მედიკამენტური
სისხლდენა

პაციენტებს, რომლებიც იღებენ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტებს), შესაძლოა დაეწყოთ სისხლდენა.
ანტიკოაგულანტები სამკურნალო საშუალებებია, რომლებიც თრგუნავს სისხლის შედედების სისტემის აქტიურობას და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების პროცესის სხვადასხვა რგოლზე ზემოქმედებს. სისხლის შედედებას ანელებს, მაგრამ ანტიკოაგულანტებს არ მიეკუთვნება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის სალიცილატი, აცეტილ-სალიცილის მჟავა – საყოველთაოდ ცნობილი ასპირინი. ამ პრეპარატებს ფართოდ და წარმატებით იყენებენ ფილტვისა და მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოემბოლიური ინსულტის, თრომბოფლებიტისა და სხვა დაავადებების დროს. ისინი პროფილაქტიკურად ინიშნება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლძარღვების, გულის რევმატული და მიტრალური მანკების შემთხვევაში, ასევე – ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. მათი დანიშვნის უკუჩვენებას წარმოადგენს წყლულოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადება, სისხლდენისკენ მიდრეკილება, ორსულობა. სისხლდენა ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გართულებაა, ამიტომ ექიმმა თერაპიის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეადაროს ერთმანეთს მედიკამენტის მარგებლობის კოეფიციენტი და შესაძლო ჰემორაგიული გამოვლინების პოტენციური ზიანი.

სიმპტომები

სისხლდენა უმეტესად უმნიშვნელოა, თუმცა უსიამოვნო. პაციენტი უჩივის ცხვირიდან სისხლდენას, ჩალურჯებას, ხანგრძლივ სისხლდენას უბრალო საყოფაცხოვრებო ჭრილობის მიღების, პირის გაპარსვის შემდეგ. ეს ყოველივე პაციენტმა წინასწარ უნდა იცოდეს და გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს ეს მოვლენები ნორმალურია. ძლიერი სისხლდენა ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას შედარებით იშვიათია. თუ ასეთმა პრობლემამ იჩინა თავი, შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

პროფილაქტიკა

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ყველამ, ვინც კი ანტიკოაგულაციურ თერაპიას იტარებს, სასურველია, თვეში ერთხელ მაინც გაიკეთოს კოაგულოგრამა. სასწრაფო გამოკვლევაა საჭირო, როდესაც სპონტანურად ჩნდება სილურჯეები, ვითარდება სისხლდენა, რომელიც ძნელად ჩერდება, თავს იჩენს ჰემატურია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რომელიმე ნიშანი ან სისხლიანი ხველა. ჭარბი ჰიპოკოაგულაციის (სისხლის შედედების უნარის დაქვეითება) აღმოფხვრა, როცა ის სისხლდენის გარეშე ან უმნიშვნელო სისხლდენით მიმდინარეობს, შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებით ან მისი მიღების დროებითი შეწყვეტით.
რაც შეეხება ჰეპარინს, უმჯობესია, მისი გამოყენება სტაციონარულ პირობებში მოხდეს, ვინაიდან არსებობს ჰემორაგიის განვითარების საფრთხე. ჰიპოკოაგულაციის შემთხვევაში საჭიროა ჰეპარინის დოზის შემცირება ინექციებს შორის ინტერვალების გაზრდის გარეშე. უფრო საიმედოა, თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ დაბალმოლეკულური ჰეპარინი – ფრაქსიპარინი (ნადროპარინი) და ინექციისას არ დაგვავიწყდეს პერიოდულად შედედების დროის განსაზღვრა (კოაგულოგრამის გაკეთება).

Facebook კომენტარები