თვალების სიმეტრიულ მოძრაობას მათი მამოძრავებელი კუნთების სიმეტრიული და სინქრონული მუშაობა განაპირობებს. როცა მამოძრავებელი კუნთოვანი აპარატი ისვენებს და ყოველგვარი ნერვული ფაქტორის გავლენა მოხსნილია, თვალებს ე.წ. საშუალო მდებარეობა უკავიათ. ასეთ მდებარეობას ორთოფორიას – კუნთოვან წონასწორობას უწოდებენ. როცა კუნთების ტონუსი არათანაბარია, მათი მოქმედების ჰარმონია ირღვევა. სწორედ კუნთოვანი წონასწორობის დარღვევა ვლინდება ფარული ან ცხადი სიელმით.
სიელმე თვალის დაავადებაა, რომელსაც ცალი ან ორივე თვალის ცენტრალური ღერძის გადახრა ახასიათებს. ამ დროს თვალები არა ერთი და იმავე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით იყურება და ადამიანი ვერ ახერხებს მზერის ფოკუსირებას იმ საგანზე, რომელსაც უცქერს.
სიელმე უმეტესად 2-3 წლის ბავშვებს უვითარდებათ. ეს ის ასაკია, როცა ხდება ორივე თვალის შეუღლებული მუშაობის ფორმირება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სიელმე ყოველ 50-ე ბავშვს აქვს.
სიელმე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი სიელმის მიზეზებია:

  • გენეტიკური ფაქტორი (დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა);
  • მუცლადყოფნის პერიოდში მიღებული ტრავმა ან გადატანილი ინფექციური დაავადება;
  • ნაადრევი მშობიარობა (დღენაკლულ ბავშვს თვალის მამოძრავებელი კუნთები შესაძლოა სათანადოდ არ ჰქონდეს ჩამოყალიბებული);
  • ნაყოფის ასფიქსია;
  • სამშობიარო ტრავმა;
  • არცთუ იშვიათად ახალშობილთა სიელმის მიზეზად იქცევა სწრაფი მშობიარობაც.

შეძენილი სიელმე შეიძლება გამოიწვიოს:

  • ამა თუ იმ ინფექციურმა დაავადებამ, სეფსისმა;
  • თავის ტვინის ტრავმამ, დამწვრობამ;
  • ინსულტმა;
  • ფსიქოლოგიურმა სტრესმა;
  • თვალის მამოძრავებელი კუნთების ანთებითმა, სისხლძარღვოვანმა ან სიმსივნურმა პათოლოგიამ;
  • ახლომხედველობამ, შორსმხედველობამ ან ასტიგმატიზმმა, როცა მათი კორექცია არასწორად ტარდება ან გვიანდება.

კლასიფიკაცია
სიელმე ან შეუღლებულია, ან მონოკულარული. პირველი ფორმის დროს ორივე თვალის მამოძრავებელი კუნთების ფუნქცია შეუზღუდავია – მიუხედავად სიელმისა, თითოეული თვალი ყოველი მიმართულებით სრული დიაპაზონით მოძრაობს. სიელმის ეს ფორმა ყველაზე ხშირად თვალების აგებულების თავისებურებას უკავშირდება, მემკვიდრეობითი ხასიათისაა და უმთავრესად ბავშვებს უვლინდება.
იმის კვალობაზე, რომელ მხარეს არის გადახრილი თვალი, სიელმე შეიძლება იყოს:

  • შიგნითა (ხშირად – შორსმხედველობასთან შერწყმული), როცა ერთ-ერთი თვალი ცხვირისკენ იხრება;
  • გარეთა (ხშირად – ახლომხედველობასთან შერწყმული), როცა ერთ-ერთი თვალი იხრება საფეთქლისკენ;
  • ვერტიკალური, როცა თვალი იხრება ზევით ან ქვევით.

სიმპტომები
შეუღლებული სიელმის დროს ბავშვს თავდაპირველად გამოსახულების გაორება აწუხებს, მაგრამ ეს სიმპტომი მალე გაივლის.
ნორმაში ორივე თვალი ერთ წერტილზე ფოკუსირდება, მაგრამ თითოეული მათგანი ტვინს გამოსახულებას თავ-თავისი ხედვის წერტილიდან გადასცემს, ტვინი კი ამ ორ გამოსახულებას აერთიანებს და აღიქვამს როგორც ერთ მთლიანს. თითოეულ თვალს ექვს-ექვსი კუნთი აქვს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ მათ მოძრაობას, ტვინი კი თორმეტივე კუნთს აკონტროლებს, რათა ორივე თვალმა ერთი მიმართულებით იყუროს. სწორედ ამ კუნთების შეთანხმებული მუშაობის მეოხებით ახერხებს ტვინი მარჯვენა და მარცხენა თვალიდან მიღებულ გამოსახულებათა გაერთიანებას. სიელმის დროს კი ეს პროცესი დარღვეულია და გამოსახულება გაორებულად აღიქმება, მაგრამ ბავშვის ტვინი სწრაფად რეაგირებს – ელამ თვალს “აზარმაცებს” ანუ მასში მხედველობას აქვეითებს და მის მიერ მიწოდებულ გამოსახულებას თრგუნავს.
სიელმის დროს, როცა ცალი თვალი რაიმეს უცქერს, მეორე რომელიმე მხარეს არის გადახრილი. ამას პირველად გადახრას უწოდებენ. თუ საღ თვალს დავხუჭავთ, ელამი გასწორდება და მზერას საფიქსაციო წერტილზე შეაჩერებს, საღი თვალი კი გადაიხრება. ეს მეორეული გადახრაა.

პარალიზური სიელმე
პარალიზური სიელმის დროს თვალების არასწორი მდებარეობა გამოწვეულია მისი მამოძრავებელი ერთი ან რამდენიმე კუნთის დამბლით ან პარეზით (ვთქვათ, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გამო). შეუღლებული სიელმისგან განსხვავებით, პარალიზურის დროს დადამბლავებული კუნთის მხარეს თვალის მოძრაობა ან შეზღუდულია, ან საერთოდ წყდება, ხოლო თვალის მეორეული გადახრის კუთხე პირველადზე მეტია – როცა ადამიანი რაიმე საგანს ათვალიერებს, მისი დაავადებული თვალი ან ცუდად მოძრაობს, ან სრულიად უძრავია, ჯანმრთელს კი დიდი კუთხით უწევს გადახრა. აღინიშნება მხედველობის გაორება (დიპლოპია), რომელიც იმდენად აუტანელია, რომ ავადმყოფი იძულებულია, სიელმის საკომპენსაციოდ და გაორების თავიდან ასაცილებლად დაზიანებული თვალი აიხვიოს ან თავი მიაბრუნოს. პარალიზური სიელმის მქონე მოზრდილს პრაქტიკულად ყოველთვის აღენიშნება გაორება, რადგან ზრდასრული ადამიანის ტვინს შეგუების უნარი შეზღუდული აქვს.

ფარული სიელმე

ფარული სიელმის – ჰეტეროფორიის დროს ანომალია გარეგნულად თითქმის არ ჩანს, მას მხოლოდ სპეციალური ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ავლენს. ფარული სიელმის დროს ბინოკულარული მხედველობა ნორმალურია და ფუზიური მოძრაობები (ასე უწოდებენ თვალების უნებლიე უმნიშვნელო მოძრაობებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ყვითელი ხალის გარეთ მოხვედრილი შორეული საგნების გამოსახულება ყვითელი ხალის მიდამოში იქნეს გადატანილი. ამგვარად ერთიანდება თვალების მიერ ცალ-ცალკე მიწოდებული გამოსახულებანი) თვალების სიმეტრიულ მდებარეობას უზრუნველყოფს, მაგრამ საკმარისია, ერთ-ერთი მათგანი ხელის დაფარებით გამოითიშოს ბინოკულარული მხედველობიდან, რომ ის უმალვე გადაიხრება რომელიმე მხარეს და ფარული სიელმე ცხადი გახდება, ბინოკულარული მხედველობის აღდგენისას კი მყისვე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.
იმის მიხედვით, რომელ მხარეს გადაიხარა თვალი, განასხვავებენ ეზოფორიას (თვალის გადახრას შიგნით), ეგზოფორიას (თვალის გადახრას გარეთ), ჰიპერფორიას (თვალის გადახრას ზემოთ) და ჰიპოფორიას (თვალის გადახრას ქვევით). ამათგან ყველაზე ხშირია ეგზოფორია.
ჰეტეროფორიის მიზეზი შეიძლება იყოს თვალბუდისა და თვალის კუნთების ინდივიდუალური ანატომიური აგებულება, თვალის კაკალზე მიმაგრებისა და ინერვაციის თავისებურებანი. მის განვითარებას ხელს უწყობს ამეტროპია (შორსმხედველობა და ახლომხედველობა).
დაბალი ხარისხის ჰეტეროფორია ხშირია და არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. მაღალი ხარისხის ფარული სიელმე კუნთოვანი ასთენოპიის ნიშნებით ვლინდება: თვალების სწრაფი დაღლით ახლო მანძილზე მუშაობისას, თავის ტკივილით, საგნების პერიოდული გაორებით, სტერეოსკოპიული მხედველობის დარღვევით. ამ სიმპტომების აღმოცენებას ხელს უწყობს ორგანიზმის დასუსტება, მხედველობის ჰიგიენის დაუცველობა და სხვა.
თუ ფარულ სიელმეს უსიამოვნო შეგრძნება სდევს თან, მკურნალობა აუცილებელია. ამეტროპიის შემთხვევაში სათანადო საკორექციო სათვალეს და საგანგებო ვარჯიშებს უნიშნავენ.

დიაგნოსტიკა
მართალია, სიელმე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ მისი მიზეზისა და ფორმის დასაზუსტებლად, რაც მკურნალობის მართებული მეთოდის შესარჩევად აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. ექიმი განსაზღვრავს მხედველობის სიმახვილეს, დაადგენს თვალის გადახრის კუთხეს და სხვა.

მკურნალობა
სიელმე დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, ის ხშირად რთულდება ამბლიოპიით (ზარმაცი თვალით) – ელამ თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითებით, რაც თვალის კუნთებზე მხედველობითი დატვირთვის უკმარისობით არის გამოწვეული. ასე რომ მკურნალობა აუცილებელია.
2-3 თვემდე სიელმე არც ისე საშიშია, – ამ ასაკში თვალის კუნთთა ფუნქციები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, რასაც დროდადრო სიელმემდე მივყავართ, – მაგრამ თუ 3 თვის ბავშვს აღენიშნება მუდმივი სიელმე (თვალი მუდმივად გადახრილია და არ სწორდება), პატარა აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ოფთალმოლოგს.
არის შემთხვევები, როცა 1-დან 3 წლამდე ასაკის პატარები პერიოდული სიელმის გამო მიჰყავთ ოფთალმოლოგთან, გამოკვლევა კი აჩვენებს, რომ არავითარი პათოლოგია ბავშვს არ აქვს. ეს მოჩვენებითი სიელმეა, რომელსაც სახის წყობის თავისებურება განაპირობებს. საქმე ის არის, რომ ამ ასაკში თვალები საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ცხვირის ფუძე კი ფართოა და როცა ბავშვი ოდნავ გვერდზე იცქირება, გვეჩვენება, რომ ცალი თვალი ცხვირისკენ იხრება. იმის გარკვევა, მოჩვენებითი სიელმეა ეს თუ ჭეშმარიტი, ექიმს უნდა მივანდოთ.
სიელმის სამკურნალოდ მიმართავენ:

  • თვალის ახვევას – ბავშვს რამდენიმე ხნით უხვევენ ჯანმრთელ თვალს, რათა ტვინი აიძულონ, ელამი თვალით იმუშაოს. დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა სუსტ თვალთან მუშაობას და მხედველობა უმჯობესდება. ოღონდ მკურნალობის ამ მეთოდმა შედეგი რომ გამოიღოს, ის ადრეულ ასაკშივე უნდა გამოვიყენოთ – მანამდე, სანამ ბავშვს ამბლიოპია ჩამოუყალიბდება;
  • სათვალის ტარებას – თუ პაციენტს რეფრაქციული ანომალია არ აქვს, სათვალის ტარება არ დასჭირდება. რეფრაქციული ანომალიების თანდართვისას კი ეს აუცილებელია. თუ ბავშვმა ექიმის მიერ გამოწერილი სათვალე არ გაიკეთა, სიელმე გაღრმავდება და შესაძლოა, ამბლიოპია განვითარდეს, თვალის გაზარმაცების შემთხვევაში კი მხედველობას სწორად შერჩეული სათვალეც კი ვეღარ გამოასწორებს, ამბლიოპიის განკურნება მხოლოდ სპეციალური აპარატურით იქნება შესაძლებელი;
  • თვალის ვარჯიშს სპეციალური აპარატურის დახმარებით;
  • ოპერაციას – თუ არაქირურგიული მეთოდებით სიელმის გამოსწორება ვერ მოხერხდა (რისი დადგენაც მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია), ბუნებრივია, ოპერაციული ჩარევა იქნება საჭირო. ოპერაციას თავისი დრო აქვს, რასაც ექიმი განსაზღვრავს – არც დაგვიანებაა სასურველი და არც მეტისმეტად ადრე გაკეთება. ოპერაციის ეფექტი შეიძლება დროებითი იყოს, ამიტომ ის ოფთალმოლოგთან შემდგომი მკურნალობით უნდა გამყარდეს.

მკურნალობის მეთოდის შერჩევა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – პაციენტის ასაკზე, სიელმის მიზეზებზე, გადახრის ხარისხზე.
სიელმე თავისთავად არ გაივლის, ამიტომ სასურველია, მკურნალობა რაც შეიძლება ადრე დაიწყოს. თუ არაქირურგიული მეთოდებით მკურნალობა დროულად დაიწყო, ასიდან დაახლოებით 80 შემთხვევაში სიელმე ყოველგვარი ოპერაციის გარეშე სწორდება.

პროფილაქტიკა

  • 1 წლიდან 1,5 წლამდე ასაკის ბავშვები აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ოფთალმოლოგს;
  • ახლომხედველობის, შორსმხედველობისა თუ ასტიგმატიზმის შემთხვევაში მუდმივად ვატაროთ ექიმის მიერ შერჩეული სათვალე;
  • სიელმეზე ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი მივმართოთ ოფთალმოლოგს;
  • ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის დანიშნულება.

Facebook კომენტარები