სისხლდენა ქალებში

განასხვავებენ ქალის სასქესო ორგანოებიდან პათოლოგიური სისხლდენის სამ ტიპს. ესენია:
-ორგანული სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს (საშვილოსნოს მიომა, ადენომიოზი და ა.შ.), საკვერცხეების (ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები) პათოლოგიით ან სისტემური (კოაგულოპათია) დაავადებებით;
-დისფუნქციური სისხლდენები;
-იატროგენული სისხლდენა, რომელიც ჰორმონული და არაჰორმონული (ანტიაგრეგანტები, ანტიკოაგულანტები) პრეპარატების უკონტროლო მიღებას უკავშირდება.

დისფუნქციური სისხლდენის მიზეზები
დისფუნქციური სისხლდენა არც ორსულობას უკავშირდება, არც საშვილოსნოს ორგანულ დაავადებებს და არც სისტემურ დარღვევებს. მას საფუძვლად უდევს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული დარღვევები, კერძოდ, საკვერცხის ფუნქციობის მოშლა. საკვერცხეებში კვერცხუჯრედები ციკლურად მწიფდება. ამასთან ერთად, გამომუშავდება სასქესო ჰორმონებიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებაში. ნორმაში ციკლის ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე ვარირებს, სისხლდენის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 3-7 დღეა. სისხლის საერთო დანაკარგი ამ დროს 40-80 მლ-ს უტოლდება. აქედან გამომდინარე, დისფუნქციური სისხლდენის დიაგნოზს სვამენ მაშინ, როდესაც სისხლდენის ხანგრძლივობა 7 დღეზე მეტია, სისხლის დანაკარგი აღემატება 80 მლ-ს ან დარღვეულია სისხლიანი გამონადენის ციკლურობა.
დისფუნქციური სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს:
-ფსიქოგენური ფაქტორები და სტრესი;
-გონებრივი და ფიზიკური გადაღლა;
-მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია, მავნე პროფესიული ფაქტორების ზემოქმედება;
-მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი პროცესები;
-ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა და სხვა.
ასაკის მიხედვით განასხვავებენ საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის სამ ტიპს:
-სისხლდენა იუვენილურ პერიოდში (18 წლამდე);
-სისხლდენა რეპროდუქციულ პერიოდში (ანუ იმ ასაკში, როდესაც ქალის ორგანიზმი მზად არის ორსულობისთვის);
-სისხლდენა პრემენოპაუზასა და კლიმაქსურ (სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებისა და გაქრობის) პერიოდში.
იუვენილური და რეპროდუქციული ასაკის სისხლდენა შესაძლოა დაემთხვეს მენსტრუაციის ვადებს. მენსტრუაციისგან მას სისხლის შეუსაბამოდ დიდი დანაკარგი განასხვავებს. სხვა შემთხვევებში ის მენსტრუაციას არ ემთხვევა, ციკლი ირღვევა, მენსტრუაცია კი არარეგულარულია. იუვენილური სისხლდენების წილად პუბერტატული პერიოდის დაავადებათა დაახლოებით 10% მოდის. მათი 70-80% ბუნებით ანოვულატორულია. ანოვულაცია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის მოუმწიფებლობით არის განპირობებული.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში სისხლდენის მიზეზი უმეტესად ჰიპოფიზური და სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევაა. კლიმაქსური სისხლდენებისთვის დამახასიათებელია გამოვლენა მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ. ისინი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. კლიმაქსური პერიოდის სისხლდენები იმით არის საშიში, რომ ამ ასაკში სისხლდენის მიზეზი შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.

საშვილოსნოდან
სისხლდენის
გამომწვევი ორგანული
პათოლოგიები

ორგანული პათოლოგიებიდან სისხლდენას იწვევს:
-ენდომეტრიუმის დაავადებები – ქრონიკული ენდომეტრიტი;
-საშვილოსნოს მიომა;
-საშვილოსნოს ენდომეტრიოზი;
-საშვილოსნოს ტანის კიბო;
-საშვილოსნოსგარე ორსულობა;
-ტროფობლასტური დაავადება და სხვა.

საშვილოსნოსგარე
ორსულობა და
სისხლდენა

გლობალური სტატისტიკის მიხედვით, დღეს ორსულობათა დაახლოებით 1,5% საშვილოსნოსგარე ორსულობის წილად მოდის. საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა განვითარდეს ფალოპის მილში, საკვერცხეში, საშვილოსნოს ყელში, მუცლის ღრუში. უკანასკნელი სამი ფორმა იშვიათია. ასიდან 99 შემთხვევაში საშვილოსნოსგარე ორსულობა მილებში ლოკალიზდება. ძლიერ სისხლდენებსაც ყველაზე ხშირად სწორედ მილის ორსულობა იწვევს. საშვილოსნოსგარე ორსულობის ეს ფორმა ძლიერი სისხლდენის გამო შესაძლოა ლეტალურადაც კი დასრულდეს.
ამ შემთხვევაში თავდაპირველად ხდება დათვალიერება, რათა გამოირიცხოს ცვლილებები საშვილოსნოს ყელში (პოლიპები, ცერვიციტები, სიმსივნეები), საშოში (ტრავმა, უცხო სხეული, ატროფიული კოლპიტები და სხვა) და სწორ ნაწლავში. მომდევნო ეტაპზე გამორიცხავენ სისხლდენის ორგანულ მიზეზებს – საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიას, ორსულობის გართულებებს, ჰორმონული და არაჰორმონული პრეპარატების არასასურველ ზემოქმედებას. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის კლინიკურ და ბიოქიმიურ ანალიზებს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიურ გამოკვლევას. სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში იკვლევენ სისხლში ონკომარკერების – ცა-125, ცა-19-9-ს – დონეს. შემდგომი ტაქტიკა საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიის არსებობა-არარსებობაზე, მათ ხასიათსა და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.

სისხლდენა
ორსულობისას

მშობიარის სიკვდილის მიზეზებს შორის სისხლდენა დღესაც უდიდეს პრობლემად რჩება. სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა მოსალოდნელია ორსულობის როგორც პირველ, ასევე მეორე ნახევარში. მიზეზი სხვადასხვაა. ორსულობის პირველ ნახევარში სისხლდენა უმთავრესად განპირობებულია თვითნებური აბორტით, შედარებით იშვიათად – საშვილოსნოსგარე ორსულობით ან ტროფობლასტური დაავადებით (ბუშტნამქერითა და ქორიონეპითელიომით). თვითნებითი აბორტის შემთხვევაში სისხლდენის ინტენსივობა აბორტის სტადიაზეა დამოკიდებული. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, სტაციონარში მკურნალობის ტაქტიკა კი პროცესის სტადიით და ინფექციის არსებობა-არარსებობით განისაზღვრება:
-მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში კეთდება ორსულობის შემანარჩუნებელი პრეპარატები;
-მიმდინარე აბორტისა და არასრული გამოძევებისას ხდება სანაყოფე კვერცხის ნარჩენების გამოტანა.
ინფიცირებული აბორტი საჭიროებს ინტენსიურ ანტიბაქტერიულ, ინფუზიურ და მადესენსიბილიზებელ თერაპიას. ამ დროს საშვილოსნოს გამოფხეკა ხდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების (პროფუზული სისხლდენა) საფუძველზე. პროფუზული სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. სისხლდენა ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის დროს უმთავრესად გამოწვეულია პლაცენტის ნაადრევი აცლით, პლაცენტის არასწორი მდებარეობით, პლაცენტის ან მისი ნაწილის ჩარჩენით ან ნაწილობრივი შეხორცებით, რბილი სამშობიარო გზების პათოლოგიით (საშოსა და საშვილოსნოს ყელის ტრავმული დაზიანება, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების გასკდომა, ეროზია, პოლიპი და კიბო). ამ დროს სისხლდენა სუსტიც შეიძლება იყოს და პროფუზულიც.

პლაცენტის
ნაადრევი აცლა

ფიზიოლოგიური ორსულობის დროს პლაცენტა საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული და მხოლოდ ნაყოფის დაბადების შემდეგ ეცლება. მისი ნაადრევი აცლა შესაძლოა გამოიწვიოს:
-პრეეკლამფსიამ, ეკლამფსიამ, ჰიპერტონიულმა დაავადებამ, მწვავე ინფექციურმა პროცესებმა, თირეოტოქსიკოზმა – ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სისხლძარღვთა კედელში მიმდინარეობს;
-მრავალნაყოფიანმა ორსულობამ, მრავალწყლიანობამ, დიდმა ნაყოფმა – ამ დროს საშვილოსნო ზედმეტად იჭიმება, პლაცენტის მიმაგრების მთელი მოედანი თხელდება და დიდდება, რაც მის ნაადრევ აცლას იწვევს;
-საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებითმა პროცესებმა, საშვილოსნოს სიმსივნეებმა, განვითარების მანკებმა, ავიტამინოზმა – ამ დროს საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტას შორის კავშირი სუსტია, ამიტომ პლაცენტის აცლა ნაადრევად ხდება;
-ტრავმებმა (მუცელზე უშუალო ზემოქმედება), ჭიპლარის აბსოლუტურმა ან ფუნქციურმა დამოკლებამ და ასე შემდეგ.
პლაცენტის ნაადრევი აცლა შეიძლება იყოს სრულიც და ნაწილობრივიც. თუ ნაადრევი აცლა მცირე უბანზე და ორსულობის მიწურულს მოხდა, შესაძლოა, ორსულობის ბოლომდე მიტანა მოხერხდეს და პლაცენტის აცლა მხოლოდ ნაყოფის დაბადების შემდეგ აღმოაჩინონ. პლაცენტის დიდი უბნის აცლის შემთხვევაში საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტის მოცილებულ ნაწილს შორის წარმოიქმნება ჰემატომა, რომელიც იზრდება და უფრო მეტად უწყობს ხელს პლაცენტის აშრევებას. ამ დროს მოსალოდნელია როგორც შინაგანი (საშვილოსნოს ღრუში), ისე გარეგანი (გარეთა სასქესო ორგანოებიდან) სისხლდენა.
პლაცენტის აცლა დიდ საფრთხეს უქადის როგორც დედას, ისე ნაყოფს. დედას ემუქრება ძლიერი სისხლდენა და შოკი, რომელიც ხშირად სიკვდილის მიზეზად იქცევა. ნაყოფს ამ დროს ასფიქსია ემართება, ვინაიდან აცლილი პლაცენტა აირთა ცვლაში ვეღარ მონაწილეობს. ასფიქსიის საფრთხე წარმოიშობა პლაცენტის მესამედის აშრევებისას, ხოლო მისი ნახევრის და, მით უმეტეს, მთელი პლაცენტის აცლა ნაყოფის ელვისებურ სიკვდილს იწვევს.

პლაცენტის წინამდებარეობა

პლაცენტის წინამდებარეობის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
-საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი ან სიმსივნე – ამ დროს საშვილოსნოში არ არის სათანადო პირობები განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩასანერგავად, ამიტომ კვერცხუჯრედი ქვევით ეშვება და მაგრდება საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის ახლოს;
-ფალოპის მილების პერისტალტიკის გაძლიერება – ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დროზე ადრე ჩადის საშვილოსნოს ღრუში;
-საშვილოსნოს განვითარების მანკი;
-ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება), ხშირი აბორტი, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
პლაცენტის წინამდებარეობის დროს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში სისხლძარღვები მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს საშვილოსნოს ყელი ჭარბად მარაგდება სისხლით და უმნიშვნელო უხეში ზემოქმედების შედეგადაც კი სკდება. იწყება ძლიერი სისხლდენა, რომელიც ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქადის. ორსულობის ბოლოს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი ფართოვდება და იჭიმება. ამ დროს პლაცენტის ცალკეული ნაწილები მიმაგრების ადგილიდან აშრევდება, საშვილოსნო-პლაცენტის სისხლძარღვები სკდება და იწყება სისხლდენა. წინამდებარე პლაცენტიდან სისხლდენა შესაძლოა დაიწყოს ორსულობის უკანასკნელ თვეებში და გაძლიერდეს მშობიარობის დროს. ზოგჯერ სისხლდენა სამშობიარო მოქმედებასთან ერთად იწყება, ჭინთვების გაძლიერებასა და ყელის გახსნასთან ერთად იმატებს და სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს იღებს.

სისხლდენა და მშობიარობა

სისხლდენა მშობიარობის მიწურულს და ლოგინობის ადრეულ ხანაში
ფიზიოლოგიურად მიმდინარე მშობიარობის I და II პერიოდებს – საშვილოსნოს ყელის გახსნასა და ნაყოფის დაბადებას – სისხლდენა არ ახლავს თან. სისხლდენა იწყება III – მომყოლის გამოძევების – პერიოდში. ყველაზე ხშირი და საშიში გართულებები სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს.
მომყოლის გამოძევებისას სისხლდენას იწვევს:
-რბილი სამშობიარო გზების დაზიანება;
-პლაცენტის მოცილებისა და გამოძევების პათოლოგია;
-საშვილოსნოს ჰიპოტონია ან ატონია.
უპირველესად, ყურადღების ღირსია პლაცენტის მოცილებისა და გამოძევების დარღვევა. ორივე სახის დარღვევა იწვევს ჭარბ სისხლდენას. 400 მლ-მდე სისხლის დანაკარგი ქალისთვის საშიში არ არის. როდესაც დანაკარგი 500 მლ-ს აღემატება, მდგომარეობა საყურადღებოა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ორსულობის მიწურულს სისხლდენა, ჩვეულებრივ, უეცრად იწყება, ზოგჯერ – ღამით, მოსვენებისას, მცირე სისხლიანი გამონადენის ან სისხლის კოლტების სახით. შემდეგ სისხლდენა წყდება, მაგრამ შესაძლოა, განახლდეს და მშობიარობამდეც კი გაგრძელდეს. სისხლის დანაკარგი ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ქალის გადასარჩენად საჭირო ხდება ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა. ორსულობის მეორე ნახევარში სისხლდენისას აუცილებელია დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია. პლაცენტის წინამდებარეობის დროს ტარდება სამეანო ოპერაციები და სხვა სამკურნალო ღონისძიებები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდიკა დამოკიდებულია:
-სისხლდენის ინტენსივობასა და ანემიის ხარისხზე;
-სამშობიარო გზების მომზადების ხარისხზე;
-ნაყოფის მომწიფების ხარისხსა და მის მდგომარეობაზე.
უმნიშვნელო სისხლდენის დროს, რომელიც არ იწვევს მძიმე ანემიას და პრობლემებს არ უქმნის ნაყოფს, ტარდება მედიკამენტური მკურნალობა. როდესაც სისხლის დანაკარგი დიდია, დედისა და ნაყოფის გადასარჩენად საჭიროა დაუყოვნებელი ოპერაციული ჩარევა.

როგორ მოიქცეს ორსული საშოდან სისხლიანი გამონადენის შემჩნევისას

ალისფერი ლორწოვანი გამონადენი ან ალისფერი ლაქა შესაძლოა პლაცენტურ სისხლდენაზე მიანიშნებდეს. ამ შემთხვევაში ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ლორწოვანი გამონადენი სისხლის ძაფებით, ყავისფერი ლორწო ან ყავისფერი ლაქები საცვალზე ორსულობის ბოლოს საშიში არ არის. ვარდისფერი ლორწოვანი გამონადენი ტკივილის შეტევებთან ერთად შესაძლოა მშობიარობის დაწყების სიგნალი იყოს.

Facebook კომენტარები