოზე 7  ტაბლეტი. შეფუთვაში წარმოდგენილია 14 ტაბლეტი ინსტრუქციასთან ერთად. 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10

კომპანია, რომელიც ღებულობს მომხმარებელთა  პრეტენზიებს ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე:

შპს „ნიუ ფარმა“

იურიდიული მისამართი: საქართველო, გორი, ცაბაძის ქ., კორ. 5,  ბ. 32.

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.# 18

ტელ/ფაქსი: +995 (32)210 88 18

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას  შპს „ნიუ ფარმა“. 

რჩევა/სამედიცინო მითითება

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით  გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ისინი არ მოქმედებენ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.

ზოგჯერ ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით ჩატარებულ მკურნალობას. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერია რეზისტენტულია მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩნენ და გამრავლდნენ კიდეც, მიუხედავათ ანტიბიოტიკისა. 

ბაქტერია შეიძლება გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ სხვადასხვა მიზეზით. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენებისას შეიძლება შევამციროთ ანტიბიოტიკის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის შესაძლებლობა. 

ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით თერაპიის კურსი გამიზნულია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ.

შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ბაქტერიის რეზისტენტობის პრევენცია, რომელიც იწვევს ანტიბიოტიკის მოქმედების შეწყვეტას. 

  1. მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება დანიშნული დოზით, დანიშნულ დროს და ხანგრძლივობით. წაიკითხეთ ინსტრუქცია ეტიკეტზე და ნებისმიერ საკითხზე გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
  2. არ მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის არ არის გამოწერილი პირადად თქვენთვის და მიიღეთ ის მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვის დაინიშნა. 
  3. არ მიიღოთ სხვა პირებისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინფექცია თქვენსას ემთხვევა.
  4. არ გადასცეთ თქვენთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი სხვა პირებს. 
  5. ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები გადაეცით ფარმაცევტს სათანადო წესით უტილიზაციისთვის.
Facebook კომენტარები